Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოკადის მოხსნამ სერიოზული ზარალისგან გვიხსნა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირის მთავარი პოლიტიკურ-ეკონომიკური თემა, რაღა თქმა უნდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ეკონომიკური სანქციების ჯერ შემოღება, შემდეგ კი მისი გაუქმება გახლდათ.

ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რეგიონის ეკონომიკური ბლოკადა, რომელიც თავისთავად უპრეცედენტო ქმედებაა, უკიდურეს, თუმცა შექმნილ სიტუაციაში ერთ-ერთ ოპტიმალურ გამოსავლად შეფასდა. მაშინ როდესაც სავსებით რეალური იყო სისხლიანი დაპირისპირების საშიშროება, რაც ქვეყანას მორიგი ქაოსით ემუქრებიდა, ეკონომიკური სანქციები ეფექტურ ალტერნატივადაც შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა ყველა შემთხვევაში ბლოკადა არანაირად არ წაადგებოდა ქვეყანას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ბუმერანგივით დაუბრუნდებოდა მის ეკონომიკას.

ბლოკადით გამოწვეულ შესაძლო მძიმე შედეგებზე ამ დღეებში ეკონომიკურ ექსპერტებთან ერთად თავად მთავრობის წარმომადგენლებიც ღიად ალაპარაკდნენ.
,,აჭარისადმი შემოღებული სანქციები აზარალებს არა მხოლოდ ადგილობრივ ბიუჯეტს, არამედ კრიზისით ემუქრება მთელ საქართველოს", - აცხადებდა ეკონომიკის მინისტრი ირაკლი რეხვიაშვილი.

მინისტრს ამგვარი განცხადების გაკეთების საფუძველი ნამდვილად ჰქონდა. ამასთან, ბლოკადის მეორე დღესვე გამოიკვეთა სასაქონლო გადაზიდვათა მარშრუტის მეზობელი ქვეყნების სასარგებლოდ შეცვლის ტენდენცია.
უცხოეთის გემებისათვის ბათუმის პორტის დაკეტვა, საიდანაც მსოფლიო ბაზარზე ყაზახეთის ნავთობის მიწოდება ხდება, ასევე, სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვა, მილიონობით ზარალისა და პარტნიორებთან უნდობლობის გაჩენის საშიშროებას შექმნიდა.

პირველივე დღეებში თავისი პოზიცია დააფიქსირა აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტრომაც, რომელმაც რკინიგზით ნავთობის ტრანსპორტირება ბათუმის პორტში დაძაბული სიტუაციის განმუხტვამდე შეაჩერა.

აქამდე კომპანიის კუთვნილი ნავთობპროდუქტების დიდი ნაწილის ექსპორტი ფოთის პორტის გავლით ხორციელდებოდა, ბათუმის პორტის გავლით კი, მთელი ექსპორტირებული ნავთობპროდუქტის 30 პროცენტი გადის. ბათუმი, ძირითადად, დიზელის საწვავის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
ფოთის პორტს არ გააჩნია სათანადო სიმძლავრე დიზელის საწვავის შენახვისათვის, რის გამოც ბლოკადის დღეებში ამ ტვირთების ბათუმიდან ფოთში გადამისამართება არ იყო ოპტიმალური გამოსავალი. სანქციების გაგრძელების შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ქვეყანას საგრძნობი მატერიალური ზარალი მიადგებოდა, სერიოზულად შეირყეოდა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, იმიჯი.

სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტით თურქეთიდან შემომავალი ტვირთების ახალციხის მიმართულებით გადამისამართებაც ვერ მოგვცემდა შესაბამის ეფექტს, რადგან ვალეს გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, სატრანსპორტო კომუნიკაციები ნამდვილად არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც, თავის მხრივ, დისკომფორტს შეუქმნი
და გადამზიდავებს და ტვირთმოცულობა საგრძნობლად შემცირდებოდა.

ეკონომიკური სანქციები ასევე გავრცელდა საბანკო სისტემაზე. საბანკო ანგარიშების ოპერაციები გაუჩერდა აჭარაში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებასა და კომერციული ბანკების ფილიალებს. შესაბამისად, წარმოიქმნა თუნდაც იმავე ხელფასებისა და პენსიების გაცემის ტექნიკური პრობლემა. მიუხედვად იმისა, რომ ამ პრობლემის მოგვარება ალტერნატიული სქემებით, თუნდაც ფოთში არსებული საბანკო დაწესებულებების მეშვობით, შესაძლებელი გახდებოდა, გარკვეულ უხერხულობას და უარყოფით ფონს მაინც გამოიწვევდა ჩვეულებრივ მოსახლეობაში. ეს სანქციები კი თავად ბანკებისთვისაც იქნებოდა ზარალის მომტანი.

სანქციების გაგრძელების შემთხვევაში, არ იყო გამორიცხული აჭარის ტერიტორიაზე სასაქონლო დეფიციტის შექმნა და, შესაბამისად, სამომხმარებლო ფასების მატება.

საბოლოოდ, კონფლიქტის მეტ-ნაკლებად მოგვარებისა და ეკონომიკური ბლოკადის მოხსნის შემდეგ, ის ზარალი, რაც შეიძლებოდა სანქციებს გამოეწვია როგორც რეგიონში, ისე მთლიანად საქართველოს ეკონომიკისათვის, მინიმიზირებულ იქნა. სამდღიანი ბლოკადა აჭარას, ფაქტობრივად, ეკონომიკური თვალსაზრისით, არც დასტყობია და, დროის მცირე მონაკვეთის გამო, არც შეიძლებოდა სერიოზული რეციდივი გამოეწვია, თუმცა სამომავლოდ მაინც რჩება წმინდა ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელიც ისევ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯთან და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციასთან არის დაკავშირებული. ქვეყნისათვის, რომელსაც ამგვარი ფუნქციის ტვირთვის პრეტენზია აქვს, სტაბილური პოლიტიკური გარემო ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და ტრანსნაციონალური კომპანიები ყოველთვის სწორედ ამ ნიშნით ყურადღებით არჩევენ მარშრუტებს. შესაბამისად, არასტაბილური პოლიტიკური გარემო, თუნდაც ერთ ლოკალურ რეგიონში, სატრანზიტო ქვეყნის მეკავშირე ნამდვილად არ არის. თუმცა, თუ ის მოვლენები, რომელსაც გასულ კვირას ჰქონდა ადგილი საქართველოში, სამომავლოდ სწორედ პოლიტიკური სტაბილიზაციის მიღწევას შეუწყობს ხელს, მაშინ ამგვარი მსხვერპლის გაღება, შესაძლოა, ღირდა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკური ესკალაციის შედარებითმა განელებამ და ეკონომიკური ბლოკადის მოხსნამ საქართველო ამჯერად სერიოზული პირდაპირი ეკონომიკური და მორალური ზარალისაგან იხსნა.
XS
SM
MD
LG