Accessibility links

logo-print

ახალგაზრდული პროგრამა


დავით პაიჭაძე, თბილისი გამარჯობა! ახალგაზრდულ პროგრამაში დღეს, ჩვენი აზრით,

პრობლემატურ საკითხებს ვეხებით. სამიოდე დღე გავიდა საქართველოს პრეზიდენტისა და აჭარის ხელისუფლების ხელმძღვანელის შეხვედრის შემდეგ და, შეიძლება ითქვას, შეთანხმების პირობები უკვე დაირღვა: ბათუმში სცემეს გიორგი ჩარკვიანს, მოძრაობა "კმარას" წევრს. სცემეს, როცა ქალაქში პლაკატს აკრავდა, სცემეს იმის გამო, რომ ბათუმში ოპოზიციის მარბიელთა წინააღმდეგ ჩვენება ჰქონდა მიცემული. "კმარას" აქტივობაზე აჭარაში 18 მარტის ზავის შემდგომ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილში ვიასუბრებთ, მანამდე კი ერთ ახალგაზრდას წარმოგიდგენთ. აკაკი (იგივე აკო) მინაშვილი ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებებს სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში, ასე ვთქვათ, ჩანან, პროფესიულად ეს საქმე თითო-ოროლა პიროვნებას თუ აქვს ნასწავლი. ერთ მათგანს ჩვენ ახლა გავესაუბრებით.

[დავით პაიჭაძის ინტერვიუ აკაკი მინაშვილთან]

ეს იყო აკაკი მინაშვილი, ადამიანის უფლებათა მომავალი დამცველი. ახლა კი იმათზე ვილაპარაკოთ, ვისი უფლებებიც დასაცავია საქართველოში. მოძრაობა "კმარა" ბათუმში არაერთხელ შეავიწროეს, შეიჭრნენ მის ოფისში, დევნიდნენ მოძრაობის წევრებს. მიხეილ სააკაშვილისა და ასლან აბაშიძის შეხვედრის შემდეგ აჭარის ხელისუფლებას უნდა უზრუნველეყო მოქალაქეთა ძირითადი უფლებების განხორციელება, მათ შორის, საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმართვა და გადაადგილების თავისუფლება. რამდენად სარგებლობენ აჭარის აქტიური მოქალაქეები - მოძრაობა "კმარას" წევრები - ამ უფლებებით, ამაზე რადიო "თავისუფლებას" "კმარას" წევრი თეა თუთბერიძე ესაუბრა.

დავით პაიჭაძე

თეა თუთბერიძესთან საუბარი ასეთი შეკითხვით დავიწყე: პრეზიდენტ სააკაშვილის ბათუმში ჩასვლიდან ორ დღეში სცემეს "კმარას" წევრს, გიორგი ჩარკვიანს. პრეზიდენტის მოთხოვნა, აჭარის ხელისუფლებას უზრუნველეყო სამოქალაქო უფლებათა დაცვა, დაირღვა. რა მოხდა 18 მარტს ბათუმში - დაიდო ფუნდამენტური შეთანხმება თუ, უბრალოდ, პარტია გადაიდო?

[თუთბერიძის ხმა] "ფუნდამენტური შეთანხმების ილუზია არ მქონია. როცა ამ ყველაფერს ვუსმენდი, არ გამჩენია გრძნობა, რომ ყველაფერი კარგად იყო. აბაშიძე, უბრალოდ, იძულებული გახდა წასულიყო დათმობაზე. თუმცა ამ შეთანხმებას აბაშიძე დაარღვევდა."

"კმარას" არც 20 მარტამდე აკლდა დევნა და შევიწროება. მე ვთხოვე თეა თუთბერიძეს ჩამოეთვალა მეთოდები, რომელთაც აჭარის ხელისუფლება კმარელებთან საურთიერთოდ იყენებდა:

[თუთბერიძის ხმა] "ძირითადად, ეს არის ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემა, დაშინება, მუქარა - როგორც სატელეფონო, ისე ოფისში მივარდნით. ჩვენს აქტივისტებს ადებენ იარაღს. ერთადერთი, რაც შეგვიძლია პასუხად მოვიმოქმედოთ - ვატყობინებთ ჟურნალისტებს."

აჭარაში ვითარების გამწვავებისას კმარელებმა აქტიურობა შეანელეს. 18 მარტის შეთანხმება მათ საშუალებას აძლევდა, საქმიანობა განეახლებინათ. პირველი, რაც "კმარამ" გააკეთა, ბათუმში პლაკატების გაკვრა გახლდათ. პლაკატების შინაარსი კი ასეთი იყო:

[თუთბერიძის ხმა] "კმარა პოლიტპატიმრები! კმარა თავისუფალი სიტყვის დევნა! კმარა აბაშიძის სეპარატისტული დიქტატურა! ეს ჯდება კანონის ფარგლებში, რადგან კონსტიტუცია მოქალაქეს ანიჭებს უფლებას, თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი, იქნება ეს საინფორმაციო საშუალებებით, აქციებზე გამოსვლით, პლაკატების გაკვრით და ა.შ."

"კმარას" პლაკატებზე არაფერი წერია ისეთი, რაც ამ მოძრაობას მანამდე არ უთქვამს თანამოქალაქეებისათვის. მე დავინტერესდი, კიდევ რა სახის საქმიანობას განახორციელებს "კმარა" აჭარაში, სანამ მოძრაობას ამის საშუალებას მისცემენ?

[თუთბერიძის ხმა] "ჩვენი აქტივისტები გეგმავენ რაიონებში, სოფლებში გასვლასა და კარდაკარ სიარულს წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შესახვედრად. ჩვენ მოვუწოდებთ, ყველანი წავიდნენ არჩევნებზე, არ შეუშინდნენ ზეწოლას, თავად გადაწყვიტონ, ვის მისცენ ხმა, დაიცვან არჩევანის უფლება და არ დაანებონ ის აბაშიძესა და მის კლანს. მიუხედავად მოსალოდნელი ზეწოლისა, საზოგადოებამ მაინც შეძლოს აზრის გამოხატვა, - ძირითადად, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ."

"კმარას" წინასაარჩევნო აქტივობა სხვაგვარადაც გამოიხატება: მოძრაობა აგროვებს ცნობებს, თუ როგორ ხორციელდება წინასწარი რეგისტრაცია საარჩევნო უბნებზე. პრობლემათა შესახებ "კმარა" საზოგადოებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმირებას აპირებს. ზოგადად, მოძრაობის მიზანია, ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესის ნორმალურად წარმართვას, რასაც "კმარა" მეორე მოძრაობასთან, "ჩვენ აჭარასთან" პარტნიორობით აპირებს. თეა თუთბერიძის თქმით, "კმარა" მხოლოდ ბათუმსა და ქობულეთში არ მოქმედებს.

[თუთბერიძის ხმა] "გვყავს აქტივისტები ხულოში, ხელვაჩაურში, თუ არ ვცდები, ქედაშიც. უბრალოდ, ისინი აშკარად არ ჩანან, რადგან არ არის საშუალება, მათი საქმიანობა გაშუქდეს."

კიდევ ერთი პრინციპი, რომლის განხორციელებაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჭარაში სავალდებულოდ გამოაცხადა, გადაადგილების თავისუფლება გახლდათ. მე ვკითხე თეა თუთბერიძეს, "კმარას" წევრებს თუ აქვთ ამ მხრივ რაიმე პრობლემა?

[თუთბერიძის ხმა] "ნამდვილად არის ეს პრობლემა: ჯანო რიჟვაძემ, ავთო ბერიძემ და სხვებმა ვერ მოახერხეს შესულიყვნენ აჭარაში, ჯერჯერობით ვერ გადალახეს ჩოლოქი, თუმცა სხვა გზებით ცდილობენ იქ მოხვედრას."

ამ სირთულეთა მიუხედავად, "კმარა" თავდაჯერებულია:

[თუთბერიძის ხმა] "მოსახდენი აჭარაში მოხდება. იმედი გვაქვს, ძალიან სწრაფად დასრულდება აბაშიძის დიქტატურა, რასაც "კმარა" ძალიან აქტიურად შეუწყობს ხელს."

ალბათ, ბევრს ახსოვს: ამ მოძრაობის წევრები ასეთივე თავდაჯერებით ლაპარაკობდნენ შევარდნაძის გადადგომაზე 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ. თეა თუთბერიძის თქმით, მათ რწმენას, მაშინაც და ახლაც, ერთი საფუძველი აქვს:

[თუთბერიძის ხმა] "საფუძველი არსებობს აჭარის მოსახლეობაში; მისი დიდი ნაწილის განწყობა ასეთია: აბაშიძე უნდა წავიდეს. აბაშიძე აჭარაში ხალხის ნებას არ გამოხატავს (აქ არ ვლაპარაკობ მისი კლანის შემადგენელ რამდენიმე გვარზე). საზოგადოების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ის, აბაშიძე, აღარ უნდა იყოს ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი."

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG