Accessibility links

logo-print

გაიმართება თუ არა პარლამენტის რიგგარეშე საგანგებო სხდომა?


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვართან ვითარების გამწვავებისთანავე თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ, დეპუტატების ერთი ნაწილი შეიკრიბა

და საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა. ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა ხელმოწერების შეგროვებაც კი დაიწყეს, რის გარეშეც წარმოუდგენელია უკვე დახურული საკანონმდებლო ორგანოს სესიის გახსნა. რატომ გადაწყვიტეს 1999 წლის მოწვევის პარლამენტის წევრებმა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ კვლავ შეკრება?

როგორც ცნობილია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვართან ვითარების გამწვავების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის საზღვაო აკვატორიის სამხედრო კატარღებით ბლოკირებისა და საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტის ასეთი გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას წააგავს, მაგრამ იგი ამის ოფიციალურად გაკეთებას ერიდება. საქართველოს დაშლილი პარლამენტის დეპუტატთა ერთი ჯგუფი კი პრეზიდენტის ამ სამართლებრივად ჯერჯერობით განუმარტავი ნაბიჯების ახსნას მოითხოვს:

[ადა მარშანიას ხმა] "როდესაც ასეთი დაძაბული მდგომარეობაა რეგიონში და ომის პირას დგას მოსახლეობა, პარლამენტი, გინდ ქმედუუნარო, უნდა შეიკრიბოს და რაღაც მოიმოქმედოს. ჩვენ გვინდა პრეზიდენტი, ბოლოს და ბოლოს, მოვიდეს პარლამენტში და აგვიხსნას, რას აპირებს, როგორ აპირებს და ის, როგორც დააპირა, რას გავს ის." (სტილი დაცულია)

ეს იყო დეპუტატ ადა მარშანიას კომენტარი. იგი ერთ-ერთი ინიციატორია პარლამენტის რიგგარეშე საგანგებო სხდომის მოწვევისა, თუმცა ამისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება პრობლემებს აწყდება, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ 20 დეპუტატის თანხმობაა დაფიქსირებული. საგანგებო სესიის მოწვევის კიდევ ერთი ინიციატორი, სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ზაქარია ქუცნაშვილი, ასე ხსნის სესიის მოწვევის აუცილებლობას:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა]

თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჭარის ადმინისტრაციული საზღვრიდან თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა, ჯარების გამოყენებაზე პარლამენტის ნებართვის საკითხმა აქტუალობა დაკარგა, თუმცა პარლამენტარ ვახტანგ ხმალაძეს მიაჩნია, რომ ძველი პარლამენტის სხდომის მოწვევა მაინც სასარგებლო იქნებოდა:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა]

მიუხედავად ოპოზიციონერი დეპუტატების ასეთი პოზიციისა, ახალი საპარლამენტო არჩევნების წინ ძველი, დათხოვნილი, პარლამენტის სესიის განახლება მიუღებლად მიაჩნია მმართველ პოლიტიკურ ძალას. მისი ერთ-ერთი ლიდერის, ვასილ მაღლაფერიძის, განცხადებით, პარლამენტის სხდომის მოწვევის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს:

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა]

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პარლამენტის სხდომის მოწვევის ინიციატორებს ამისათვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება უჭირთ, ნაკლებად სავარაუდოა ახალი პარლამენტის არჩევამდე საკანონმდებლო ორგანოში სხდომები გაიმართოს.
XS
SM
MD
LG