Accessibility links

logo-print

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ზოგიერთი შედეგი


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში გამოქვეყნდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები. აღწერა განახორციელა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელსაც გერმანიის, ნიდერლანდების,

დიდი ბრიტანეთის მთავრობები, გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი და გაეროს განვითარების პროგრამა დაეხმარნენ. მზადება, პირველი მონაცემების შეკრება აღწერისათვის 1995 წელს დაიწყო. 16 მარტს გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორმა ლარს კლარკმა და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ თემურ ბერიძემ საზოგადოებას ერთად წარუდგინეს წლების მანძილზე გაწეული კვლევის შედეგები. პირველი ზუსტი რიცხვი: 2002 წლის 17 იანვრის აღწერის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ 371 ათას 535 ადამიანს შეადგენდა. გაგაცნობთ ზოგიერთ სხვა მონაცემსაც.

უკანასკნელი აღწერა საქართველოში 1989 წელს ჩატარდა. სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე თემურ ბერიძე ამბობს, რომ 89-დან 2002 წლამდე საქართველოს მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა და საშუალო წლიური კლების ტემპი 1,2% გაუტოლდა.

[ბერიძის ხმა] "ამავე პერიოდში, წინა აღწერასთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა დაბადებულთა რიცხვი. ამასთან, იმავე დონეზე დარჩა გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობა, მიგრაციის პროცესი კი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მიგრაციის უარყოფითმა სალდომ პიკს 92-96 წლებში მიაღწია, მთლიანად კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის კლებამ 857 ათას 600 კაცი შეადგინა."

წინა აღწერასთან შედარებისას ცხადი ხდება, რომ არსებითად შეიცვალა საქართველოს მოსახლეობის ეროვნული სტრუქტურა. 2002 წელს საქართველოში თითქმის 16%-ით ნაკლები ადამიანი ცხოვრობდა, ვიდრე 1989 წელს. ქართველთა კლებამ 126200 ადამიანს ანუ 3,3%-ს მიაღწია. სხვა ერების წარმომადგენლები უფრო დააკლდა საქართველოს. შედეგად, თუ 89-ში ქართველები საქართველოში მოსახლეობის საერთო რაოდენობის 70%-ს შეადგენდნენ, 2002-ში ამ მაჩვენებელმა 84%-ს მიაღწია. განსაკუთრებით იკლო რუსების რაოდენობამ.

2002 წელს პირველად დადგინდა საქართველოს მოსახლეობის კონფესიური შემადგენლობაც. აღმოჩნდა, რომ 88,6% პროცენტი ქრისტიანული მრწამსისაა (აქ შედიან ყველა ქრისტიანული აღმსარებლობის წარმომადგენლები), მაჰმადიანთა წილი კი თითქმის 10%-ს შეადგენს.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დროს განათლების დონეც გამოიკვლიეს. თემურ ბერიძემ ამ დონეს საკმაოდ მაღალი უწოდა.

[ბერიძის ხმა] "ქვეყნის მთელი მოზრდილი, 15 წლისა და ზემოთ, მოსახლეობის 22,4% უმაღლესი განათლებისაა, ნაცვლად 89 წლის 15,1 პროცენტისა. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების პარალელურად აღნიშნული მდგომარეობა მნიშვნელოვნად განაპირობა კერძო კომერციული სასწავლო დაწესებულებების ფართო ქსელის არსებობამ. საშუალო-პროფესიული სპეციალური განათლება, მოსახლეობის 2002 წლის აღწერით, ჰქონდა 15,7%-ს. დამთავრებული საშუალო ზოგადი განათლების მქონეა ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 35,8%. წინა აღწერასთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა წერა-კითხვის უცოდინართა წილი და მხოლოდ 0,3% შეადგინა."

სტატისტიკოსთა კვლევა სხვა უამრავ საინტერესო და საგულისხმო მონაცემს შეიცავს. ისინი გამოქვეყნებულია როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით (ინტერნეტ-გვერდის მისამართია www.statistics.ge). თემურ ბერიძის თქმით, გამოქვეყნდება დეტალური შედეგები, რაც 4 ტომს მოიცავს. სადღეისოდ, შეიძლება ითქვას, საქართველოს მთავრობას, დონორებსა და მეცნიერებს ხელთა აქვთ უახლესი ინფორმაცია დემოგრაფიულ და ძირითად სოციალურ და ეკონომიკურ მონაცემებზე.
XS
SM
MD
LG