Accessibility links

logo-print

საპარლამენტო არჩევნები აჭარაში - რა უშლის და რა უწყობს ხელს მათ ჩატარებას


დავით პაიჭაძე, თბილისი აჭარაში არჩევნების ჩატარება ჯერაც ეჭვს იწვევს. შეიძლება ითქვას, საარჩევნო პროცესი ავტონომიურ რესპუბლიკაში არათუ დარღვევებით, არამედ საერთოდ არ მიმდინარეობს. მე შევეცადე გამერკვია,

რა პირობები არსებობს აჭარაში საპარლამენტო არჩევნების გასამართად.

აჭარაში არსებული ვითარების გამო დღეს კამათობენ: გასულ კვირადღეს მიხეილ სააკაშვილის ჩოლოქთან გაჩერებას მოჰყვა ისეთი სიტუაცია, რომელშიც არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, თუ საარჩევნო ფონი ავტონომიურ რესპუბლიკაში არც მანამდე არსებობდა და პრეზიდენტი სწორედ მის უზრუნველსაყოფად ჩადიოდა აჭარაში?

ყოველ შემთხვევაში, 18 მარტს ბათუმში ჩასვლისა და ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკების ერთ-ერთ მიზნად მიხეილ სააკაშვილი ნორმალურ საარჩევნო გარემოს შექმნას ასახელებდა: საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმართვას, მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას და ა.შ.

[სააკაშვილის ხმა] "ახლა მთავარია ჩატარდეს ნორმალური საარჩევნო კამპანია, ადამიანებს მოეხსნათ შეზღუდვები და ჩვენ შევძლოთ საქართველოში ნორმალური, დემოკრატიული სახელმწიფოებრივი პროცესის წარმართვა, შევინარჩუნოთ ნორმალური ურთიერთობა ცენტრსა და რეგიონს შორის, საქართველოს ერთიანობა, რაც არც არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ."

ჩამოთვლილი მიზნების მიღწევა დამოკიდებულია რამდენიმე პირობის შესრულებაზე, რომლებიც ასევე ჩამოთვალა საქართველოს პრეზიდენტმა:

[სააკაშვილის ხმა] "დარიგებული იარაღის ჩაბარება ოფიციალური ორგანოებისათვის და განიარაღების პროცესის დაწყება - ეს არის საქართველოს კანონის უზენაესობის აღდგენა აჭარის ტერიტორიაზე. მეორე საკითხი ეხება ავტონომიისა და ცენტრის დაუსრულებელ ურთიერთბრალდებებს; ამის მოსახსნელად შევთანხმდით, შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ინსტიტუტი ადგილზე - საბაჟოსა და ბათუმის პორტში. წარმომადგენელი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განახოციელებს კონტროლს, ადმინისტრაციულ ფუნქციებს საიმისოდ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია და შეძლოს გამჭვირვალობის შექმნა ერთობლივი ძალებით."

გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, მიაღწიეს შეთანხმებას პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული პირების გათავისუფლებაზე.

და მაინც, ეს ყველაფერი, უწინარესად კი, დრო, შესაძლოა, არ ეყოს საპარლამენტო არჩევნებისათვის ნორმალური პირობების შემზადებას: აჭარაში არ არის დაზუსტებული საარჩევნო სიები. ამომრჩევლის რეგისტრაციას არჩევნების დღეს შეუძლია გადაულახავი პრობლემები შექმნას საარჩევნო პროცედურების დაუბრკოლებლად წარმართვისათვის. აღარაფერს ვამბობთ საერთაშორისო ორგანიზაციების კატეგორიულ მოთხოვნაზე, რომ 4 იანვარს უნდა ყოფილიყო უკანასკნელი არჩევნები, რომელთა მიმდინარეობისას მოქალაქეები საარჩევნო სიებში ეწერებოდნენ. საპარლამენტო არჩევნებს აჭარაში უკვე არსებული უამრავი დარღვევის გამო კრახი ემუქრება, რადგან დღემდე პრაქტიკულად არც ერთი ორგანიზაციული პრობლემა ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკურ და საარჩევნო ადმინისტრაციას არ მოუგვარებია. ცენტრალური საარჩევნო კომისია 28 მარტის შემდეგ, მაღალი ალბათობით, დადგება დილემის წინაშე: გააუქმოს არჩევნების შედეგები აჭარაში თუ ძალაში დატოვოს ისინი?
XS
SM
MD
LG