Accessibility links

თავდასხმა ტაივანის პრეზიდენტზე - საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე


შაბათი, 2 მარტი წელს საპრეზიდენტო არჩევნების დღეა ტაივანში - კუნძულზე, რომელიც სამხრეთი აზიის ნაპირთან მდებარეობს, ჩინეთიდან ტაივანის სრუტით არის დაშორებული.

შაბათსვე ტარდება რეფერენდუმი ტაივანისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე - სწორედ ჩინეთთან ურთიერთობაზე. ეს უკვე საკმარისი მიზეზი იქნებოდა ჩვენს გადაცემაში დღეს ტაივანზე სასაუბროდ, მაგრამ თემა კიდევ უფრო აქტუალური და დრამატულიც გახდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ პარასკევს, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საარჩევნო კამპანიის დროს ესროლეს ამჟამინდელ პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს.

თავდასხმის შემდეგ მალევე გახდა ცნობილი, რომ საფრთხე არ ემუქრება არც პრეზიდენტის, ჩენ შუიბიანისა და არც ვიცეპრეზიდენტის, ანეტ ლუს სიცოცხლეს. [ჩიუ ი-ჯენის ხმა]
"პრეზიდენტი ჩენი და ვიცე-პრეზიდენტი ანეტ ლუ ქალაქ ტაინანში იმყოფებოდნენ, როცა მათ ესროლეს. მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე გონზეა", განაცხადა პრეზიდენტის ოფისის გენერალურმა მდივანმა ჩიუ ი- ჯენმა. მისივე თქმით, პრეზიდენტს შესწევს ქვეყნის მართვის უნარი და შაბათისთვის დანიშნული არჩევნები გეგმისამებრ, შაბათსვე გაიმართება. ამასობაში კი თავდასხმის გამოძიება დაიწყო.

რაც შეეხება იმას, რაც თავდასხმის შესახებ უკვე არის ცნობილი: ტაივანის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ღია ავტომანქანაში ჯიპში ისხდნენ და კორტეჟის თანხლებით მიემგზავრებოდნენ, როცა მათ სულ ცოტა ორჯერ ესროლეს. 54 წლის ჩენი მუცელში დაიჭრა, 59 წლის ლუ - მარჯვენა ფეხში.

ამას უმალვე მოჰყვა საარჩევნო კამპანიის შეწყვეტა როგორც პრეზიდენტის, ისე არჩევნებში პრეზიდენტის მთავარი მეტოქის ლიენ ჩანის მიერ. [ლიენ ჩანის ხმა] "იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სიმშვიდეს ჩვენს საზოგადობაში ამ კრიზისის დროს (თუმცა, არა მგონია, ეს ნამდვილი კრიზისი იყოს) გადავწყვიტეთ, შევწყვიტოთ საარჩევნო კამპანია". ეს სიტყვები ლიენ ჩანმა წარმოთქვა. მისი ოპოზიციური პარტიისა და პრეზიდენტ ჩენის პარტიის პროგრამები ერთმანეთისაგან დიდად არ განსხვავდება გარდა ერთი საკითხისა: ეს არის ჩინეთთან ურთიერთობა.

პრეზიდენტი ჩენი ჩინეთისაგან ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრეა, მაშინ როცა ჩინეთი ტაივანს თავის ურჩ პროვინციად მიიჩნევს და მისგან სეპარატიზმზე უარის თქმას მოითხოვს. პეკინი სამხედრო ძალითაც კი იმუქრება, თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, ან ჩინეთთან გაერთიანებაზე მოლაპარაკებას გააჭიანურებს. აქვე უნდა ითქვას, რომ პეკინსა და ტაივანს შორის განხეთქილება 1949 წელს, სამოქალაქო ომის დროს მოხდა.

რაც შეეხება ამ ურთიერთობის მომავალს, ტაივანის მოსახლეობა შაბათის რეფერენდუმზე გამოთქვამს თავის მოსაზრებას: პეკინთან მოლაპარაკება უნდა გაიმართოს, თუ გაძლიერდეს თავდაცვის ზომები, ჩინეთის შესაძლო სარაკეტო იერიშის მოსაგერიებლად.
ამ რეფერენდუმის ინიციატორია ტაივანის პრეზიდენტი ჩენ შუიბიანი.

დაბოლოს, ერთი მრავლისმეტყველი ფაქტი: ჩინეთის ოფიციალურ მასმედიაში საკმაოდ გვიან გამოჩნდა ცნობა ტაივანის პრეზიდენტზე თავდასხმის შესახებ - ამ თავდასხმიდან უკვე 6 საათი იყო გასული.
XS
SM
MD
LG