Accessibility links

logo-print

აჭარის ხელმძღვანელობასა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა


აჭარის ხელმძღვანელობასა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დაძაბულობამ ლამის კულმინაციურ ზღვარს მიაღწია.

ასლან აბაშიძემ უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმის შესრულებაზე, ის ავტონომიის ტერიტორიაზე ქვეყნის პრეზიდენტის შეშვებას მხოლოდ რამდენიმე პირის თანხლებით დასთანხმდა. პასუხად, მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ფოთში გამაგრებული მიხეილ სააკაშვილი თბილისში გამობრუნდა. ფოთში პრემიერ-მინისტრი დარჩა. იქ საქართველოს მთავრობამ შექმნა ანტიკრიზისული ცენტრი აჭარის რეჟიმის წინააღმდეგ სხვადასხვა ეკონომიკური სანქციების შესამუშავებლად და მათ ასამოქმედებლად. რა განწყობილებაა აჭარაში, რა ხდებოდა და რა ხდება იქ, იმ დროიდან მოყოლებული, რაც პრეზიდენტი და მისი ამალა ჩოლოქიდან უკან გამოაბრუნეს?

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, 15 მარტს ჩოლოქთან ასლან აბაშიძის მომხრეების, შეიარაღებული და შეუიარაღებელი ადამიანების კონცენტრაცია ხდებოდა. ისინი იქ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან ავტონომიისა და მისი მეთაურის დასაცავად მიდიოდნენ.

[სულხან ხაბაძე] "ისინი დგანან და იდგებიან იქ, დაიცავენ მშვიდობას, ავტონომიის ინტერესებს და ავტონომიის მეთაურს. ასეთი განწყობილებაა მოსახლეობის 80 პროცენტში. "

ეს იყო აჭარაში მოქმედი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი სულხან ხაბაძე. ჩოლოქთან, მის იქით და აქეთ შექმნილ დაძაბულობაში ის ცენტრალურ ხელისუფლებას ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ ამით აჭარის მოსახლეობის 80 პროცენტის პოზიციას გამოხატავს.

[სულხან ხაბაძის ხმა] "ხარვეზები ყველას გვაქვს, მაგრამ არ შეიძლება ასე. რატომ მოდიან იარაღით, ვერ გამიგია. ჩვენი ხელისუფლება არ არის ეროვნული და უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედებს. იმედები გვაქვს, საერთოდ, გაცრუებული. "

ვინ არიან ეს იმედგაცრუებული ადამიანები და რამდენნი არიან ისინი, ძნელი გასარკვევია. ოღონდ აჭარაში აჭარის ხელისუფლებისგან იმედგაცრუებულებიც მრავლად არიან:

[ევგენი თავდგირიძის ხმა] "პრეზიდენტის მოქმედებას უმრავლესობა მოსახელობისა დადებითად აფასებს. ფიქრობენ, რომ შეუძლებელია აჭარაში დემოკრატიული პროცესების განვითარება, თუ სააკაშვილი აჭარის ხელმძღვანელობის მიმართ პრინციპულ პოზიციას არ დაიჭერს. "

ეს იყო ჩვენი ბათუმელი კორესპონდენტი ევგენი თავდგირიძე. ისეთი განწყობილების მქონეთ, როგორზეც მან ისაუბრა, ბათუმში ორშაბათს სასტიკად გაუსწორდნენ. იქ უნივერსიტეტის შენობის წინ მიმდინარე სტუდენტთა საპროტესტო აქცია დაარბიეს. ეს დაახლოებით საღამოს 17 საათსა და 20 წუთზე მოხდა, მას შემდეგ, რაც გაერთიანება "ჩვენი აჭარის" აქტივისტებმა სტუდენტთა აქციისთვის სოლიდარობის გამოცხადება გადაწყვიტეს. ნაცემი სტუდენტების ნაწილმა თავი ოპოზიციური გაერთიანების ოფისს შეაფარა. "ჩვენი აჭარის" ლიდერს თამაზ დიასამიძეს ჩვენ სტუდენტების დარბევამდე ვესაუბრეთ. მან აგვიწერა, რა მდგომარეობა იყო ორშაბათს ბათუმში და არამარტო იქ:

[თამაზ დიასამიძის ხმა] "ბათუმის უნივერსიტეტის წინ 8 ტყვიამფრქვევია დაწყობილი. რომ გაუყვეთ ბათუმიდან ქობულეთისკენ, ყველა მოსახვევში ან ჯავშანტრასპორტიორს შენიშნავთ, ჯარისკაცებთან ერთად, ან მაღლობებზე განლაგებულ ტყვიამფრქვევებს, სნაიპერებთან ერთად. "

თამაზ დიასამიძის ინფორმაციით, ორშაბათს სარფის მიმართულებით რუსეთის ბაზის კუთვნილი ჯავშანტექნიკის გადაადგილებასაც ჰქონდა ადგილი.
XS
SM
MD
LG