Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილსა და ასლან აბაშიძეს შორის მიღწეული შეთანხმების პირველი შედეგები


19 მარტიდან საქართველომ ცენტრსა და რეგიონს შორის

დაპირისპირებით შექმნილი კრიზისიდან გამოსვლა დაიწყო. პრეზიდენტსა და აჭარის ავტონომიის მეთაურს შორის მიღწეული შეთანხმების პირველი შედეგები უკვე ჩანს: აჭარის მიმართ ამოქმედებული სანქციები მოხსნილია, განმუხტულია დაძაბულობა ჩოლოქთან, დანიშნულნი არიან პრეზიდენტის წარმომადგენლები სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ბათუმის პორტში. წინა დღეებთან შედარებით, ნაკლები შეიარაღებულები ჩანან ბათუმის ქუჩებში. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ და აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელობამ ურთიერთობა საბოლოოდ მოაგვარეს.

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე პრეზიდენტის წარმომადგენლად დავით ახალაია არის დანიშნული, ბათუმის პორტში კი - ვასილ სანოძე. ისინი აჭარაში შაბათს, 20 მარტს, გაემგზავრებიან. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი იმედოვნებს, რომ იქ მათ მუშაობაში ხელს არავინ შეუშლის. სარფის საბაჟო პუნქტზე და ბათუმის პორტზე პრეზიდენტის წარმომადგენლების დანიშვნა მიხეილ სააკაშვილსა და ასლან აბაშიძეს შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი შედეგია. არის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი, შედეგებიც.

[ევგენი თავდგირიძის ხმა] "ქალაქში სიმშვიდეა, რაიმე ექსცესებს ადგილი არა აქვს, თუმცა ქალაქის ქუჩებში ისევ შეხვდებით შეიარაღებულ პირებს. უზენაესი საბჭოს შენობის წინ ისევ დგანან სატვირთო მანქანები, თუმცა მძიმე ტექნიკა იქიდან გაყვანილია. "

ასე აღწერს მიხეილ სააკაშვილისა და ასლან აბაშიძის შეხვედრის შემდგომი პერიოდის ბათუმს ჩვენი ბათუმელი კორესპონდენტი ევგენი თავდგირიძე. მისი თქმით, პარასკევს დაძაბულობა მოხსნილი იყო ჩოლოქთანაც. ეს ჩვენთან საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემაც დაადასტურა:

[გიორგი ბარამიძის ხმა] "გახსნილია უკვე მოძრაობა, რაც დაკეტილი იყო აჭარის ხელისუფლების ბრძანებით. მიდის სამუშაოები იმისთვის, რომ აღდეგს მიმოსვლა რკინიგზაზე, რადგან, ასევე აჭარის ხელისუფლების განკარგულებით, რკინიგზა იყო დაზიანებული, რელსები აყარეს. გუშინ ღამის 12 საათიდან შეწყდა საზღვაო და საჰაერო შეზღუდვები. პირადად მე ჩავიბარე პატაკი იმ კატარღების ხელმძღვანელებისა, რომლებიც ახორციელებდნენ ბათუმის საზღვაო აკვატორიის შეზღუდვას. "

19 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრს ჩვენ მაშინ ვესაუბრეთ, როცა ის ფოთიდან თბილისში ბრუნდებოდა. გიორგი ბარამიძემ იქ საკუთარი მისია ამოწურულად მიიჩნია, თუმცა ფოთში მისი მოადგილე დარჩა. აჭარის ავტონომიის მეთაურს აღებული აქვს ვალდებულება გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები, ავტონომიის ტერიტორიაზე შექმნას დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები, აღკვეთოს ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. "ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული პრობლემა ამ პირობების შესრულების შემთხვევაში მოიხსნებაო," - გვითხრა შინაგან საქმეთა მინისტრმა, თუმცა კრიზისის განმუხტვის შემდეგ მხარეებს უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხებზეც მოუწევთ დაფიქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქეთა წინასაარჩევნო რეგისტრაცია. პარასკევს იქ მუშაობა უნდა დაეწყო ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფს, რომლის მიზანსაც არჩევნებისადმი მოსახლეობის ნდობის გაღრმავება წარმოადგენს. ერთი სიტყვით, თბილისსა და ბათუმს შორის სერიოზული პრობლემა მოიხსნა, თუმცა, ალბათ, დროებით. თბილისში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ აჭარის ბლოკადა ქვეყანას 40 მილიონი დოლარი დაუჯდა.
XS
SM
MD
LG