Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობენ თბილისელები "აჭარის მოვლენებთან" დაკავშირებით?


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებული მოვლენები, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების გარდა, საქართველოში მცხოვრები რიგითი ადამიანების შეშფოთებასაც იწვევს.

თავად განსაჯეთ: აჭარასთან დაკავშირებული კრიზისი ორშაბათს ქუჩაში გამოსული თბილისელების მთავარ სასაუბრო თემად იქცა. რას ფიქრობენ თბილისელები, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის რა გზებს ხედავენ და რა რჩევებს აძლევენ დაპირისპირებულ მხარეებს?

ცხადია, პოლიტიკოსებს აზრის გამოთქმა ვერავინ დაასწრო. ოპოზიცია და "მოქალაქეთა კავშირის" ყოფილი წევრები ჩოლოქის ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებულ მოვლენებს ჯერ კიდევ გუშინ "კინოს სახლში" შეკრებითა და პარლამენტის წინ სახელდახელოდ გამართული მიტინგით გამოეხმაურნენ. გუშინვე გაცხადდა გრანდიოზული საპროტესტო მიტინგის გამართვის დრო და ადგილი. თუმცა 15 მარტს, დღის პირველი საათისათვის, ფილარმონიის შენობის წინ სულ რაღაც 100-150 კაცი შეიკრიბა.

[ისმის ხმები] "თქვენ ეწევით აგიტაცია-პროპაგანდას... დაცვით წავიდა სააკაშვილი, იმან კი იარაღიანი ხალხი დაახვედრა... შენ რა იცი?"

აქვე იყვნენ მიტინგის ორგანიზატორები. ირაკლი წერეთელმა, ცენტრალური ხელისუფლების კრიტიკის გარდა, ასლან აბაშიძის პიროვნულ თვისებებზეც ისაუბრა:

[ირაკლი წერეთლის ხმა] "ასლან აბაშიძე რომ პროვოკატორია, ახლა გაიგეთ? ასლან აბაშიძე ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შენარჩუნებისათვის."

გელა კვარაცხელია, "მოქალაქეთა კავშირის" ყოფილი წევრი და სამცხე-ჯავახეთის ექს-გუბერნატორი, შექმნილ ვითარებაში ცალსახად თბილისს ადანაშაულებს:

[გელა კვარაცხელიას ხმა] "ყველა პირობა არსებობდა საიმისოდ, რომ აჭარასთან მიმართებაში წარმოქმნილი პრობლემები გადაჭრილიყო მშვიდობიანი (პირველ რიგში) და სამართლებრივი გზით."

გურამ შარაძე კი ჩოლოქთან შეკრებილ ადამიანებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებდა:

[გურამ შარაძის ხმა] "მივიდნენ დღესვე ილია ჭავჭავაძისა და მემედ აბაშიძის ძეგლებთან ბათუმში და ყვავილებთან ერთად ეს იარაღიც იქ დაყარონ, ილიას და მემედის ფეხქვეშ, ან იმათ მიუყარონ (არ ესროლონ), ვინც მათ ეს დაურიგა. "

მიტინგის ორგანიზატორთა შორის არ ყოფილა მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, თუმცა ჩემთან ინტერვიუში მან ასევე ვითარების მშვიდობიან განმუხტვაზე გაამახვილა ყურადღება:

[მამუკა არეშიძის ხმა] "მე ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ ასლან აბაშიძის კუთხეში მიმწყვდევა არაფრით არ შეიძლება - გამოსავალი უნდა დაუტოვო. აი, გამოსავლის დატოვების ვარიანტი უნდა მოინახოს... გამოსავალი, მე მაინც ვფიქრობ, ერთი არის: პირადი მოლაპარაკება ორივე მხარის, უცხოელი ჩვენი მეგობარი ქვეყნების სერიოზული ჩართვით... ესე იგი, ასლან აბაშიძემ აუცილებლად უნდა დათმოს და ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს."(სტილი დაცულია)

დათმობაში მამუკა არეშიძე აჭარის ტერიტორიაზე სამართლიანი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.

კომპრომისისა და დათმობის აუცილებლობაზე საუბრობენ რიგითი თბილისელებიც.

ისმის ხმები:

[მამაკაცის ხმა] "არ უნდა წასულიყო ჯარით!"

[მამაკაცის ხმა] "ვისი ბრალია და ასლანასი! ... რა უნდა ქნან და უნდა შერიგდნენ და უნდა იყოს სიწყნარე."

[ქალბატონის ხმა] "არაფრით არ შეიძლება. ყველა უნდა გაჩერდეს, იარაღი დადოს, ცოტა ხნით მოითმინონ და დიალოგის გზით გადაწყვიტონ."

[მამაკაცის ხმა] "მე პრეზიდენტს ცოტა სიდინჯეს ვურჩევდი უფრო. პატარა ბავშვივით არ უნდა მოიქცეს. მე ვფიქრობ, რომ ასე მოიქცა იმ დღეს. ასლანსაც უფრო მეტი მოეთხოვება, ის უფრო დიდია და უფრო ასაკიანია." (სტილი დაცულია)

რიგითი თბილისელების მსგავსად, პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას ითხოვენ ის სტუდენტები, რომლებიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში მეორე დღეა, რაც შიმშილობის აქციას მართავენ. თუმცა მისწვდება თუ არა მათი ხმა ხელისუფლების მწვერვალებს, ძნელი სათქმელია. იარაღის ჟღარუნში ხომ თითქმის აღარაფერი ისმის.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG