Accessibility links

logo-print

ეთნიკური მღელვარება კოსოვოში პროვინციაში


ანდრო ეული, პრაღა მოყოლებული 1999 წლიდან, კოსოვოს პროვინციაში ამ კვირაში, ყველაზე სერიოზული მღელვარება მოხდა.

ორად გამყოფილ ქალაქ კოსოვსკა მიტროვიცაში ოთხშაბათს დაწყებული ძალადობა მყისვე მოედო პროვინციის ყველა დიდ ქალაქს, რასაც აგრესიული საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა სერბიაში. ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარმა ორდღიანმა შეტაკებებმა კოსოვოში 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო დაჭრილთა რიცხვმა ხუთასს მიაღწია.


არეულობა მიტროვიცაში მას შემდეგ დაიწყო, რაც სერბმა ბოროტმოქმედებმა ოთხშაბათს სასტიკად ნაცემი სამი ალბანელი ბიჭი მდინარეში დაახრჩეს. ხოლო წინა დღით, პრიშტინის მიმდებარე სოფელში მოზარდი ბიჯი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა დაუდგენელმა პირმა. ამის შემდეგ ძალადობა მთელს პროვინციას მოედო. ალბანელებმა სერბების სახლებსა და ეკლესიებს ცეცხლი წაუკიდეს. სერბმა ნაციონალისტებმა საპროტესტო დემონსტრაციები მოაწყეს ბელგრადისა და სერბიის სხვა ქალაქებში და მეჩეთებს ცეცხლი წაუკიდეს.

ორგანიზაცია ჰიუმენ რაიტს უოჩმა განაცხადა, რომ ნატომ და გაერომ ქმედითი ზომები უნდა მიიღონ, რათა არ მოხდეს 1999 წლის მოვლენათა განმეორება, როცა ეთნიკურ ალბანელთა მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შიშით 200,000-მა სერბმა დატოვა კოსოვო.

18 მარტის სხდომაზე, გაეროს უშიშროების საბჭომ მოითხოვა, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ყოველგვარი ძალადობა კოსოვოში, ხოლო არეულობის გამჩაღებლები, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ. ხოლო სერბიის პრემიერ-მინისტრმა ვოისლავ კოშტუნიცამ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა [ვოისლავ კოშტუნიცას ხმა]: "მრავალეთნიკური კოსოვო ვერ შეიქმნება. ლაპარაკია რეგიონზე, სადაც ურთიერთობა ალბანელებსა და სერბებს შორის უფრო იშვიათობას წარმოადგენს, და არა ცხოვრების წესს, და სადაც ორი პარალელური სამყარო არსებობს. ცხადი გახდა, რომ საკმაო დრო გახდება საჭირო, ვიდრე ეს ორი პარალელური სამყარო ერთმანეთის გვერდით შესძლებს ფუნქციონირებას".

კოშტუნიცამ კვლავ წამოაყენა წინადადება, რომ კოსოვო - ეთნიკურ კანტონებად დაიყოს. ეს წინადადება უკვე უარყვეს როგორც გაერომ, ასევე კოსოვოს ეთნიკურ ალბანელთა ლიდერებმა. კოსოვოს საბოლოო სტატუსის დღემდე მოუგვარებელი საკითხი გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა გადაწყვიტოს.

ეთნიკურ ალბანელთა ლიდერმა ჰაშიმ თაჩიმ განაცხადა, რომ ვერც ძალადობით მოგვარდება კოსოვოს პრობლემა და ვერც კანტონებად დაყოფით [ჰაშიმ თაჩის ხმა]: "ძალადობით შეუძლებელია პრობლომის მოგვარება. ძალადობა ახალ პრობლემებს წარმოშობს. კოსოვოს დაყოფას არც ჩვენ დავთანხმდებით, არც გაერო და არც ნატო. არცერთ ჩვენგანს არ აწყობს არეულობა კოსოვოში. ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ კოსოვოში პროგრესის მისაღწევად, რასაც ვაშინგტონი, ბრიუსელი და ყველა პროგრესული ძალაც მიესალმა".

დამოუკიდებლობის მომხრე ეთნიკური ალბანელები თავიანთი სტრუქტურების უფლებამოსილებათა გაფართოებას მოითხოვენ. გერო აცხადებს, რომ კოსოვომ უნდა შეასრულოს მისდამი წაყენებული პირობები, და პირველ რიგში უნდა უზრუნველყოს სერბი ლტოლვილების დაუბრკოლებელი დაბრუნება თავიანთ სახლებში, და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ამ პროვინციის საბოლოო სტატუსის განსაზღვრა, რაც 2005 წელსაა მოსალოდნელი.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა პრესკონფერენციაზე ხუთშაბათს განაცხადა, რომ მიუხედავად იმ პროგრესისა, რაც იქ 1999 წლის შემდეგ მოხდა, კოსოვოს ლიდერებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი.
XS
SM
MD
LG