Accessibility links

logo-print

ინტერვიუ ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ვალტერ შვიმერთან


ერთ-ერთი პირველი, ვინც ბოლო დღეებში აჭარასთან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა, ევროსაბჭო და მისი გენერალური მდივანი იყვნენ.

რა როლი შეიძლება შეასრულოს ევროსაბჭომ თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობის მოგვარებაში - ამ და სხვა შეკითხვებს თავად გენერალური მდივანი - ვალტერ შვიმერი უპასუხებს, რომელსაც სტრასბურგში ტელეფონით დავუკავშირდი:

- ევროსაბჭოს პრეს-რელიზში წამოჭრილია პროექტების საკითხი, რომ თქვენ გსურთ როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე აჭარის ავტონომიის მხრიდან მიიღოთ საკითხის გადაჭრის პროექტები...

- აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. ევროსაბჭოში გაწევრიანებისას საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ ორი წლის ვადაში ქვეყნის კონსტიტუციაში განსაზღვრავდა ქვეყნის ავტონომიური რეგიონების უფლება-მოვალეობათა ჩარჩოებს. ამ ვალდებულების შესრულების ვადა გასულია. და თბილისსა და ბათუმს შორის დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ასეთი საკონსტიტუციო ჩარჩო ჯერ კიდევ არ არსებობს. ასე რომ, ცენტრალურ ხელისუფლებას, როგორც ერთიანი ქვეყნის ხელისუფლებას, ყოველთვის შეუძლია პრეტენზია განაცხადოს მეტ უფლებებზე. ასევე ყოველ წუთას პრეტენზიის გამოხატვა შეუძლია ბათუმის ხელისუფლებასაც, როგორც ავტონომიური რეგიონის ხელისუფლებას. ეს შეიძლება გაგრძელდეს მანამდე, სანამ ავტონომიის უფლებამოსილებები ცენტრალურ და რეგიონულ ხელისუფლებებს შორის შეთანხმების საფუძველზე მკაფიოდ არ განისაზღვრება. ჩვენ გვინდა საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინოს საკითხის გადაჭრის სრულყოფილი საკონსტიტუციო ჩარჩო, რომელიც, რასაკვირველია, დაემყარება ევროსაბჭოს პრინციპებს, ანუ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებს. იგივე შეეხება აგრეთვე პროექტსაც, რომელსაც წარმოადგენს აჭარის ხელისუფლება. თბილისშიც და ბათუმშიც ამის შესახებ კარგად უწყიან. იმედი მაქვს დიალოგის ორივე მონაწილე (და, მჯერა, რომ თბილისი და ბათუმი სწორედ დიალოგის მხარეები იქნებიან), წარმოადგენენ თავთავიანთ წინადადებებს საკონსტიტუციო ჩარჩოს განსაზღვრისთვის. ევროსაბჭო კი მზად არის იურიდიული ექსპერტიზის შემოთავაზებისთვის ვენეციის კომისიის წევრი დემოკრატიული ქვეყნებიდან, მთელი ევროპის საუკეთესო საკონსტიტუციო იურისტებისგან, ევროსაბჭოს წევრი 45 ქვეყნიდან.

- როგორც წესი, როცა აჭარის ავტონომიის სტატუსის განსაზღვრის დაჩქარებაზე იყო ლაპარაკი, ცენტრალური ხელისუფლების არგუმენტი იყო, რომ ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხი კონსტიტუციაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ უნდა განისაზღვროს. რაც შეეხება თბილისი-ბათუმის ურთიერთობაში დაძაბულობას, ეს ყოველთვის აღიქმებოდა, როგორც პიროვნებებს შორის კონფლიქტი. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მაინც პრინციპებს შორის კონფლიქტია?

- არა, არ ვიტყოდი, რომ ეს პრინციპებს შორის კონფლიქტია, რადგან სრულიად ნათელია, რომ აჭარა უნდა იყოს ავტონომიური რეგიონი. მეორეს მხრივ არ არის მკაფიოდ განსაზღვრული არც ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია ავტონომიურ რესპუბლიკაში და არც ავტონომიური რესპუბლიკის უფლება-მოვალეობები ცენტრის მიმართ. ასე რომ, რასაკვირველია, საქმე გვაქვს ძალაუფლებისთვის ბრძოლასთან და ეს სრულიად ბუნებრივიც არის. ანუ ბუნებრივია ის, რომ საკანონმდებლო ბაზის დეფიციტის პირობებში ორივე მხარე ცდილობს მეტი გავლენის მოპოვებას ადგილზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სწორედ ამიტომაც მიმაჩნია აუცილებლად საკონსტიტუციო ჩარჩოს შექმნა ავტონომიური რეგიონებისთვის და კერძოდ (თქვენ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი წამოჭერით) აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის საკითხის გადაჭრისთვისაც მომავალში. უნდა შეიქმნას კარგი მოდელი მოქმედი ავტონომიისთვის, სადაც გათვალისწინებული იქნება ტერიტორიული მთლიანობაცა და ცენტრალურ და ავტონომიების ხელისუფლებებს შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხებიც.

- არჩევნები ახლოვდება და თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობის დაძაბვას სწორედ არჩევნების ფაქტორი განაპირობებს. შესაძლებლად მიგაჩნიათ, თუ - არა არჩევნებამდე ამ პრობლემის რაიმე გზით მოგვარება?

- ვფიქრობ, კონსტიტუციური საკითხი არჩევნებამდე ვერ გადაწყდება. საკონსტიტუციო ჩარჩოზე და (თუ ჩემს რეკომენდაციას გაითვალისწინებენ) აჭარის რეგიონთან საბოლოო შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღება ახალი პარლამენტის საქმეა. ახლა კი უნდა შეიქმნას თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების პირობები, რაც ნიშნავს შემდეგს: არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას მთელ საქართველოში და, რასაკვირველია აჭარაშიც უნდა მიეცეთ მედიის გამოყენების თანაბარი უფლება, ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები საარჩევნო კამპანიის წარმართვისას. მოგეხსენებათ, ჩემი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია იყო 7-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევა, მაგრამ ამის გარდა მნიშვნელოვანია აჭარაში ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თავისუფალი საარჩევნო კამპანიის პირობების უზრუნველყოფა.

- თებერვალში თქვენ შეხვდით სააკაშვილსაც და აბაშიძესაც. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ: სურთ თუ - არა მათ, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა და კერძოდ კი - ევროსაბჭო მედიატორის სტატუსით ჩაერიოს თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობათა მოგვარებაში?

- მიმაჩნია, რომ ორივე მათგანი მზად არის მიიღოს რეკომენდაციები, გამოცდილება, დახმარება ევროსაბჭოსგან. მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ მათ მართლაც სჭირდებათ მედიატორი. იმას ვგულისხმობ, რომ ორივე გონიერი ადამიანია და საუკეთესო გამოსავალი ის იქნებოდა, რომ მათ თავადვე შეძლონ საკითხის გადაჭრა. რასაკვირველია, თუკი იქნება მოთხოვნა მედიატორობის, ან რაიმე დახმარების თაობაზე, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ჩვენ შეგვიძლია და უნდა დავეხმაროთ კიდეც მათ საკონსტიტუციო ჩარჩოსა და ცვლილებების, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რეგიონის ახალი კონსტიტუციის პროექტის მომზადებაში. და შევეცდებით ამ პროცესში უზრუნველვყოთ ევროსაბჭოს უმთავრესი პრინციპების დაცვა.

- თუკი საპარლამენტო არჩევნები აჭარაში არ ჩატარდება, როგორი იქნება ევროსაბჭოს პოზიცია. რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ საქართველოს საერთაშორისო არენაზე?

- ჩვენ უნდა დავადგინოთ რა მიზეზით არ ჩატარდება არჩევნები აჭარაში და ვინ იქნება დამნაშავე. იმედი მაქვს, რომ აჭარაში არჩევნები ჩატარდება. მე ვესაუბრე ბატონ აბაშიძეს და ის თანახმაა, რომ ევროსაბჭოს მეთვალყურეები ჩავიდნენ აჭარაში ისევე, როგორც ეს მოხდება მთელ საქართველოში. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ამოცანაა არჩევნების მიმდინარეობის შეფასება წევრ ქვეყნებში. აჭარა საქართველოს ნაწილია და საპარლამენტო არჩევნები იქ უნდა ჩატარდეს და იქაც ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში პროცესი უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე.
XS
SM
MD
LG