Accessibility links

logo-print

ყარსის ხელშეკრულება აჭარაში თურქეთის ჯარების შეყვანის საფუძველს არ იძლევა


17 მარტს საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ციტატად მოყვანილია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თურქეთის ელჩის უნალ ჩევიქოზის შემდეგი სიტყვები:

"თურქეთის ხელისუფლებას, 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების თანახმად, უფლება აქვს საკუთარი ჯარები შეიყვანოს აჭარაში. ეს შეთანხმება ძალაში რჩება და ამის თქმა უკვე საკმარისია". რამდენად იძლევა თითქმის საუკუნის წინ ხელმოწერილი ყარსის ხელშეკრულება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის ჯარების შეყვანის შესაძლებლობას?

თავიდან მცირე ისტორიული ექსკურსი: ყარსის ხელშეკრულებად წოდებული დოკუმენტი, რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით, 1921 წლის 13 ოქტომბერს ქალაქ ყარსში გაფორმდა. ხელშეკრულებას ასევე ხელს აწერენ: თურქეთი, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები. ყარსის ხელშეკრულების თანახმად, თურქეთს გადაეცა ყარსი, არდაგანი და ართვინი, ხოლო საქართველოს საზღვრებში მოექცა ბათუმი. ამ დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

ისტორიკოს ნესტან კირთაძის განცხადებით, ხელშეკრულებაში ასევე შეტანილია განსაკუთრებული მუხლი,

[ნესტან კირთაძის ხმა] "...რომელიც იცავს აჭარის ავტონომიას, როგორც სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს და ამ შემთხვევაში იღებს კიდევაც ვალდებულებას თურქეთი, თუკი მის ავტონომიურ უფლებებს ან გარე ძალისაგან შემოჭრის რაიმე მუქარის შემთხვევაში იგი ვალდებულია მიიღოს, ასე ვთქვათ, თავისი გადაწყვეტილებანი, მათ შორის, სამხედრო გადაწყვეტილებანი და, მათ შორის, ჯარების შეყვანისა." (სტილი დაცულია)

ნესტან კირთაძე ამბობს, რომ, თურქული მხარის მოთხოვნით, ყარსის ხელშეკრულება 1992 წელს ედუარდ შევარდნაძისა და სელიემან დემირელის მიერ ხელმოწერილ "ჩარჩო ხელშეკრულებაშიც" იქნა გამეორებული.

[ნესტან კირთაძის ხმა] "ამას, რა თქმა უნდა, მაშინდელ პარლამენტში მოჰყვა მძაფრი დებატები და დისკუსია. მაგრამ ეს მუხლები გაიცვალა არა საქართველოს ინტერესებზე, არამედ, საერთოდ, გაიცვალა იმ ინტერესზე, რასაც ჰქვია ტერიტორიებისა და საზღვრების გადაუსინჯველობის საკითხი." (სტილი დაცულია)

კახა სიხარულიძეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ყარსის ხელშეკრულებით საზოგადოების დაინტერესება აკვირვებს:

[კახა სიხარულიძის ხმა] "უნდა გამოვთქვა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გაკვირვება: რა დროს ყარსის ხელშეკრულებაა. აღარ არსებობს აღარც ოსმალეთის იმპერია, არც საბჭოთა კავშირი, არც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, არც აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და ასე შემდეგ..." (სტილი დაცულია)

სიხარულიძის თქმით, 1992 წლის 30 ივლისს დადებული ჩარჩო-შეთანხმების პრეამბულის მე-6 აბზაცში ყარსის ხელშეკრულება, მართლაც, არის ნახსენები, თუმცა...

[კახა სიხარულიძის ხმა] "1992 წელს, როდესაც ჩვენ დავდეთ ჩარჩო ხელშეკრულება მეგობრობის, კეთილმეზობლობის ხელშეკრულება თურქეთთან, შევთანხმდით და ჩაიდო ხელშეკრულებაში, რომ ყარსი გვაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ საზღვართან დაკავშირებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მხარეებისთვის მოქმედებს შეთანხმების ის მუხლები, რომლებიც ეხება სასაზღვრო საკითხებს და მხოლოდ!" (სტილი დაცულია)

სიხარულიძის თქმით, საინფორმაციო საშუალებებმა თურქი დიპლომატის ნათქვამი შეცვლილი ინტერპრეტაციით გაავრცელეს. ამ მოსაზრებას აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს მრჩეველი გელა დუმბაძეც ადასტურებს:

[გელა დუმბაძის ხმა] "მან თქვა ორად ორი ფრაზა, რომ ყარსის ხელშეკრულება არსებობს და დღემდე მოქმედებს და ეს კომენტარს არ საჭიროებს." (სტილი დაცულია)

მე ოფიციალური პოზიციის დასაფიქსირებლად საქართველოში თურქეთის საელჩოსაც დავუკავშირდი, თუმცა, პასუხის მიღების მოლოდინში, ფაქსის აპარატთან მთელი დღე ამოდ დავშვრი.
XS
SM
MD
LG