Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეამბოხეთა გააქტიურება ერაყში


ანდრო ეული, პრაღა სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაიჭრა ოთხშაბათს ღამით ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად.

ამერიკის ჯარის სარდლობის ცნობით, დანაღმული ავტომანქანა იმ სასტუმროს წინ აფეთქდა ბაღდადის ცენტრში, რომელშიც ხშირად, ლიბანელი ბიზნესმენები, აგრეთვე ჰუმანიტარულ ორგანიზაციათა დასავლელი თანამშრომლები ჩერდებიან.

ხუთშაბათს დილით, ერაყის ქალაქ ბააქუბაში, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს სამი ერაყელი ტელეჟურნალისტი, ამერიკა-ბრიტანეთის კოალიციის დაფინანსებით მოქმედი ტელეარხის, "დიიალას" თანამშრომლები. გარდა ამისა, ორი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ბასრაში, დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად.

ოთხშაბათს ღამით ბაღდადის ცენტრში მდებარე სასტუმროსთან მომხდარ აფეთქებას, რომელმაც 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თეთრი სახლის პრესმდივანმა სკოტ მაკკლელანმა "უდანაშაულო მოქალაქეებზე საზარელი ტერორისტული თავდასხმა" უწოდა. მისივე თქმით, ტერორისტები ვერ მიაღწევენ საწადელს ერაყში, ხოლო შეერთებული შტატები ერაყელ ხალხს კვლავაც დაეხმარება დემოკრატიის მშენებლობაში.

16 მარტს, ქალაქ მუსაიაბის მახლობლად, დაახლოებით 70 კილომეტრში ბაღდადის სამხრეთით, მოძრავი ავტომანქანიდან გახსნილი ცეცხლით გერმანელი და ჰოლანდიელი ბიზნესმენები მოკლეს. წინა დღით, ქალაქ მოსულში საფარიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი ამერიკელი ბაპტისტი მისიონერი.

რამდენიმე დღით ადრე, კოალიციის სტრუქტურაში დასაქმებული ორი ამერიკელი მოქალაქე და მათი ერაყელი თარჯიმანი ბაღდადის სამხრეთით, დაბა ჰილიას მახლობლად მოწყობილ ყალბ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოკლეს მეამბოხე ექსტრემისტებმა.

უწინდელი თავდასხმების სამიზნე ერაყში პოლიცია იყო. სულ ცოტა, 350 ერაყელი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა ამგვარ თავდასხმებს შარშანდელი მაისიდან მოყოლებული, მათ შორის ასზე მეტი მარტო გასულ თვეში დაიღუპა.

ერაყში მივლინებული აშშ-ის არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი ბასიმ სადუნი ამბობს, რომ ამგვარი თავდასხმების გამო მისი კოლეგები ერიდებიან ერაყში გადაადგილებას და უმეტეს დროს თავიანთ დაწესებულებებში ატარებენ. ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან საუბარში ბასიმ სადუნიმ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით დაუცველად გრძნობენ თავს დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეები [ბასიმ სადუნის ხმა]: "ფანატიკოსებისა თუ ისლამისტებისთვის - არ ვიცი, ვინ სჩადის ამგვარ ძალადობას - საკმარისია გამოირჩეოდეთ ბრბოსგან, რომ თქვენზე მოხდეს თავდასხმა, რადგან მათ არ იციან, მსახურობთ ამერიკელებთან თუ არა. თქვენ ხართ უცხოელი, სხვა რამ მათ აღარ აინტერესებთ, და თავს გესხმიან."

შოტლანდიის სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტთან არსებული ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის შემსწავლელი ცენტრის დირექტორი პოლ უილკინსონი ვერ ხედავს არსებით განსხვავებას 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმას, ახლახან მადრიდში მატარებლების აფეთქებასა თუ ერაყში, შეუიარაღებელ მოქალაქეებზე სულ უფრო გახშირებულ თავდასხმებს შორის. უილკინსონის აზრით, მეტად ძნელია ამგვარი თავდასხმების აღკვეთა ტრადიციული სამხედრო მეთოდების გამოყენებით.

მიკროფონთან იყოს დ.კ. გაზეთ "ვაშინგტონ პოსტს" მოჰყავს შეერთებული შტატების სადაზვერვო უწყების ოფიციალურ წარმომადგენელთა ნათქვამი იმის შესახებ, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ დაგეგმილზე ოთხჯერ მეტი თანამშრომელი განათავსა ერაყში, და თავადვე აღიარა, რომ ჯერჯერობით ნაკლებად შეძლო წინააღმდეგობის რიგებში თავისი აგენტების შეგზავნა. ლაპარაკობს რადიო "თავისუფლება!"
XS
SM
MD
LG