Accessibility links

ერთი სისხლისმღვრელი ბრძოლის ისტორია


საქართველოს ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით,

ორი კვირის წინ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების მემორიალთან საპატიო ყარაულის მორიგეობა დაწესდა. ამასთან, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ეძლევა დავიწყებას 11-12 წლის წინ გადახდილი ბრძოლების ისტორია, რომლის აღწერასაც ვერც ქართველი ჯარისაკაცებისა და ოფიცრების სწავლების პროგრამებში შეხვდებით. დღევანდელ საკვირაო პროგრამაში "ჯარისკაცი და სახელმწიფო" მინდა უახლესი ისტორიის ერთი ასეთი მივიწყებული ბრძოლის პერიპეტიები გავიხსენო.


ზუსტად 11 წლის წინ, 1993 წლის 15 მარტს, გამთენიისას, ქალაქ სოხუმის მისადგომებთან სასტიკი ბრძოლები გაჩაღდა. დროებითი სიმშვიდის შემდეგ, რაც 1992 წლის სექტემბერში გაგრის დაკარგვას მოჰყვა სოხუმის ფრონტზე, ეს იყო ყველაზე ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომელიც, საქართველოს სამხედრო შტაბის მონაცემებით, რუსმა სამხედრო ინსტრუქტორებმა დაგეგმეს და კაზაკურ-აფხაზურ- ჩრდილო კავკასიურმა დაჯგუფებებმა განახორციელეს. მოწინააღმდეგის იერიშის შეჩერება თავდაპირველად არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით დაიწყო, შემდეგ კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სოხუმში განლაგებული დაჯგუფების შტაბის გადაწყვეტილებით, ბრძოლაში განგაშით წამოყენებული ქვეითი ბატალიონები ჩაებნენ. ერთ-ერთ ქვედანაყოფს - კერძოდ, "შავნაბადას" ბატალიონს - გენერალი კობა კობალაძე ხელმძღვანელობდა. აი, როგორ აღწერს იგი 10 წლის წინანდელი ბრძოლის პერიპეტიებს:

[კობა კობალაძის ხმა]

11 წლის წინ გუმისთის მისადგომებთან იბრძოდა შალვა მინდიაშვილი, რომელიც ამჯერად შეიარაღებული ძალების 113-ე ბატალიონს ხელმძღვანელობს. იგი ხშირად უამბობს თავის ახალგაზრდა მებრძოლებს, რომლებმაც აფხაზეთის ომის შესახებ არაფერი იციან, 15-16 მარტის სოხუმის დაცვის ამბებს, მით უფრო, რომ მაშინ შალვა მინდიაშვილი სულ 19 წლისა იყო.

[შალვა მინდიაშვილის ხმა]

გუმისთის ბრძოლის მსგავსი ოპერაცია 1992-93 წლების სამხედრო კამპანიის დროს თითებზე ჩამოსათვლელია. სამხედროები, მათ შორის, ოჩამჩირის, მერკულის, შრომისა და ტამიშის ოპერაციებს ასახელებენ. მაგრამ საოცარია, რომ საქართველოში ამ თითო-ოროლა ბრძოლის ისტორიაც არ დაწერილა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაკარგვამ ხაზი გადაუსვა ქართველი სამხედროების თავდადების მაგალითებს. იმ ბრძოლების მონაწილე გენერალი კობა კობალაძე ასეთ გულმავიწყობას იდეოლოგიურ ნაკლად მიიჩნევს.

[კობა კობალაძის ხმა]

1993 წლის 15-16 მარტის გუმისთის ბრძოლების მონაწილეთაგან ბევრი ცოცხალი აღარ არის, ზოგი კი მატერიალური პრობლემების ან პოლიტიკური კონიუნქტურის გამო იძულებული გახდა მიეტოვებინა სამხედრო სამსახური, რადგან შეიარაღებულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა გაცილებით იოლი აღმოჩნდა, ვიდრე ყოველდღიურ სიდუხჭირესთან, უგულისყურობასთან, რასაც ხელისუფლება ვეტერანების მიმართ იჩენს.
XS
SM
MD
LG