Accessibility links

ირანელი პოეტი სიმინ ბეჰბეჰანი


სიმინ ბეჰბეჰანი თანამედროვეობის უდიდეს

ირანელ პოეტად ითვლება, რაც დიდი აღიარებაა ქვეყანაში, რომელსაც პოეტური ტრადიციებით ბევრი ვერ გაუტოლდება.

ომარ ხაიამი, ჰაფეზი, ფირდოუსი, ჯალალ ალ-დინ რუმი - პოეზიის, მხატვრული სიტყვის მოყვარულებისათვის ეს სახელები მთელს მსოფლიოშია ცნობილი. სამშობლოში კი ირანელ პოეტებს ისეთი პატივისცემით, მოწიწებით ეკიდებიან, იმდენად კარგად იცნობენ მათს ნაწარმოებებს, რომ "ევროპელი ან ამერიკელი, ალბათ გაოცებული დარჩებაო", ფიქრობს ჩვენი რადიოს ირანელი თანამშრომელი, ნაზი აზიმა. მისი შეფასებით, დასავლეთში ადამიანები თავიანთი ქვეყნის ლიტერატურისადმი გაცილებით ნაკლებ ინტერესს ამჟღავნებენ, ლიტერატურის ცოდნაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ირანში კი, თუნდაც ფირდოუსის შედევრი - მე-10 საუკუნის ეპოსი "შაჰნამე" - დღემდე განსაზღვრავს ირანელის ეროვნულ თვითშეგნებას. ეს, დასავლეთევროპელისა ან ამერიკელისა რა გითხრათ, მაგრამ ქართველისათვის, რომელიც 8 საუკუნეა რუსთაველით ამაყობს, ალბათ, გასაგებია. მაგრამ ირანს დავუბრუნდეთ.
[სიმინ ბეჰბეჰანი თავის ლექსს კითხულობს: იხ. აუდიოვერსია] "ბოშის სიმღერა 13" - ასეა დასათაურებული ირანელი პოეტის, სიმინ ბეჰბეჰანის ლექსი, რომელსაც ახლა ისმენთ. კითხულობს ავტორი.

მხატვრული თარგმანის რთულ ამოცანას ვერ შევეჭიდები, მაგრამ ერთი- ორი სტრიქონის მშრალმა, უხეშმა თარგმანმაც, ალბათ, შეიძლება შექმნას ზოგადი შთაბეჭდილება ლექსის მთავარ მოტივზე: "იმღერე ბოშა, იმღერე. რახან არსებობ, იმღერე. გაიგონ ყურებმა, რომ არსებობ. თვალებსა და ყელს წვავს კვამლი, ზეცაში აჭრილი ურჩხულები რომ აფრქვევენ. იყვირე, რა საშინელია ეს ღამე."

სიმინ ბეჰბეჰანის თქმით, ეს ლექსი ქალებისადმი მოწოდებაა - იმღერონ, იყვირონ - ყველას გააგებინონ თავიანთი ხმა, შეახსენონ, რომ არსებობენ, რომ რაღაცა მოსწონთ და რაღაცა არ მოსწონთ, რაღაც უჭირთ და რაღაც ულხინთ.

თვით სიმინ ბეჰბეჰანი თითქმის მთელი ცხოვრებაა, "მღერის". დღეს 76 წლის პოეტის ლექსებს - ასობით ლექსს, მე-20 საუკუნის ირანული ლიტერატურის ნამდვილ მშვენებად აღიარებენ. ეს არ ნიშნავს, თითქოს ბეჰბეჰანის სტრიქონები მხოლოდ კეთილხმოვანებით გამოირჩეოდეს - მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, "ყელსაბამი" კონკრეტულ ისტორიულ მომენტს ასახავს - როგორ გლოვობს დედა ირანისა და ერაყის ომში დაღუპულ შვილს და სისხლისღვრის საზარელ სურათს ხატავს.
[სიმინ ბეჰბეჰანის ხმა] "ბევრი მეკითხება, რატომ ვწერ ლექსებს. მე არ ვიცი, რატომ ვწერ - პოეზიამ თვითონ ამირჩია. ბავშვობაში ისე ვწერდი ხოლმე, არც კი ვიცოდი, რომ ლექსები იყო. მარტო ის მესმოდა, რომ რაღაც აუცილებლად უნდა მეთქვა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბრძანებას მაძლევდნენ - ბრძანებას, რომელსაც, როგორც კი მივიღებ, სხვა გზა არა მრჩება: ფანქარი და ქაღალდი უნდა ავიღო და წერას შევუდგე."

სიმინ ბეჰბეჰანი 1927 წელს თეირანში დაიბადა, ინტელექტუალთა ოჯახში. მამა - აბას ხალილი, ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი იყო, დედა - ფახრ-ოსმა არღუნი ასევე მწერალი და ფემინისტი. მათმა ქალიშვილმა 14 წლისამ დაიწყო წერა და ლექსებისა და მოთხრობების პირველი კრებული "გატეხილი ბარბითი" 24 წლისამ გამოაქვეყნა.

