Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე სამხედრო ღონისძიება თბილისისა და ბათუმის დაპირისპირების ფონზე


აჭარის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ თურქეთის მხარემ შეაჩერა სატრანსპორტო ტვირთების მოძრაობა სარფის სასაზღვრო საგუშაგოს გავლით,

რის გამოც მთელი სახმელეთო ტვირთის მიღება დააწვა ვალეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტს, რომლის გამტარუნარიანობა საკმაოდ შეზღუდულია. პარალელურად, ამ მიმართულებით ქართველმა და თურქმა მესაზღვრეებმა 17 ოქტომბრიდან ერთობლივი სწავლება წამოიწყეს, თუმცა, როგორც საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნული თურქულ-ქართული სასაზღვრო სწავლებები, უბრალოდ, დაემთხვა ინციდენტს ცენტრსა და რეგიონს შორის. სასაზღვრო მორიგეობა გაძლიერებულია ბათუმის ტრავერსზე, სადაც ქართველმა მესაზღვრეებმა ამ დღეებში 7 სატვირთო გემი აიძულეს კურსი ფოთის ნავსადგურისკენ აეღო.

მიუხედავად ბათუმში ასლან აბაშიძესა და ნინო ბურჯანაძეს შორის დაწყებული მოლაპარაკებისა, ცენტრისა და აჭარის რეგიონის დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ამის შესახებ ოთხშაბათს, "კომანდოსთა" სამხედრო ბაზის დათვალიერების დროს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა. 17 მარტს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ქართულ-ამერიკული « წვრთნისა და აღჭურვის » პროგრამაში ჩართული ჯავშანსატანკო ქვედანაყოფის მონაწილეობით ჩატარდა ტაქტიკური საველე წვრთნები თემაზე : "სამხედრო ქალაქზე თავდასხმა და მისი განიარაღება". თუმცა გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა გივი იუკურიძემ განაცხადა, რომ სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება გეგმიურ ხასიათს ატარებს.
[გივი იუკურიძის ხმა] « მე შემიძლია გაჩვენოთ მეცადინეობის ცხრილები. აქ ყოველდღიურად მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიება და ეს მეცადინეობა იყო იმ თემაზე, რაც გაწერილია ცხრილში. »

ასევე გეგმიურ ღონისძებას უწოდებს საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი ახალციხეში, სოფელ წყალთბილასთან , თურქეთისა და საქართველოს დამაკავშირებელ ვალეს სასაზღვრო მონაკვეთზე დაწყებულ სამდღიან სწავლებას. დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსის, პოლკოვნიკ სოსო მარგიშვილის თქმით, სწავლება რამდენიმე ასპექტს მოიცავს :

[სოსო მარგიშვილის ხმა] « ურთიერთმოქმედება, ურთიერთდახმარება, საგუშაგოების თანამშრომლობა, ვთქვათ, რაიმე ვითარებაში როგორ უნდა იმოქმედონ და ასე შემდეგ. »

მაგრამ სამხედრო ღონისძიებათა ამგვარი დამთხვევებისა არ სჯერა აჭარის ხელისუფლებას. ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ჯემალ გოგიტიძის განცხადებით, ამ დღეებში დაგეგმილია პროვოკაციის მოწყობა აჭარაში მყოფი ოპოზიციის ლიდერზე, რის შემდეგაც ცენტრი რეგიონში სპეცოპერაციის დაწყებას გეგმავს და ყველა ასეთი სამხედრო სამზადისი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარების შესაძლებლობაში აჭარის ხელისუფლებას მოსკოვიდან მეგობრული ვიზიტით ჩამოსული დუმის დეპუტატი ვიქტორ ალქსნისიც არწმუნებს. თანაც, რუსი დეპუტატის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებას სპეცოპერაციის მოწყობაში ეხმარება რამდენიმე ამერიკელი ოფიცერი, რომლებიც გაერთიანებული შტაბის შემადგენლობაში იმყოფებიან.

[ვიქტორ ალქსნისის ხმა] « დადგენილია, რომ ამ შტაბის მუშაობაში მონაწილეობს შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და შეიარაღებული ძალების 5 ოფიცერი ; გარდა ამისა, სხვა საბრძოლო დანაყოფებში ირიცხება დაახლოებით 10 ამერიკელი ინსტრუქტორი და სამხედრო მრჩეველი. როგორც ჩვენი წყაროები იტყობინებიან, ამგვარი მოქმედების ძირითადი მიზანია აჭარის ავტონომიის ლიდერის ძალისმიერი შეპყრობა ან ლიკვიდაცია.»

რუსი დეპუტატის ამ მტკიცებას აბსურდულს უწოდებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა შეფასებითაც, ვიქტორ ალქსნისი საქართველოსადმი მტრულად განწყობილი პოლიტიკოსია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG