Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა რაოდენობის სამხედრო ძალაა კონცენტრირებული ჩოლოქთან?


მეორე დღეა მთელი საქართველო დაძაბული ყურადღებით ადევნებს თვალს ვითარებას აჭარის ადმინისტრაციულ საზღვართან, რომელიც საზოგადოების ცნობიერებაში ნელ-ნელა

ფრონტის ხაზთან ასოცირდება. თუმცა, როგორც ირკვევა, ძალთა დემონსტრირების ის პოლიტიკა, რასაც ადგილი აქვს მდინარე ჩოლოქთან, გაცილებით ადრე დაიგეგმა. საქართველოს სამხედრო ძალები ყაზარმულ რეჟიმზე ოთხშაბათს გადავიდნენ, აჭარაში კი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გასული წლის 23 ოქტომბრის შემდეგ რამდენჯერმე გამოცხადდა. თანაც, აჭარის ხელისუფლება დღეს ბევრად მეტ შეიარაღებას ფლობს, ვიდრე აფხაზი სეპარატისტები ფლობდნენ 1992-93 წლებში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ საკუთარი მომხრეებისგან თავდაცვითი რაზმების ჩამოყალიბება 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მაშინ ჯერ კიდევ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარე ჯემალ გოგიტიძე არ მალავდა, რომ მისი მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდა "ნაციონალურ მოძრაობას" და მის ლიდერ მიხეილ სააკაშვილს.

[ჯემალ გოგიტიძის ხმა] "ხალხში საბრძოლო განწყობაა. ჩვენ ლოყის შეშვერას არ ვაპირებთ, მით უფრო, სააკაშვილზე."(სტილი დაცულია)

ამ საუბრიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ კანონიერი პრეზიდენტის დასაცავად ასლან აბაშიძის მომხრეები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, შეიკრიბნენ. "აღორძინების" მშვიდობიან აქციაზე, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად, ჩამოყვანილი იყო ბათუმის შინაგანი ჯარის ასეულიც. მაგრამ ამ ფაქტს მაშინ შეფასება არ მისცემია. დღეს ეს შეიარაღებული ქვედანაყოფი გამოსულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებიდან, რაც ჩვენთან საუბარში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ სომხეთში ყოფნის დროს დაადასტურა.

[გიორგი ბარამიძის ხმა] "არა, არ გვექვემდებარებიან. ფინანსდებიან, ნაწილობრივ, ცენტრალური ბიუჯეტიდან და, ნაწილობრივ, აჭარის ადგილობრივი ბიუჯეტიდან."

რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 25-ე მოტომსროლელ კადრირებულ ბრიგადას, იგი მთელი "ხავერდოვანი რევოლუციის" დღეებში ინარჩუნებდა ლოიალობას ცენტრალური ხელისუფლების მიმართ. ეს დადასტურდა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პირველ აღლუმზე ბათუმში, როდესაც გარნიზონის მეთურმა პატაკი სწორედ მიხეილ სააკაშვილს ჩააბარა. თუმცა დღეს უკვე საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს 25-ე ბრიგადამ დაუმორჩილებლობა გამოუცხადა უმაღლეს მთავარსარდალს. თუმცა ეს ინფორმაცია ჩვენთან ინტერვიუში გადაჭრით უარყო ბრიგადის მეთაურმა, გენერალმა როინ დუმბაძემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების აქტიური მონაწილეა.

[როინ დუმბაძის ხმა] "მასეთი რამე რომ ყოფილიყო, მე დავწერდი პატაკს და ჩავაბარებდი თავდაცვის მინისტრს. აქედან იწყება ყველაფერი, სპეციალურად უნდათ, რომ ამაგორონ მე."

ალბათ, საკუთარ ყაზარმებში დარჩება ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში არსებული საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საგუშაგოები, მაგრამ უშიშროების მინისტრის ზურაბ ადეიშვილის თქმით, აჭარის ტერიტორიაზე არსებობს უამრავი შეიარაღებული რაზმი, რომელიც პირადად ასლან აბაშიძეს ექვემდებარება და რომლებმაც გადაუჭრეს კიდეც გზა საქართველოს პრეზიდენტის კორტეჟს ჩოლოქის ადმინისტრაციულ საზღვართან.

[ზურაბ ადეიშვილის ხმა] "სპეცრაზმები, რომელთა საერთო რაოდენობაც ათასს აღემატება, საკმაოდ გაწვრთნილია და როგორც აჭარის უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე ავტონომიის მეთაურის პირად დაქვემდებარებაში არიან. ამასთან,აღნიშნული სპეცრაზმები ბოლო წლების განმავლობაში აიარაღებდნენ და ქმნიდნენ სახალხო რაზმებს, რომელთაც უმეტეს შემთხვევაში კრიმინალები ხელმძღვანელობენ. ყველა რაიონში და უმეტეს სოფლებში არის საძმოები, რომელთა რაოდენობა ათასიდან ათას ხუთასამდეა, არ არიან ძალიან კარგად გაწვრთნილნი, თუმცა მათ საკმარისი შეიარაღება აქვთ."


ამას ემატება რამდენიმე მძიმე ერთეული საბრძოლო ტექნიკა და ჯავშანმანქანა, რომლებიც პატრულირებენ აჭარის ქუჩებში. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში არსებული საბრძოლო პოტენციალი გაცილებით აღემატება აჭარის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ძალას. მაგრამ როგორც ექსპერტი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, თუ ძალის დემონსტრირება ჩოლოქთან სამხედრო შეტაკებაში გადაიზარდა, მას სერიოზული მასშტაბები ექნება და სამოქალაქო, მშვიდობიანი მოსახლეობისათვის მეტად მძიმე შედეგები მოჰყვება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG