Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ძველი ხელისუფლების ახალი პრობლემები


ის კონფლიქტი, რომელიც ჩოლოქს გაღმა და გამოღმა ხელისუფლებას ერთმანეთთან აპირისპირებს, მრავალი წელია გრძელდება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტების

შემდეგ კონფლიქტის შინაარსი თვისებრივად შეიცვალა: ჰორიზონტალური ურთიერთობა სახელისუფლო ვერტიკალის წნეხში მოექცა.

მიხეილ სააკაშვილი და ასლან აბაშიძე ერთ სახელისუფლო სივრცეში დიდხანს ვერ გაძლებენ. ახალი პრეზიდენტი, ძველისგან განსხვავებით, არ აპირებს, რომ თავისი საპრეზიდენტო ძალაუფლება ვინმეს ნებაყოფლობით გაუყოს. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს, პიროვნული თავმოყვარეობისა და სახელმწიფოებრივი ღირსების ფონზე. თუნდაც ის, რომ რევოლუციით მოსული ხელისუფლებისთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს ძალაუფლების კონცენტრაციას პრეზიდენტის და მისი გუნდის ხელში; თუნდაც ის, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის აჭარა შავი ხვრელის ფუნქციას ასრულებს; თუნდაც ის, რომ ავტონომიის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, არ მოქმედებს ქვეყნის კანონმდებლობა.

მრავალი წლის განმავლობაში პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილი და პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი ამკვიდრებდნენ აზრს, რომ შევარდნაძის და აბაშიძის ხელისუფლება აცოცხლებდა და აძლიერებდა ერთმანეთს. ეს თვალსაზრისი პრაქტიკულად დადასტურდა ხავერდოვანი რევოლუციის დღეებში, როდესაც ედუარდ შევარდნაძე და ასლან აბაშიძე ერთმანეთის გვერდით და დანარჩენი საქართველოს პირისპირ აღმოჩნდნენ.

მეორე მხრივ, ასევე მრავალი წლის განმავლობაში, პოლიტიკურ პროცესს ქმნიდა კონფლიქტი ცენტრსა და აჭარას შორის. პარლამენტი დაყოფილი იყო შევარდნაძის უმრავლესობად და აბაშიძის უმცირესობად. თანაც, მათ შორის ურთიერთობას განსაზღვრავდა არა უმრავლესობისა და ოპოზიციის ტრადიციული რიტორიკა, არამედ ფაქტობრივი ორხელისუფლებიანობა. მოქალაქეთა კავშირი ყოველთვის შევარდნაძეს იცავდა, აღორძინების კავშირი - აბაშიძეს. აჭარის ლიდერს ჰქონდა ცენტრისგან განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ორიენტირები, აგრეთვე - თავდაცვის საკუთარი დოქტრინა, რომლის მიხედვითაც ერთადერთ შესაძლო აგრესორად მიჩნეული და გამოცხადებული იყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სამხედრო მოკავშირედ კი - რუსეთი.

ცენტრსა და აჭარას შორის ურთიერთობა დაპირისპირებულთა ერთიანობის ლოგიკით ვითარდებოდა. მუდმივი კონფლიქტის მიუხედავად, ძველ პრეზიდენტს ავტონომიის ლიდერის დაქვემდებარება არასოდეს უცდია. თავის მხრივ, არც ასლან აბაშიძეს უცდია აჭარის დატოვება და ცენტრალურ ხელისუფლებაში რაიმე თანამდებობის დაკავება. მისი საზრუნავი ყოველთვის იყო ავტონომიური რესპუბლიკის ხელშეუვალობა. ჩოლოქთან დალაგებული ბეტონის ფილები ფაქტობრივად და სიმბოლურად კეტავდა იმ სივრცეს, რომლის მიღმაც ასლან აბაშიძის პრეტენზიები არ ვრცელდებოდა. ოღონდ იმისათვის, რომ ედუარდ შევარდნაძესთან ჰორიზონტალური ურთიერთობა შეენარჩუნებინა, აჭარის ლიდერი თავის წილ ძალაუფლებას ყოველთვის ფხიზლად დარაჯობდა და თანდათან აძლიერებდა კიდეც. ამისთვის სჭირდებოდა მას ბათუმში პარტიების თავმოყრა და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა, ამისთვისვე სჭირდებოდა წარმომადგენლობა პარლამენტში და გავლენა მთავრობაში. სწორედ ორხელისუფლებიანობით აიხსნებოდა ის პოლიტიკური უცნაურობა, რომ ხშირად უმრავლესობის წარმომადგენლები უტევდნენ, ხოლო უმცირესობის წარმომადგენლები თავგამოდებით იცავდნენ მთავრობის ამა თუ იმ წევრს. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ აჭარის ლიდერი დაინტერესებული იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალთა სასურველი განლაგებით და მუდმივად იბრძოდა თავისი გავლენის ხარისხის შესანარჩუნებლად.

შევარდნაძე-აბაშიძის ურთიერთობის მრავალ წახნაგს შორის, ბოლოს და ბოლოს, მთავარი ნიშანი ასე გამოიკვეთა: გავლენის სივრცის ნებაყოფლობითი გაყოფა და ორმხრივი ხელშეუხებლობა. სწორედ ამ უსიტყვო თუ ჩრდილოვანი შეთანხმებით აიხსნება, რომ აჭარის ლიდერი ყოველთვის ხსნიდა საკუთარ კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში, ხოლო პრეზიდენტი, თავის მხრივ, ძალაუფლების გაყოფას ეგუებოდა.

მთავარი, რაც შეიცვალა ცენტრისა და აჭარის ურთიერთობაში სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, ორხელისუფლებიანობის აღკვეთის მცდელობაა. ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ასლან აბაშიძეს შეუძლია ძალაუფლების ნაწილის დათმობა, მაგრამ იგი არასოდეს დასთანხმდება სრულ დაქვემდებარებას, ესე იგი, ცენტრთან ვერტიკალურ ურთიერთობას. სააკაშვილს კი ჰორიზონტალური ურთიერთობის დაშვება არ სურს და არც შეუძლია. ეს არის მიზეზი, რის გამოც ძველი კონფლიქტი ახალ, კრიზისულ ფაზაში შევიდა და ზედაპირულ განმუხტვას ვეღარ დაექვემდებარება.
XS
SM
MD
LG