Accessibility links

არეულობა კოსოვოში


ანდრო ეული, პრაღა ნატოს კავშირი ჯარის დამატებით ქვედანაყოფებს აგზავნის კოსოვოში,

რათა თავიდან იქნეს აცილებული ახალი შეტაკებები ადგილობრივ ალბანელებსა და სერბებს შორის. ოთხშაბათს ქალაქ კოსოვსკა-მიტროვიცაში, რომელიც სერბიულ და ალბანურ ნაწილებადაა გაყოფილი, მასობრივი არეულობების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა; დაჭრილების რიცხვი ხუთასს უახლოვდება. დაღუპულთა შორის გაეროს 61პოლიციელები, აგრეთვე ნატოს 11 მშვიდობისდამცველია.

როგორც კოსოვოში გაეროს მისიის წარმომადგენელმა ანჯელა ჯოზეფმა აცნობა ჟურნალისტებს, დაბა ობილიცში პრიშტინის მახლობლად, მართლმადიდებლური ეკლესია და სერბების რამდენიმე სახლი ცეცხლის ალშია გახვეული.

არეულობა ორად გაყოფილ ქალაქ მიტროვიცაში ოთხშაბათს დაიწყო, როცა განრისხებულმა ალბანელებმა საპროტესტო დემონსტრაცია მოაწყეს მას შემდეგ, რაც სერბების მიერ ნაცემი ორი ალბანელი ბიჭი მდინარე იბარში დაიხრჩო.

გაეროს პოლიციამ და ნატოს მშვიდობისდამცველებმა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს ეთნიკური ალბანელების წინააღმდეგ, რომლებმაც ქალაქის სერბებით დასახლებულ ნაწილში სცადეს შესვლა. სულ მალე ძალადობა კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინას მოედო. იუწყებიან, რომ შეტაკებები მოხდა სხვა დასახლებულ პუნქტებში: პეჩში, გრაცანიცაში, გნილანში, პრიზრენსა და დიაკოვიცაშიც.

ეს, ყველაზე სერიოზული არეულობა იყო კოსოვოში 2001 წლის თებერვლიდან მოყოლებული, როცა ალბანელმა ექსტრემისტებმა ავტობუსი ააფეთქეს, რის შედეგად 11 სერბი იქნა მოკლული, 40 - დაშავდა.

კოსოვოს პრეზიდენტმა იბრაჰიმ რუგოვამ და გაეოს ადმინისტრატორმა კოსოვოში ჰარი ჰოლკერიმ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრიშტინაში, სიმშვიდისაკენ მოუწოდეს მოსახლეობას. რუგოვამ როგორც ეთნიკურ ალბანელებს, ასევე სერბებს მოუწოდა - თავი აარიდონ კონფრონტაციას [იიბრაჰიმ რუგოვას ხმა]: "მიტროვიცის მაცხოვრებლებს მოვუწოდებ შეწყვიტონ საპროტესტო გამოსვლა, ვინაიდან ვითარების ესკალაცია კარგს არაფერს უქადის კოსოვოს. მინდა ვუთხრა კალგავიცაში მცხოვრებ სერბებს, შეწყვიტონ პრიშტინა-სკოპიეს ავტომაგისტრალის ბლოკადა; ამასთანავე ალბანელებს მოვუწოდებ - დატოვონ ვეტერნიკის რაიონი, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონფრონტაცია".

გაეროს ადმინისტრატორმა ჰარი ჰოლკერიმ სიმშვიდისაკენ მოუწოდა ასევე მოსახლეობას და შეახსენა, რომ ძალადობა საფრთხეს შეუქმნის კოსოვოს მომავალს [ჰარი ჰოლკერის ხმა]: "მესმის, მსგავს ვითარებაში ძნელია დაშოშმინება, და ამიტომაც მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა სათვისტომოს - დამშვიდდნენ და არ დაუშვან, რომ ამგვარმა საშინელმა ინციდენტებმა კოსოვოს სტაბილურობას, მის მომავალ შეუქმნას საფრთხე".

ნატოს გენერალურმა მდივანმა ააპ დე ოოპ სხეფერმა, ნატოს მრავალეროვან სამშვიდობო ძალებზე თავდასხმას, რაც ოთხშაბათს მოხდა მიტროვიცაში, "აღმაშფოთებელი" უწოდა.

ბელგრადში, სერბიის პრემიერ-მინისტრმა ვოისლავ კოშტუნიცამ ძალადობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა კოსოვოში დაპირისპირებულ მხარეებს, და თან დასძინა, "კოსოვოელი სებრები უკეთ უნდა იყონ დაცულიო".

კოსოვოში მომხდარ არეულობას გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანიც. მან სიმშვიდისკენ მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს. ხოლო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ კოსოვოში მომხდარმა ეთნიკურმა ძალადობამ შესაძლოა ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ბალკანეთის მთელს რეგიონში.
XS
SM
MD
LG