Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ებრძვის თუ არა ხელისუფლება ოპოზიციას შევარდნაძის დროინდელი მეთოდებით


წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის სახელისუფლებო რესურსის გამოყენებით ხელოვნური ბარიერების შექმნა უცხო არ არის ქართული პოლიტიკური ბრძოლის პრაქტიკაში.

თუ შევარდნაძის ხელისუფლება ოპოზიციას გზებზე ქვებითა და ბარიკადებით ხვდებოდა, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ოპოზიციის ლიდერები სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებით გზიდან ჩამოიცილონ. ერთი ასეთი ინციდენტი მოხდა ქუთაისში 19 მარტის გვიან საღამოს, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, "მემარჯვენე ოპოზიციის" წარმომადგენლის, დავით ბენიძის დაკავებას შეეცადა.

[ხმაური]

ასეთი ხმაური ისმოდა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ბენიძის კაბინეტში მას შემდეგ, რაც იქ მისი პარტიის ლიდერებმა დავით გამყრელიძემ და დავით საგანელიძემ შეაღწიეს. ბენიძის კაბინეტის კარის შემტვრევა მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კარს მიღმა დავით ბენიძის სასოწარკვეთილი ხმა და თვითმკვლელობის მუქარა გაისმა. ოთახში მომხდარი შეხლა-შემოხლისას ბენიძე სათადარიგო გასასვლელიდან გაუჩინარებას ახერხებს და ამ დრომდე გაურკვეველი რჩება მისი ადგილსამყოფელი.. მე მომხდარის კომენტირება ქუთაისის პროკურორს გელა გოგლიჩიძეს ვთხოვე.

[გელა გოგლიჩიძის ხმა]

გოგლიჩიძის განცხადებით, ბენიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე წლის წინ, ქუთაისის მუნიციპალური მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარეობისას, ბენიძის მიერ გამოჩენილი თანამდებობრივი გულგრილობის შედეგად 322 ათასი ლარის სახელმწიფო ქონების განიავების გამო აღიძრა. მაგრამ პროკურატურამ ბენიძის საცხოვრებელ სახლში და სამუშაო კაბინეტში ჩხრეკა სასამართლოს სანქციის გარეშე ჩაატარა.

[გელა გოგლიჩიძის ხმა] "არა, სასამართლოს გარეშე, გამოძიების გადაუდებელი აუცილებლობით მოხდა ეს."

თუ რა გადაუდებელ აუცილებლობაზეა ლაპარაკი, პროკურორს აღარ განუმარტავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩხრეკა ჩაბნელებულ ოთახში, შეზღუდული ხილვადობის პირობებში, მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე, გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პროკურატურა ბენიძისთვის ნარკოტიკების ჩადებას ცდილობდა.

ჩვენი ქუთაისელი კორესპონდენტის ნინო ღაჭავას ინფორმაციით, პროკურატურამ ერთხელ უკვე სცადა ბენიძის დაკავება ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით, თუმცა მაშინ საკრებულოს თავმჯდომარეს ნარკომანობა არ დაუმტკიცდა.

[დავით გამყრელიძის ხმა] "დღეს, უბრალოდ, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს დაშინების პოლიტიკა. პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, საკრებულოს არასასურველი წევრების, მეწარმეების თუ მოქალაქეების დაკავება, დაჭერა და ამ ფორმით მათი მოცილება საზოგადოებისგან."

ეს იყო მემარჯვენე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტარ დავით გამყრელიძის კომენტარი, რომელსაც, კიდევ ერთ თანაპარტიელ პარლამენტარ დავით საგანელიძესთან ერთად, გამოძიების მსვლელობისათვის ხელის შეშლა ბრალდება და სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. როგორც იმერეთის მხარის გუბერნატორი, ასევე პროკურატურის წარმომადგენლები უარყოფენ სამართალდამცველთა მოქმედების კავშირს პოლიტიკასთან, თუმცა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება გამოძიებაში ხელისუფლების პოლიტიკურ დაუინტერესებლობას აქარწყლებს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ქუთაისში როცა დასაკავებელ პირს, ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელსაც ბრალი ედება კონკრეტულ დანაშაულში, გამოესარჩლნენ დეპუტატის იმუნიტეტით კბილებამდე შეიარაღებული, პარლამენტის ჩვენი სახელოვანი წევრები... მე ერთი უნდა ვკითხო ხალხს, თქვენ გინდათ პარლამენტში აირჩიოთ ეს ხალხი, რომელიც დადის და კანონიერი ქურდის მეთოდებით აპირებს საზოგადოების მართვას?..."

შეგახსენებთ, რომ 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, ხელისუფლების წინააღმდეგ გამოჩენილი აქტივობისას, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მაშინდელი ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მიმართაც.
XS
SM
MD
LG