მას შემდეგ სიმინ ბეჰბეჰანის კრებულები ჯილდოს ჯილდოზე იღებს. 1997 წელს ირანელი პოეტი ნობელის პრემიაზეც იყო წარდგენილი. მას განსაკუთრებულ მიღწევად უთვლიან ღაზალის საუცხოო ნიმუშების შექმნას. ლაპარაკია სპარსული პოეზიის ტრადიციულ ჟანრზე, რამდენიმეკუპლეტიან ლექსზე, როგორიც არის, დავუშვათ, სონეტი.

ღაზალს ირანელი პოეტები უკვე 13 საუკუნეა ქმნიან, მაგრამ ბეჰბეჰანის ლექსი ყველასაგან განსხვავდება: მასში ტრადიციულ ფორმებს ერწყმის რითმისა და თემების ინოვაცია, რის გამოც, ანუ ტრადიციისა და სიახლის შთამბეჭდავი ერთიანობის გამოც ბეჰბეჰანის "სპარსული ღაზალის ოსტატად" აღიარებენ. და არა მარტო აღიარებენ - მის ლექსებს თითქმის ყველა იცნობს, თითქმის ყველას უყვარს. მისი კრებულები დიდი ტირაჟით გამოდის და იყიდება - ზოგი მათგანის მეექვსე, მეშვიდე გამოცემაც კი არსებობს.

რას ნიშნავს პოეტი ქალის ასეთი წარმატება ქვეყანაში, რომელშიც გადამწყვეტ სიტყვას ყველგან მამაკაცები ამბობენ? ამ შეკითხვას პასუხობს ირანელი მწერალი ფარზანეჰ მილანი: [მილანის ხმა] "სიმინ ბეჰბეჰანის არ უყვარს, როცა ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, პოეტი მამაკაცია თუ ქალი. მისთვის მთავარია კარგი პოეზია, ვის კალამსაც უნდა ეკუთვნოდეს. მაგრამ ისეთ საზოგადოებაში, როგორიც ჩვენია, ასეთი სხვაობით მამაკაცის სამყაროსა და ქალის სამყაროს შორის, ქალისა და მამაკაცის ნამუშევრები ერთმანეთისაგან განსხვავდება. ბეჰბეჰანის უდიდეს დამსახურებად ის უნდა ჩაითვალოს, რომ მან, როგორც ქალმა, ღაზალის მნიშვნელობა შეცვალა. ღაზალს, ტრადიციულად, პოეტი მამაკაცი უწერს ქალს. მამაკაცი პოეტია, ქალი - მისი შთაგონება. სიმინის ღაზალში კი როლები იცვლება. ქალი წერს მამაკაცზე, ირანზე, ჩვეულებრივ ადამიანებზე - ეს არის მისი შთაგონება. ამით მოხდა ნამდვილი რევოლუცია ღაზალის მნიშვნელობაში. სიმინ ბეჰბეჰანის ხელი ეტყობა მის ყველა ლექსს და ის, საბედნიეროდ, ქალია."

სიმინ ბეჰბეჰანი ქალია და თან დედა. "დედის ინსტინქტი ყველა ქალშია ჩადებული. და პოეტი ქალისათვის ამ გრძნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვსო", ამბობს ბეჰბეჰანი, რომელიც 19 წლისა დაქორწინდა, სამი შვილი გაზარდა და გარდა იმისა, რომ ოჯახს უძღვებოდა და თან, რასაკვირველია, ლექსებს წერდა, იურიდიულ განათლებას იღებდა და უმაღლესში ასწავლიდა. აი, რას ამბობს სიმინ ბეჰბეჰანის შვილი, ალი ბეჰბეჰანი სტუდენტებისადმი დედის დამოკიდებულებაზე: [ალი ბეჰბეჰანის ხმა] "დედაჩემი ყოველთვის მოსიყვარულე, თავდადებული დედა იყო. არა მარტო საკუთარი შვილების მიმართ. ის პედაგოგია, თან პოეტი და მისთვის სტუდენტებიც, თითქოს, შვილები გახდნენ".

თუმცა, პოეტი ცხადია, ყველასთვის ერთნაირად მისაღები არ არის. ირანში 1979 წლის ისლამურ რევოლუციას მალე მოჰყვა ბეჰბეჰანის წიგნების აკრძალვა, რომელმაც 6 წელი გასტანა - იმის გამო, რომ პოეტი აკრიტიკებდა ჩადრის შემოღებას, გოგონების განათლების, ქალთა სხვა უფლებების შეზღუდვას. რადიკალური ცვლილებები ირანში არც მას მერე მომხდარა, მაგრამ ბეჰბეჰანის ურჩევნია რელიგიური რეპრესიების, მწერლებისა და ინტელექტუალების დევნის მოწმე იყოს, ვიდრე ემიგრაციაში წავიდეს.

[სიმინ ბეჰბეჰანის ხმა] "ძალიან ბედნიერი ვარ ხალხში ყოფნით. ამის გამო ვგრძნობ მის ტკივილსა და გაჭირვებას. ხალხს არასოდეს მოვშორებულვარ და მის სატკივარზე ვწერ. მაგრამ ვწერ მათ სიხარულზეც, სიყვარულზე, სითბოზე, ყველაფერზე. მადლობა ღმერთს, რომ ჩემს ხალხს ველაპარაკები!"
XS
SM
MD
LG