Accessibility links

logo-print

"იღბლიანი" - 30


30 წლის წინ მსოფლიო ეკრანებზე შედგა პრემიერა

ბრიტანელი რეჟისორის ლინდსეი ანდერსონის ფილმისა "იღბლიანი", რომელიც თავიდანვე მიიჩნიეს სტენლი კუბრიკის სახელგანთქმული სურათის "მექანიკური ფორთოხლის" კინოალტერნატივად, მით უმეტეს, რომ ორივე ფილმში მთავარ როლს ერთი და იგივე მსახიობი, მალკომ მაკდოუელი, ასახიერებდა. ამავე წელს "იღბლიანის" ასლი არალეგალურად დაბეჭდეს მოსკოვში, შემდეგ კი თბილისის კინოს სახლში ეგრეთ წოდებულ "დახურულ ჩვენებაზე" წარმოადგინეს. ცოტა ხანში ლინდსეი ანდერსონის ფილმი, მნიშვნელოვანი კუპიურებით, საბჭოთა კინოგაქირავებაში მოხვდა; "იღბლიანი", ცხადია, პროპაგანდისტული მიზნით შეისყიდეს, იმის საჩვენებლად, რომ "კაპიტალისტურ სისტემაში დასამკვიდრებლად ადამიანი იძულებულია უარი თქვას საკუთარ თავზე". ლინდსეი ანდერსონის ფილმი დღეს "პოსტკომუნისტურ საზოგადოებას" უფრო ააღელვებს - სურათის გმირი მაიკლ ტრევისი ძალიან ჰგავს იმათ, ვისაც "ახალ ქართველებს" უწოდებენ.

[მუსიკა. ალან პრაისი]

30 წლის წინ, როცა თბილისის კინოს სახლში ლინდსეი ანდერსონის "იღბლიანის" დახურული პრემიერა შედგა, 70-იან წლებს "ზასტოის", ანუ "უმოძრაობის" ხანას, ჯერ არავინ უწოდებდა, თუმცა "ბრეჟნევის ეპოქა" უკვე დაწყებული იყო. ამიტომაც ბევრი გააკვირვა მხატვრული და მორალური თვალსაზრისით უაღრესად თამამი ბრიტანული ფილმის საბჭოთა კინოთეატრების ეკრანებზე ჩვენებამ. კინოს ჩვეულებრივმა მოყვარულმა, განსხვავებით იმისგან, ვინც კინოს სახლში ნახა "იღბლიანი", არ იცოდა, რომ ლინდსეი ანდერსონის სურათი შეიძლებოდა "გინესის რეკორდების" წიგნში მოხვედრილიყო: კინოგაქირავების იდეოლოგებმა ხომ მთელი 45 წუთით შეკვეცეს ანდერსონის ფილმი - რა თქმა უნდა, ამოჭრეს ეროტიკული სცენები, აგრეთვე "ორაზროვანი ეპიზოდები", რომელსაც შეეძლო დაებნია საბჭოთა მაყურებელი და, რაც მთავარია, სასწრაფოდ ამოიღეს ფილმიდან ავტორის ანტიკლერიკალური პოზიციის გამომხატველი სცენები: ათეისტები რატომღაც ანგლიკანური ეკლესიის დამცველების როლში მოგვევლინენ - მაგალითად, საბჭოთა მორალისთვის მიუღებლად იქნა მიჩნეული სცენა ტაძარში, სადაც სოფლის მეძავმა სურათის გმირს, როგორც ჩვილს, ისე "აჭამა ძუძუ", კვერთხი უსახსოვრა და ახლა უკვე მწყემსის "ნიღაბმორგებულ" მაიკლ ტრევისს გზა დაულოცა.

ნიღბებს "იღბლიანში" განუწყვეტლივ იცვლიან. ერთი და იგივე მსახიობები აქ განსხვავებულ როლებს თამაშობენ, თანაც ისე, რომ მაინცდამაინც არ მალავენ თავიანთ გარეგნობას: სოფლელი მეძავი, მაგალითად, ჭეშმარიტი მორალისთვის მებრძოლი რომელიღაც რელიგიური სექტის წევრის ან კეთილშობილი ბრიტანელი არისტოკრატი ქალბატონის როლში გვევლინება. ერთი და იგივე მსახიობი ხან პროკურორის როლს თამაშობს, ხანაც ნარკოტიკებით მოვაჭრეა. ლინდსეი ანდერსონის ფილმი არა მარტო პირდაპირი გაგრძელებაა აღორძინების ეპოქის ინგლისური და ფრანგული სატირის ტრადიციებისა, ეს არის ოცდამეერთე საუკუნის კინოხელოვნების, ეგრეთ წოდებული "კინოპოსტმოდერნიზმის", წინასწარმეტყველებაც - მხატვრული სინამდვილის გარდაქმნა დღესასწაულად, დიდ თამაშად, რომელშიც იმარჯვებს ის, ვისაც ღიმილი შეუძლია... და რაც უფრო მეტად "ისულელებს" თავს ასეთი თამაშის მონაწილე, მით უფრო მეტს აღწევს ცხოვრებაში, მით უფრო "იღბლიანი" ხდება. თავად ავტორს კი ისღა რჩება, გაემიჯნოს ამ კონსტრუირებულ დღესასწაულს, ამ ბალ-მასკარადს და მაყურებელსაც შეახსენოს, რომ უყურებს არა "ცხოვრებას", არამედ თამაშს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას მაყურებლის იდენტიფიკაცია გმირთან, საერთოდ, ეკრანულ სამყაროსთან. ხელოვნება თავისუფლდება მანიპულატორის თუ აღმზრდელის, მასწავლებლის ძველთაძველი როლისგან, ხელოვნება არ "იტაცებს" მაყურებელს, არ ართმევს მას საკუთარ თავს. ამისათვის ლინდსეი ანდერსონი მრავალ ხერხს იყენებს, რომელთაგანაც ყველაზე ეფექტური, რა თქმა უნდა, ბერტოლდ ბრეხტის ესთეტიკა, კერძოდ კი, 70-იანი წლების პოპულარული მუსიკოსის ალან პრაისის სიმღერების, უფრო სწორად, "ზონგების" ჩართვაა - მომღერალი თავის თავს განასახიერებს "იღბლიანში", სხვა მსახიობისგან განსხვავებით, არ იცვლის ნიღაბს და ანსამბლის მუსიკოსებთან ერთად მოქმედების კომენტატორის როლში გვევლინება.

