Accessibility links

logo-print

რა სადამსჯელო ქმედებებს გაატარებს ცენტრალური ხელისუფლება აჭარის ლიდერის წინააღმდეგ?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ასლან აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს - ამის თაობაზე აჭარის მეთაურმა ბათუმში მყოფ რუს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, დაუშვებელია, პრეზიდენტი ულტიმატუმის ენით ელაპარაკოს რეგიონის ხელმძღვანელს, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული. რეგიონის ხელმძღვანელის დაუმორჩილებლობის პირობებში, რა ქმედებების გატარებას გეგმავს ცენტრალური ხელისუფლება?

14 მარტს ფოთში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა, თუ რა მოთხოვნებს უყენებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს: პირველი - პრეზიდენტისა და მთავრობის წევრებისთვის აჭარის ტერიტორიაზე გადაადგილებისა და ხალხთან შეხვედრის უფლება; მეორე - თითოეულ ადამიანს მიეცეს იმის საშუალება, რომ თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი; მესამე - აჭარის ტერიტორიაზე შეიქმნას პირობები ღია და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად; მეოთხე - დაიწყოს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება; მეხუთე - მიეცეს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას საზღვრის, კომუნიკაციებისა და პორტის კონტროლი.

ამ პირობების შესრულებას ასლან აბაშიძე არ აპირებს. შესაბამისად, ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწევს თავისი მუქარის შესრულება და აჭარის ხელმძღვანელის ბლოკადაში მოქცევა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება იძულებული იქნება, გადაკეტოს დანაშაულებრივი რეჟიმის დაფინანსების საშუალებები. ამ მიზნით, დაიკეტება ბათუმის აეროპორტი, სარფის გამშვები პუნქტი, ბათუმის პორტი, გაიყინება აჭარაში რეგისტრირებული ყველა იურიდიული პირის ანგარიშები საზღვარგარეთ.

რამდენად შესაძლებელია ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება - მაგალითად, სარფის გამშვები პუნქტის დაკეტვა? - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ ანთაძის განმარტებით, ეს სავსებით შესაძლებელია:

[მერაბ ანთაძის ხმა] " როდესაც მიღებულ იქნება ეს გადაწყვეტილება - ან პრეზიდენტის განკარგულებით ან მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, რომელსაც ველოდებით - ჩვენ ამას ვუგზავნით სულ ყველას - პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეზობლებს - და არა მხოლოდ ვუგზავნით, არამედ ვესაუბრებით აქ, ადგილზე, და დედაქალაქებში, ვუხსნით ამ სიტუაციას და ამ განკარგულებას ნოტით ვაწვდით. აი, ეს არის ტექნიკური მხარე."(სტილი დაცულია)

ასევე, გარკვეულია უცხოეთში იურიდიული პირების ანგარიშების გაყინვის ტექნიკური მხარე. საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა ცუცქირიძის განმარტებით, ამას საერთაშორისო სამართალი არეგულირებს:

[გოგიტა ცუცქირიძის ხმა] " ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებას, რომ ის არის საშიში, დავუშვათ, როგორც ქვეყნისთვის, ისე გარე სამყაროსთვის. მაშინ ჯერ ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებას მისი ანგარიშების გაყინვაზე - შესაბამისი დეკრეტიც შეიძლება გამოიცეს - ამის გარდა, აცნობებს ყველა ქვეყანას, სადაც მას შეიძლება ჰქონდეს ანგარიშები, მის ყველა მოკორესპონდენტო ბანკს, რომ მისი აგნარიშები იყოს ბლოკირებული და გაყინული."

როგორც ჩანს, ცენტრალური ხელისუფლების მუქარა მხოლოდ ვერბალურ მუქარად არ დარჩება - კარგად ინფორმირებული პირის ცნობით, უკვე მზადდება დეკრეტები თურქეთთან სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვისა და უცხოეთში ასლან აბაშიძესთან დაახლოებული პირების საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ.
XS
SM
MD
LG