Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა განიმუხტა დაძაბულობა თბილისსა და ბათუმს შორის, რასაც დადებითი რეაქცია მოჰყვა მიმომხილველთა მხრიდან.

"კვერისა და მათრახის ტაქტიკამ ქვემეხებისა და ტყვიებისას სძლია", -ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ "მოსკოუ ნიუსში". სტატიაში ვკითხულობთ:

"ქების ღირსია საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მტკიცედა აქვს გადაწყვეტილი წერტილი დაუსვას ქვეყანაში სეპარატიზმს და ბოლო მოუღოს კორუფციას.

აჭარის ავტოკრატი ლიდერი ასლან აბაშიძე წლების მანძილზე ცდილობდა თავისი ზღვისპირა პროვინცია დე ფაქტო დამოუკიდებელ სამთავროდ გადაექცია იმ დროს, როცა ცენტრალური მთავრობა საკმაოდ იყო დასუსტებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი ომების შემდეგ.

აბაშიძემ არა მარტო თავისი კლანის კონტროლქვეშ მოაქცია მთლიანად აჭარის ეკონომიკა, არამედ სატრანზიტო ბეგარიდან შემოსულ თანხას სააკაშვილის წინამორბედის, ედუარდ შევარდნაძის მოსაქთამად, და იმავდროულად ატარებდა დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, რათა ეს უძველესი ქართული პროვინცია რუსეთის ფედერაციის ნაწილი გამხდარიყო.

უფრო მეტიც, გასულ წელს აბაშიძემ სცადა შევარდნაძის მემკვიდრე გამხდარიყო, რისთვისაც კვლავ თბილისის კონტროლქვეშ მოაქცევდა აჭარას. როცა მისი ეს გეგმა ჩაიშალა და შევარდნაძე სააკაშვილის გუნდმა დაამხო, აბაშიძემ ძირგამომთხრელი საქმიანობა დაიწყო. იგი დაიმუქრა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა საპრეზიდენტო არჩევნებს და შეწყვიტა ბეგარის ჩარიცხვა ეროვნულ ბიუჯეტში, რათა გამარჯვებული ოპოზიცია იძულებული გამხდარიყო - მიეცა აბაშიძისთვის იმის გარანტია, რომ იგი უმტკივნეულოდ გააგრძელებდა ერთპიროვნულ მმართველობას აჭარაში.

რეგიონის ლიდერის ამგვარი ქმედება დაუშვებელია რაღა თქმა უნდა. მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ აბაშიძე ძალის გამოყენებით უნდა იქნეს დამხობილი. ასლან აბაშიძეს ჰყავს ათასობით ერთგული პოლიციელი და შეიარაღებული პირი, რომელთა კეთილდღეობა არსებული რეჟიმის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. როგორც აჭარის წინააღმდეგ სააკაშვილის მიერ დაწესებულმა ეკონომიკურმა ბლოკადამ დაგვანახა, თბილისს საკმაოდ გძელი მათრახი აქვს სეპარატისტი ბელადების მოსათვინიერებლად. ბლოკადის პირვესავე დღეს, ბატონი აბაშიძე სააკაშვილთან შეხვედრას დათანხმდა.

თბილისმა მათრახთან ერთად კვერის ტაქტიკასაც უნდა მიმართოს, ანუ ამოძირკვოს ქვეყანაში კორუფცია და ფეხზე დააყენოს ეკონომიკა. მხოლოდ ეკონომიკურად აღორძინებული, დემოკრატიული საქართველო შესძლებს უმტკივნეულოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. და ამ საქმეში, საქართველოს დემოკრატიული გზით არჩეულ მთავრობას, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა აღმოუჩინონ დახმარება.

თბილისსა და ბათუმს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა ბრიტანეთის გავლენიანი ჟურნალი "ეკონომისტიც". სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"როგორც არაერთგზის მომხდარა წარსულში, მოსკოვმა, საქართველოს ცენტრალურ მთავრობასა და აჭარის ავტოკრატ ლიდერს შორის ამ კვირაში მომხდარი დაპირისპირებისას, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა. თავდაპირველად რუსეთმა, ასლან აბაშიძის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა მიხეილ სააკაშვილი. ამის შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ ბათუმში განთავსებული რუსი სამხედროები ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდნენ მოსალოდნელ კონფლიქტში. მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ბათუმს ეწვია თავისი "მეგობრისა და ძმის", ბატონ აბაშიძის მხარდასაჭერად. მერმა ბრძანა, რომ დამოუკიდებლად მოქმედებს; ხოლო მოგვიანებით, იმავე დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: "ლუჟკოვი, რუსეთის შუამავლის როლს შეასრულებს დაპირისპირებულ მხარეებს შორისო".

20 მარტს, ერაყის წინააღმდეგ შეერთებული შტატების თაოსნობით სამხედრო ოპერაციის დაწყების პირველი წლისთავი აღინიშნა, და როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, დროა ექსპერტებმა გააანალიზონ, რას მიაღწია განვლილი ერთი წლის მანძილზე ანტიერაყულმა კოალიციამ, და რას ვერა. გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" აზრით, ერაყის დაპყრობამ და სადამ ჰუსეინის დამხობამ სულაც ვერ შეაჩერა ტერორიზმი. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"დიქტატორული რეჟიმისაგან გათავისუფლება "ძვირი" დაუჯდა მრავალ ერაყელს, ვინც დაშავდა, ან ოჯახის წევრები დაეხოცა ქვეყანაში მიმდინარე ძალადობის შედეგად. ერაყის ომით გამოწვეული დიპლომატიური უთანხმოება დასავლელ მოკავშირეებს შორის დღემდე მოუგვარებელია. და მაინც, არის მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც უკეთესი მომავლის იმედს ჰბადებს. სისხლიანი დიქტატორი, რომელიც სისტემატიურად აწამებდა, აუპატიურებდა და ხოცავდა მისთვის არასასურველ, თავისუფლად მოაზროვნეებს, დამხობილია და გასამართლებას ელოდება. მიღებულია ერაყის დროებითი კონსტიტუცია, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში დემოკრატიული მთავრობის შესაქმნელად. გრძელდება აღდგენითი სამუშაოები, და დღითიდღე უმჯობესდება ერაყში ცხოვრების პირობები."
XS
SM
MD
LG