[მუსიკა: ალან პრაისი]

ლინდსეი ანდერსონის მიერ გამოხატული ახალგაზრდა კომივოიაჟორის ეს მოგზაურობა, მაიკლ ტრევისის ხეტიალი ბრიტანეთის კუნძულზე, დასავლურმა საზოგადოებამ გულუბრყვილო რომანტიკოსის კონფორმისტად ჩამოყალიბების პროცესად აღიქვა. 90-იანი წლების დასაწყისში, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ლინდსეი ანდერსონი ჩამოვიდა ქვეყანაში, რომელსაც ჯერ კიდევ "საბჭოთა კავშირი" ერქვა და განაცხადა: აღმოჩნდა, რომ "იღბლიანი" აქ უფრო დიდი წარმატებით გავიდა ეკრანებზე, ვიდრე ინგლისშიო. "კონფორმიზმი დასავლელი ადამიანის ფსიქოლოგიის განმსაზღვრელ მხარედ იქცევა, - აღნიშნა "იღბლიანის" რეჟისორმა, - დისიდენტობა, ტრადიციული ფასეულობების მიმართ ოპოზიცია ნელ-ნელა სრულიად არაპოპულარული ხდება, ამიტომაც ანიჭებენ ბრიტანელები უპირატესობას მარგარეტ ტეტჩერს."

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იყო დასავლელი მემარცხენის განცხადება. თავისი ზოგიერთი თანამემამულისგან განსხვავებით, "იღბლიანში" ლინდსეი ანდერსონი სულაც არ ცდილობს სოციალისტური იდეალების დამკვიდრებას. პირიქით, იგი განუწყვეტლივ ქილიკობს "საყოველთაო თანასწორობისა და ძმობის იდეაზე". მას შემდეგ, რაც დასრულდება ბრიტანულ "სოციალურ კიბეზე" მაიკლ ტრევისის ზეასვლა, მას შემდეგ, რაც მალკომ მაკდოუელის გმირი დასავლური მართლმსაჯულების მსხვერპლი გახდება, იგი მარქსისა და გორკის თხზულებების კითხვას იწყებს. მაგრამ აღმოჩნდება, რომ "სოციალისტური სამოთხეც" უტოპია ყოფილა. "სოციალისტური იდეალებიც" - კონფორმიზმს და მოჩვენებით კეთილდღეობას ამკვიდრებს თურმე. რაც უფრო ახლოვდება ფილმის ფინალი, მაყურებელი დარწმუნებული ხდება, რომ მაიკლ ტრევისს მოუწევს გააკეთოს არჩევანი "ცუდსა და უარესს შორის". მაგრამ არჩევანი არ ხდება - ტრევისი მოულოდნელად ხვდება კინოგადაღებაზე, სადაც ლინდსეი ანდერსონი მას მთავარ როლზე ამტკიცებს; ტრევისი ისევ იღიმება. იწყება "იღბლიანის" გადაღება.

[მუსიკა]

"მე არც მაძღარი კაპიტალიზმი მაკმაყოფილებს - აღნიშნავდა ლინდსეი ანდერსონი - და არც ღატაკი სოციალიზმი. ამიტომაცაა, რომ ჩემი ფილმები არც "მემარჯვენეებს მოსწონთ და არც "მემარცხენეებს". ამაშია ჩემი, როგორც პიროვნების, დრამა და ჩემი ხსნა, როგორც შემოქმედისა, მხატვრისა."

რა გამოდის? რომ ხსნა მხოლოდ შემოქმედებაში, ე.ი. დღესასწაულში, ბალ-მასკარადში ყოფილა? და თუ ასეა, რით შეიძლება დაეხმაროს 30 წლის წინ გადაღებული ლინდსეი ანდერსონის ფილმი ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის იმ საზოგადოებას, რომელიც ჯერჯერობით ვერ აკეთებს არჩევანს "ცუდსა და უარესს შორის"?

"იღბლიანს", რომელიც საქართველოში დღესაც "საკულტო ფილმად" ითვლება, ერთი რამ შეუძლია მხოლოდ უთხრას ამ ხალხს - "ნურასოდეს დაკმაყოფილდებით იმით, რაც უკვე მიღწეულია, მაგრამ იმის იმედიც არ გქონდეთ, რომ ოდესმე "სამოთხეს" შექმნით ამ პლანეტაზე... ბედნიერება წარმავალია, მაგრამ სწორედ ამაშია სიცოცხლის მშვენიერება, სწორედ მოძრაობა, ცვლილება, შემოქმედება განსაზღვრავს ცხოვრების არსს."
XS
SM
MD
LG