Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა თბილისსა და ბათუმს შორის და საერთაშორისო საზოგადოებრიობა


ე.წ. "ვარდების რევოლუციიდან" მოყოლებული მიხეილ სააკაშვილთან ერთად

საერთაშორისო საზოგადობრიობაც შეეჩვია მოვლენათა ერთგვარ ტრიუმფულ განვითარებას. ევროპის ლიდერებიცა და შეერთებული შტატების ხელისუფლებაც ერთსულოვნად იზიარებდნენ ამგვარ განწყობას, მათ შორის - კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზირისით (თუ არ ჩავთვლით თავშეკავებულ კრიტიკას), აგრეთვე საქართველოს ხელისუფლების აჭარის ლიდერთან ურთიერთობის შეცვლის თვალსაზრისითაც. როგორც ჩანს, ახლაც, როცა ვითარება გართულდა და მას ტრიუმფულობის აღარაფერი ეტყობა, კვლავ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს ახალი ხელისუფლების განწყობათა თანხვედრასთან გვაქვს საქმე.

ამ განწყობას მოცემულ ეტაპზე სინანული შეიძლება დავარქვათ - სინანული იმის გამო, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე აშკარა საფრთხის წინაშე დადგა სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში. საერთაშორისო საზოგადოებრიობა ჯერ კიდევ ნოემბრის მოვლენებიდან დაწყებული სიამოვნებით იზიარებდა საქართველოს ახალი პრეზიდენტის შემართებასა და ოპტიმიზმს, მათ შორის აჭარის თაობაზეც. ამას ისიც დაერთო, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში სამხედრო აღლუმი მიიღო. მაშინდელი სატელევიზიო კადრებითა და მოკლე კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ვერ ვიტყვით, რომ მაშინ სააკაშვილსა და აბაშიძეს შორის სრული ურთიერთგაგება სუფევდა. ურთიერთგაგებასა და მეგობრობაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ ევროპაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა თვენახევრისწინანდელი მოვლენა ჩვენი რადიოსთვის მაშინ ასე განმარტა:

[სააკაშვილის ხმა]
"ვთქვი, რომ მივიღებ და თავიდან იბუზღუნეს, მაგრამ სხვა რა გამოსავალი ჰქონდათ. თავდაცვის მინისტრმა მიიღო ჩვეულებრივი ბრძანებულება და მივიღეთ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უმაღლესი მთავარსარდალი იქ ვარ მე და ეს დავამტკიცეთ".

ის, რომ აჭარასთან ურთიერთობა ასე ერთი ხელის მოსმით არ აწყობილა, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ სულ მალე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში ვიზიტისას დაინახა. ორიოდე დღის წინ ვითარების დაძაბვისთანავე მან წერილობით გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება. კერძოდ, ვალტერ შვიმერმა გამოთქვა შეშფოთება თბილისსა და ბათუმს შორის ვითარების დაძაბვის გამო და აღნიშნა: "მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და აჭარის ავტონომიის მეთაურ ასლან აბაშიძეს თავი შეიკავონ ძალადობისგან და შეუდგნენ ჭეშმარიტ დიალოგს, და არა - სიტყვებით ორთაბრძოლას. საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა და პატივი უნდა სცეს დემოკრატიის კანონებს", - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი შეგვახსენებს, რომ საკუთარი პოზიციების გამოხატვა შესაძლებელია სიტყვით და არ არის საჭირო მუშტების, ჯოხებისა და იარაღის გამოყენება. კამათის შედეგი კი არჩევნებმა უნდა აჩვენოს.

დღესაც ვალტერ შვიმერი თებერვალში, საქართველოში ვიზიტისას გამოთქმულ შეთავაზებას შეახსენებს თბილისსა და ბათუმს. გენერალურ მდივანს სურს, რომ ორივე მხარემ წარმოადგინოს ურთიერთობის განმუხტვის საკუთარი პროექტი, რომლებსაც ევროპის წამყვანი ექსპერტები განიხილავენ. ევროპის საბჭოს შეთავაზება ერთია, მაგრამ მეორეა ის, თუ რამდენად მისაღები იქნება ეს მხარეებისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ისურვოს ვინმეს ჩარევა ბათუმთან ურთიერთობის მოგვარებაში, რადგან ეს ერთგვარად სტატუსს შეუცვლიდა ამ ურთიერთობას. მეორე - საქართველოს ახალი ხელისუფლება ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ პრობლემაა არა რეგიონთან და მის მოსახლეობასთან, არამედ - ასლან აბაშიძესთან ურთიერთობაში.

ევროსაბჭოს გარდა საქართველოს ხელისუფლებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს არსებული დაძაბული ურთიერთობის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად დახმარებას სთავაზობს თურქეთის ხელისუფლებაც. საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: "თურქეთი ელოდება, რომ საქართველოს მთავრობასა და აჭარის ხელმძღვანელობას შორის ბოლო დღეებში შექმნილი დაძაბულობა მხარეების ჯანსაღი და კეთილგონივრული პოზიციების შედეგად, საქართველოში დიდი წარმატებით მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესის თანმხვედრი მშვიდობიანი მეთოდებით მოხერხდება".

ბუნებრივია არსებული დაძაბულობა ყურადღების მიღმა არ დარჩენია ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასაც. ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლომონ პასი, როგორც იცით, 15 მარტს ფოთში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და მოლაპარაკებათა გაგრძელებისკენ მოუწოდა. ასლან აბაშიძეს კი სატელეფონო საუბრისას მოუწოდა მიეღო სააკაშვილის მიწვევა მოლაპარაკებაზე. "ჩვენ მოწოდებული ვართ საქართველოში დემოკრატიის ხელშეწყობისკენ და გავაკეთებთ ყველაფერს რეგიონის მოსახლეობისთვის მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა სოლომონ პასიმ.

როცა აჭარაში მშვიდობაზე საუბრობენ, არავის ავიწყდება იქ ჩვენი ევროსაბჭოელი მეზობლის - რუსეთის სამხედროების ყოფნა. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჩანდეს, ამ ვითარებაში ვიღაცას საქართველოში ამერიკელი სამხედროების ყოფნაც კი აქტუალურად მიაჩნია. სახელმწიფო დეპარტამენტში ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის მოადგილე ადამ ერელის სწორედ ამის თაობაზე ჰკითხეს.

[ნაწყვეტი სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგიდან]
"- თქვენ გყავთ სამხედროები საქართველოში. შეგიძლიათ თუ არა წარმოიდგინოთ ვითარება, როცა თქვენი ჯარისკაცები სამხედრო გზით ჩაერეოდნენ შექმნილ დაპირისპირებაში?

- ჩვენ გვაქვს კონტაქტი რუსებთან და ისინი აცხადებენ, რომ მათი სამხედროები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვლენ ბარაკებიდან, თუკი თავად მათ შეექმნებათ საფრთხე.

- არა, არა, თქვენს ჯარზე გეკითხებით.

- ჩვენს ჯარზე?

- დიახ. რა, განა, თქვენ არ გყავთ იქ ჯარები?

- ჩვენ იქ ჯარი არ გვყავს და გულახდილად რომ ითქვას, ამ საკითხზე ამდენი ლაპარაკი უკვე მოსაბეზრებელიც არის."

ისევე, როგორც საქართველოს, ევროპის და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ აჭარაში ვითარების დაძაბვის ასე მწვავედ აღქმას არჩევნების მოახლოება განაპირობებს, რომლის არასრულფასოვნად ჩატარება მართლაც შექმნის სინანულის საფუძველს როგორც ახალი ხელისუფლების, ისე მისი მხარდამჭერი დასავლელი ლიდერებისთვისაც.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG