Accessibility links

logo-print

დემოკრატიული ინტელიგენციისა და აბაშიძის ოპოზიციის რეაქცია აჭარაში მიმდინარე მოვლენებზე


ცენტრსა და აჭარის რეგიონს შორის დაწყებული პოლიტიკური დაპირისპირება მწვავე განსჯის საგნად რჩება ასლან აბაშიძის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ პარტიებში, რომლებმაც,

ვითარების გამწვავების შიშით, უარი თქვეს დაგეგმილ მასობრივ აქციებზე აჭარაში. პოლიტიკური მოძრაობა "ჩვენი აჭარის" წარმომადგენლები ასლან აბაშიძის მიერ გაკეთებულ არჩევანს დამღუპველს უწოდებენ, თუმცა არ გამორიცხავენ მასთან პოლიტიკური დიალოგის გამართვის შესაძლებლობას. ცენტრსა და რეგიონს შორის დაპირისპირების პოლიტიკური მეთოდებით გადაჭრას უჭერს მხარს ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატიულს უწოდებს, თუმცა მოვლენებმა ჩოლოქის ხიდთან მათ შორისაც გაავლო გამყოფი ხაზი.


სამშაბათს ცენტრალურმა ხელისუფლებამ რეალურად დაიწყო აჭარის რეჟიმზე ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი ზეწოლის განხორციელება. 16 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა იმ პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ, ვისაც ბოლო თვეების განმავლობაში აჭარის ტერიტორიაზე პოლიტიკური ნიშნით ჩადენილ დანაშაულში ედება ბრალი. გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, სიაში აჭარის ავტონომიის უმაღლესი პირები მოხვდნენ, მათ შორის, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ჯემალ და სოსო გოგიტიძეები.

[ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება] "გუშინწინდელ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მუხლით, ასევე სამხედრო ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით. ამ საქმის ორგანიზების თავლსაზრისით, აშკარად იკვეთება ჯემალ გოგიტიძის ბრალეულობა."

გენერალურმა პროკურორმა უარყო გავრცელებული ხმები, თითქოს სისხლის სამართლის საქმე თავად აჭარის ლიდერის წინააღმდეგაც იყოს აღძრული, და განაცხადა, რომ ასლან აბაშიძეს აქვს შანსი, აიცილოს საბრალდებო სკამი. ასეთი შანსის არსებობაზე ლაპარაკობენ აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელთან მწვავე დაპირისპირებაში მყოფი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მხარს უჭერენ ცენტრსა და რეგიონს შორის დიალოგის დაწყებას. მათ შორის არის მოძრაობა "ჩვენი აჭარის" ერთ-ერთი ლიდერი, ედვარდ სურმანიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ დიალოგში, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, უცხო ქვეყნების დიპლომატებიც ჩაერთვებიან:

[ედვარდ სურმანიძის ხმა] "ჩაერთვება ყველა თანამდებობის პირი, ვისაც ამა თუ იმ ფორმით შეხება ექნება ამასთან, და საელჩოების წარმომადგენლები, რათა დავარწმუნოთ ასლან აბაშიძე, რომ გზა, რომელიც ასლან აბაშიძემ აირჩია, არის გზა ჩიხისკენ."(სტილი დაცულია)

შუამავლის ფუნქციის შესასრულებლად მზად არიან დემოკრატიული ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებიც სამშაბათს "კავკასიურ სახლში" შეიკრიბნენ. თუმცა ზოგიერთი მათგანი - მაგალითად, მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე - მიიჩნევს, რომ ლაპარაკი მოსკოვთან არის საჭირო და, თანაც, მკაცრი ტონით.

[რამაზ ჩხიკვაძის ხმა] "ტყუილია ეს ამბავი! ერთადერთი, ვისაც უნდა ვესაუბროთ, არის ლუჟკოვი. და თუ ლუჟკოვმა არ მოინდომა, ესაუბრეთ, ვისაც გინდათ. ეს ჩაწყობილი საქმეა, ვეღარა გრძნობთ ამას?"

ცნობილი ლიტერატორი და მთარგმნელი ვახუშტი კოტეტიშვილი კი დარწმუნებულია, რომ, პირველ რიგში, საზოგადოების გახლეჩაა იმის მიზეზი, რაც ჩოლოქთან ხდება:

[ვახუშტი კოტეტიშვილის ხმა] "ასლან აბაშიძე არ არის ჩვენი ტრაგედია. ტრაგედია ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთში ვერ გაგვირკვევია რაღაცეები. საქართველო ისევ გაიხლიჩა. და უბედურება ის არის, რომ მაგ მანიაკის გვერდით დგას ქართველი ხალხი."

რამდენიმე მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ მიიღო გადაწყვეტილება ასლან აბაშიძესთან შესახვედრად ბათუმში გაემგზავროს. გარდა ამისა, დემოკრატიული ინტელიგენციის წარმომადგენლები გამოვიდნენ ინიციატივით, დაიწყოს ჰუმანიტარული საკვების გაგზავნა აჭარაში, რათა ეკონომიკური სანქციები მძიმე ტვირთად არ დააწვეს მოსახლეობას.
XS
SM
MD
LG