Accessibility links

logo-print

როგორ შეფასებას აძლევს საზოგადოებრივი აზრი ვაშინგტონის როლს ანტიტერორისტულ ომში


ანდრო ეული, პრაღა ვაშინგტონში დაფუძნებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დამოუკიდებელმა ცენტრმა პიუმ

პოლიტიკა

სამშაბათს გამოაქვეყნა დასავლეთი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ცხრა სახელმწიფოში ჩატარებული უკანასკნელი გამოკითხვის შედეგები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეფასებას აძლევს ხალხი შეერთებული შტატების მიერ დაწყებულ ომს ტერორის წინააღმდეგ.

როგორც გამოკითხვამ გვიჩვენა, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ვაშინგტონთან ოფიციალური კონტაქტების მქონე ისეთ მუსლიმანურ ქვეყნებში, როგორიც იორდანია, მაროკო, პაკისტანი და თურქეთია, მიაჩნია, რომ შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის ნავთობსაბადოების კონტროლირებისა და მსოფლიოში გაბატონების მიზნით აწარმოებს ომს ტერორის წინააღმდეგ. განმაცვიფრებელი ისაა, რომ ასევე ფიქრობს ფრანგი და გერმანელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც.

ცხრა ქვეყნიდან, სადაც პიუმ ჩაატარა გამოკითხვა, მხოლოდ ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ ერაყში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას პროგრესი მოჰყვა ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომში.

პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში, პიუს ცენტრის დირექტორმა ენდრიუ კოჰუტმა თქვა, რომ მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა დასავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგი [ენდრიუ კოჰუტის ხმა]: "ამჯერად ჩვენ უფრო პოზიტიურ შეფასებას მოველოდით შედარებით იმასთან, რაც უწინდელმა, 2003 წლის მაისში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ გვიჩვენა. მოხდა კი პირიქით, ამერიკისადმი უნდობლობა კიდევ უფრო მაღალია ევროპაში, ხოლო მაჰმადიანებში განრისხება არ განელებულა, თუმცა რამდენადმე იკლო", - განაცხადა ენდრიუ კოჰუტმა.

აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მუსლიმანურ ქვეყნებში გამოკითხული ხალხი კვლავინდებურად განრისხებულია შეერთებული შტატების პოლიტიკის გამო და პოზიტიურადაა განწყობილი საუდის არაბეთში დაბადებული საერთაშორისო ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის მიმართ, რომელსაც 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მოწყობაში ედება ბრალი.

აი რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით ენდრიუ კოჰუტმა [ენდრიუ კოჰუტის ხმა]: "მოსახლეობის დიდი ნაწილი პაკისტანსა და მაროკოში დადებით შეფასებას აძლევს ბინ ლადენის პიროვნებას. ხოლო თურქეთში, გამოკითხულთა 31-მა პროცენტმა განაცხადა, რომ თვითმკვლელ ფანატიკოსთა თავდასხმები ამერიკელებსა და სხვა დასავლელ მოქალაქეებზე ერაყში, გამართლებულად მიაჩნია".
გამოკითხვამ გვიჩვენა ამასთანავე, რომ პაკისტანში, მოსახლეობის თითქმის ნახევარს, თვითმკვლელ ტერორისტთა თავდასხმები ისრაელ მოქალაქეებზე ისრაელში და ამერიკელ სამხედროებზე ერაყში, გამართლებულად მიაჩნია. ხოლო იორდანიასა და მაროკოში ასეთივე აზრი გამოთქვა გამოკითხულთა ორ მესამედზე მეტმა.
მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს გერმანიაში, რუსეთში, საფრანგეთში, იორდანიასა და პაკისტანში მიაჩნია, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა მცდარი განცხადება გააკეთეს ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ.
XS
SM
MD
LG