Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ეკონომიკური ეფექტი ექნება სანქციების დაწესებას აჭარაში


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი აჭარის ავტონომიის მიმართ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ეკონომიკური სანქციები უკვე აამუშავა. შეწყდა ტვირთბრუნვა აჭარიდან, კონტროლდება საზღვაო აკვატორია,

შეჩერდა საბანკო ანგარიშსწორება რეგიონში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, დახურულია ბათუმის აეროპორტი და ა.შ. რა ეკონომიკური ეფექტი შეიძლება გამოიღოს აღნიშნულმა ღონისძიებებმა?

ქვეყნის რომელიმე ლოკალური რეგიონის ბლოკადა ცენტრალური ხელისუფლების მიერ თავისთავად არაორდინარულ და ზემოქმედების უკიდურეს ფორმას წარმოადგენს. თუმცა ანალოგიური გადაწყვეტილება თავისთავად აქტიური სამხედრო ოპერაციის ეფექტურ ალტერნატივადაც ითვლება.

ამ შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილების პოლიტიკურ მართლოზიმერებასთან ერთად, საინტერესოა იმ შესაძლო ეკონომიკური ეფექტის გააზრება, რაც სანქციებს როგორც ლოკალურად ამ რეგიონის, ისე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისათვის შეიძლება მოჰყვეს.

აბაშიძის რეჟიმის ძლევამოსილება, ძირითადად, დაფუძნებული იყო იმ ფინანსურ ნაკადებზე, რასაც ავტონომიის მეთაური და მისი გარემოცვა აკონტროლებდა რეგიონში. ამ ნაკადების მსუყე ნაჭერი საბაჟო შემოსავლებზე მოდის, რომელსაც ავტონომია, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო კარიბჭესთან გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, უკეთებდა მობილიზებას და რომელიც, როგორც წესი, ძირითადად, კლანის პირადი შემოსავლების შესავსებად გამოიყენებოდა. სხვათა შორის, საბაჟო შემოსავლები ცენტრალურ ბიუჯეტში წლების განმავლობაში მაინც ვერ ხვდებოდა. ამდენად, ბლოკადა წმინდა სახაზინო შემოსავლების კუთხით ძნელად თუ რამეს შეცვლის.

ფინანსური ნაკადების სამართავად ადგილობრივ ადმინისტრაციულ ორგანოებს ბათუმში დაფუძნებულ „საზღვაო ბანკში" ჰქონდათ ანგარიშები გახსნილი. იმდენად, რამდენადაც ამ ბანკის დამფუძნებლად სწორედ აბაშიძის გარემოცვა მოიაზრება, ანგარიშების კონტროლი ცენტრისათვის, ბუნებრივია, შეუძლებელი იყო. სხვათა შორის, ამ ბანკის მიმართ გენერალურ პროკურატურას ეკონომიკური ბლოკადის დაწყებამდეც ჰქონდა პრეტენზიები, დღეისათვის კი მას საბანკო ლიცენზია უკვე გამოეთხოვა.

შეძლებს თუ არა ცენტრი რეალურად განახორციელოს ეკონომიკური ბლოკადა რეგიონის მიმართ და რას უქადის ეს სანქციები ზოგადად ქვეყნის მეურნეობას? როგორც ბლოკადის პირველმა დღემაც აჩვენა, შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, სანქციების რეალიზება ხელისუფლებას ძალუძს. ანუ რეალური ეკონომიკური ბლოკადა სავსებით განხორციელებადი ღონისძიებაა, შესაბამისად, აბაშიძის რეჟიმის ფინანსური დაუძლურება და მისი მხრიდან ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნების დაკმაყოფილება ამ ზომებით არსებითად შესაძლებელია.

რაც შეეხება ამ იძულებითი სანქციების ზოგად ეკონომიკურ ეფექტს, თავის მოტყუება იქნება იმის მტკიცება, რომ ბლოკადა მხოლოდ ლოკალურად აჭარას და მის ლიდერს შეეხება და დანარჩენი საქართველოსათვის სავსებით უმტკივნეულოდ ჩაივლის. ელემენტარულად, დაძაბულობის კერის არსებობა ყოველთვის და ყველგან ადეკვატურად აისახება სამეურნეო, საინვესტიციო თუ სოციალურ აქტივობაზე. თავი რომ დავანებოთ ტვირთბრუნვის რეალურ შემცირებას, ჩაშლილ კომერციულ კონტრაქტებს და შემოსავლების კლებას როგორც რეგიონში, ისე ზოგადად ქვეყანაში, არასტაბილური პოლიტიკური ფონი, ტრადიციულად, ნეგატიური სტიმულია ეკონომიკისათვის და, კონფლიქტის გაჭიანურების შემთხვევაში, შეუძლებელია ამან ქართულ ეკონომიკაზეც არ იქონიოს გავლენა. თუმცა იმ სიტუაციაში, როდესაც საპირწონეზეა დადებული, ერთი მხრივ, სერიოზული ფეთქებადსაშიში კონფრონტაცია და, მეორე მხრივ, ამ სიტუაციაზე ეკონომიკური ბერკეტებით ზემოქმედების საშუალება, ვფიქრობთ, სხვა ალტერნატივა ხელისუფლებას, ფაქტობრივად, აღარც ჰქონდა.
XS
SM
MD
LG