Accessibility links

logo-print

სახელისუფლებო ბლოკმა აქტიური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ბლოკმა "ნაციონალური მოძრაობა -დემოკრატები" თბილისში აქტიური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. 20 მარტს ბლოკის სიის პირველ ათეულში

შემავალმა ადამიანებმა თბილისის სხვადასხვა უბანში საკუთარი ხელით გააკრეს საარჩევნო სააგიტაციო პლაკატები. ნაშუადღევს კი მოსწავლე ახალგაზრდობის სარკეებიან დარბაზში ბლოკის 188 წევრმა ხელი მოაწერა ფიცის ტექსტს, რომ, პარლამენტში არჩევის შემთხვევაში, მხარს დაუჭერენ სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას.

როგორც გახსოვთ, ამ ორიოდე თვის წინ, როცა პარლამენტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პრეზიდენტ სააკაშვილის საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივას, ერთადერთი ცვლილება, რომელიც ჩავარდა, სადეპუტატო იმუნიტეტის შეზღუდვას ეხებოდა. ამჯერად პრეზიდენტმა თადარიგი დაიჭირა და საკუთარი პარტიის დეპუტატობის კანდიდატებს საჯაროდ მოსთხოვა იმის აღიარება, რომ, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერენ სადეპუტატო იმუნიტეტის შეზღუდვას:
[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] " პარლამენტი დღეის შემდეგ, თუ ჩვენ გავიმარჯვებთ და თუ ჩვენ ავიღეთ იმდენი ადგილი, რაც საკმარისია კონსტიტუციის შესაცვლელად, ვეღარ გახდება კრიმინალების თავშესაფარი."
პარლამენტს თავშეფარებული კრიმინალების ვინაობა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია. თუმცა ძნელი არ არის იმ შემთხვევების გახსენება, როცა გენერალურ პროკურატურას ამა თუ იმ დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით უშედეგოდ მიუმართავს პარლამენტისთვის. ახალ პარლამენტში მსგავსი რამ, პრეზიდენტის განცხადებით, აღარ მოხდება:
[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] " დღევანდელი განცხადება არის ის, რომ ეცოდინება ნებისმიერ ამომრჩეველს: როგორც კი იქნება ახალი პარლამენტი, ძველი პარლამენტის კრიმინალებსაც მოევლებათ და ახალ პარლამენტში თუ გაკრიმინალდა ვინმე, ოქრუაშვილთან სიამოვნებით მიიღებენ ასეთ ადამიანს, ვინც თავზე ხელს აიღებს. ეს არის და ეს. როგორც უნდა იყოს ნორმალურ საზოგადოებაში."
როგორ არის იმუნიტეტის საქმე ნორმალურ საზოგადეობაში? - პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ იმუნიტეტი სხვადასხვა ფორმით ყველა ქვეყანაში არსებობს:
[ ვახტანგ ხმალაძის ხმა] " იმუნიტეტი ყველგან არის, მაგრამ იმუნიტეტის ზომაა სხვადასხვა. ზოგან არის ძალიან ძლიერი იმუნიტეტი, ზოგან არის სუსტი. სპექტრი საკმაოდ ფართოა. ჩვენთან როგორი იმუნიტეტიც იყო, ეს მიეკუთვნება ძალიან ძლიერი იმუნიტეტის კატეგორიას."
შეელევიან ახალი მოწვევის პარლამენტარები ძლიერ იმუნიტეტს? - იმ შემთხვევაში, თუ ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები" საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა პარლამენტში, პირველი გადაწყვეტილება სწორედ იმუნიტეტის შეზღუდვას შეეხება. ასე ამბობს პრეზიდენტი და ამასვე ადასტურებს პარლამენტის პოტენციური თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. 20 მარტს მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელოვან ფაქტად შეაფასა ის, რომ ფიცის ტექსტზე პირველი ხელმოწერა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა, რადგან, მიხეილ სააკაშვილის ვარაუდით, იმუნიტეტის შეზღუდვასთან დაკავშირებულ სხდომას ახლად მოწვეულ პარლამენტში სწორედ ნინო ბურჯანაძე წაიყვანს.
XS
SM
MD
LG