Accessibility links

logo-print

ეკონომიკურმა სანქციებმა შეიძლება სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია შეგვიზღუდოს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი აჭარისათვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს პირველი რეაქცია უკვე მოჰყვა როგორც ადგილობრივ ექსპერტებს, ისე იმ საერთაშორისო კორპორაციებს შორის, რომლებიც თავისი საქმიანობით მეტ-ნაკლებად

დაკავშირებული იყვნენ ამ რეგიონთან. განსაკუთრებული ეკონომიკური საფრთხე, ბლოკადის შედეგად, საზღვაო გადაზიდვებს ემუქრება. რა ზიანი შეიძლება მიადგეს დაძაბულობის გაგრძელების შემთხვევაში სატრანზიტო ფუნქციებს?

რეგიონის ეკონომიკური ბლოკადის გაჭიანურების შემთხვევაში სერიოზულ მატერიალურ და შესაძლო სტრატეგიულ ზარალზე ექსპერტებთან ერთად მთავრობის წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ. ამ მხრივ, განსაკუთრებულ შეშფოთებას ქმნის ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის პოტენციური შეზღუდვა.

,,აჭარის მიმართ შემოღებული სანქციები აზარალებს არა მხოლოდ ადგილობრივ ბიუჯეტს, არამედ კრიზისით ემუქრება მთელ საქართველოს", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ირაკლი რეხვიაშვილი.

მისივე თქმით, უკვე შეინიშნება სასაქონლო გადაზიდვათა მარშრუტის შეცვლის ტენდენცია მეზობელი ქვეყნების სასარგებლოდ.
,,თუ ამ ზომების ხანგრძლივობა თვეზე მეტ ხანს გასტანს, მაშინ ეს სერიოზული დარტყმა იქნება საქართველოს სუსტ ეკონომიკაზე", - აღნიშნავს რეხვიაშვილი.
ამასთან, უცხოეთის გემებისათვის დაკეტვა ბათუმის პორტისა, საიდანაც მსოფლიო ბაზარზე ყაზახეთის ნავთობის მიწოდება ხდება, ასევე ,,სარფის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვა მილიონობით ზარალს გამოიწვევს და პარტნიორებში უნდობლობას გააჩენს, - შეშფოთებულია ეკონომიკის მინისტრი.

უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ტრასპორტის სამინისტრომ გადაწყვიტა, რკინიგზით ნავთობის ტრანსპორტირება ბათუმის პორტში მანამდე შეაჩეროს, ვიდრე "საქართველოში კონფლიქტური სიტუაცია არ მოგვარდება".
ამის შესახებ იუწყება რუსული "ინტერფაქსი", სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით.

ქართული სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, ეკონომიკურ ბლოკადას ჯერჯერობით დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პროდუქციის ექსპორტზე.
კომპანიის კუთვნილი ნავთობპროდუქტების დიდი ნაწილის ექსპორტი ფოთის პორტის გავლით ხორციელდება, ბათუმის პორტის გავლით კი მთელი ექსპორტირებული ნავთობპროდუქტის 30 პროცენტი გადის, ძირითადად - დიზელის საწვავი.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბათუმიდან ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების გადამისამართება არ არის ვითარებიდან გამოსავალი, ვინაიდან ფოთის პორტს არ გააჩნია სათანადო სიმძლავრე დიზელის საწვავის შესანახად.
აზერბაიჯანის ნავთობკომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აჭარის კრიზისი სწრაფად დარეგულირდება, რადგან ამ რეგიონის ეკონომიკური ბლოკადის გაგრძელება გაზრდის არა მარტო აზერბაიჯანის, არამედ საქართველოს ზარალს.

რაც შეეხება დანარჩენ ტვირთებს, ფოთის პორტი, რომელიც, ბათუმის პორტის ბლოკადასთან დაკავშირებით, მუშაობის 24 საათიან რეჟიმზეა გადასული, ტვირთების გაზრდილი მოცულობის გადამუშავებას ჯერჯერობით თავს ართმევს.
ფოთის პორტის უფროსის ჯემალ ინაიშვილის განცხადებით,
16-17 მარტს პორტმა ბათუმის აკვატორიიდან დამატებით 7 სატვირთო გემი მიიღო და ყველა ღონისძიებას ატარებს გემების მიღების პროცესის გამარტივებისათვის.

საერთო ჯამში, ეკონომიკური სანქციების ხილული ნეგატიური შედეგი გასული ორი დღის განმავლობაში ჯერჯერობით უმნიშვნელოა, თუმცა, დაძაბულობის გაგრძელებისა და ბლოკადის გრძელვადიანობის შემთხვევაში, ამ სანქციებმა პერსპექტივაში, შესაძლოა, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, ფუნქციის კორექტირებაც კი გამოიწვიოს.
XS
SM
MD
LG