Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


საქართველოს უამრავი პრობლემა აქვს, ამიტომ გასაკვირი არ არის,

რომ ქართული მედია და თანამედროვე ქართული კულტურაც, ძირითადად, საკუთარ გასაჭირზეა კონცენტრირებული. ტერაქტს ესპანეთში, მაგალითად, ქართულმა ტელეარხებმა საინფორმაციო გადაცემების "ფინალური ბლოკები" მიუძღვნეს. ესპანეთს აჭარა ჩაენაცვლა. ყველაფერი ეს კი ჰუმანიზმის დეფიციტით და ქართული კულტურის "ეგოცენტრიზმით" არ აიხსნება. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ "ნარცისიზმი" არ შეიძლება იყოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმართ ქართული საზოგადოების გულგრილობის მიზეზი. მით უმეტეს, რომ "ნარცისიზმსაც" თავისი მიზეზები აქვს და თავს იჩენს იქ, სადაც ჯერ კიდევ პოპულარულია რადიკალური იდეები, სადაც საზოგადოების ერთი ნაწილი ამტკიცებს, ობოლი ერი ვართო, მეორე კი დარწმუნებულია, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება საქართველოსკენაა მიმართული.

არა და არა... თანამედროვე ქართული კულტურა მხოლოდ ამ სტერეოტიპებით არ არის გაჟღენთილი. ცდება ის, ვისაც განზოგადება უყვარს და ეგრეთ წოდებული "ეთნოფსიქოლოგიის" დასადგენად ისტორიას იშველიებს, ამტკიცებს, ქართველებს მოგზაურობა არასდროს არ უყვარდათ, ტრაბზონსაც კი ლამის სხვა პლანეტად აღიქვამდნენო. მოგზაურობა რომ უყვარდათ და უყვართ, ამას თბილისში ახლახან დასრულებული კინოფესტივალი "ნიამორიც" ამტკიცებს... "ნიამორი", ე.ი. "სამთო-სათავგადასავლო და ექსტრემალური ფილმების ფორუმი", რომლის მსგავსი მსოფლიოს სულ რამდენიმე ქალაქში იმართება: იტალიაში, ტორონტოში 1952 წლიდან ეწყობა "მთის ფილმების ფესტივალი", ამავე თემას ეძღვნება ბრიუსელის, ჟენევის ყოველწლიური საერთაშორისო კინოფორუმები... პირველი "ნიამორი" მხოლოდ ქართველი რეჟისორების ფილმებით შემოიფარგლა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოგზაურობის თემა იმდენად პოპულარულია ქართულ კინოში, რომ ქართული"სამთო ფილმების" ფესტივალი თავისუფლად შეიძლება ყოველწლიურად მოეწყოს. პოსტსაბჭოთა საქართველოში თურმე უამრავ ადამიანს ჰქონია საკუთარი საზღვრებიდან გასვლის სურვილი... და არა მარტო მოგზაურებს, ალპინისტებს, არამედ კინოკამერით შეიარაღებულ ოპერატორებს, რეჟისორებს, ჟურნალისტებს.

ნინო ჯაფიაშვილი - ავტორი ფილმისა "თუჯიჩეი ჯომოლუნგმა", რომელიც "ნიამორის" მთავარი პრიზით აღინიშნა, პოპულარული ჟურნალისტია. მუშაობდა "ინტერნიუსში", დღეს კი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წამყვანია. პარალელურად, სწავლობს რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში, კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. "თუჯიჩეი ჯომოლონგმა" თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც ჩვეულებრივი სატელევიზიო რეპორტაჟი - ნინო ჯაფიაშვილი ტელევიზიამ ევერესტის დაპყრობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმის გადასაღებად გაგზავნა. ნინო ჯაფიაშვილის თქმით, იქ მას ქართველი ალპინისტების დელეგაცია დახვდა:

[ნინო ჯაფიაშვილის ხმა] "ყველა ლეგენდარულმა ალპინისტმა თავი მოიყარა ამ ზეიმზე. იმავე წელს სამი ქართული ექსპედიცია იყო ევერესტზე. ბიძინა გუჯაბიძე მეორედ აპირებდა ევერესტზე ასვლას ჩრდილოეთის მხრიდან, მეორე იყო ასევე საინტერესო ექსპედიცია - პირველად მიდიოდა ჰიმალაიზე ქართველი ქალი, სოფო თვარაძე... და კიდევ მესამე, გია თორთლაძე და მამუკა ციხისელი ადიოდნენ... სამივე ჯგუფს შევხვდით კატმანდუში და გადავიღეთ ისინი მთიდან ჩამოსვლის შემდეგ."

ნინო ჯაფიაშვილი გვახსენებს, რომ ბოლო დროის ქართულ კულტურაში, განსაკუთრებით ლიტერატურაში, აღმოსავლეთის თემა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ქართველი მწერლები, მხატვრები, ფოტოგრაფები საკუთარი ხარჯებით მიემგზავრებიან ინდოეთში, ნეპალში და იქიდან აღფრთოვანებულები ჩამოდიან. ახლა მათ კინემატოგრაფისტები და ჟურნალისტებიც დაემატნენ.

[ნინო ჯაფიაშვილის ხმა] "ფილმი ისე მთავრდება, რომ არა აქვს მნიშვნელობა, ვინა ხარ, ალპინისტი თუ ჟურნალისტი - უბრალოდ, ბუდას სამშობლოში ყველა იმას პოულობს, რასაც ეძებს."

ნინო ჯაფიაშვილი ამ ეგზოტიკური მოგზაურობის დეტალებზეც გვიამბობს. ამბობს, რომ 35 წუთიანი ფილმი მხოლოდ ნაწილია იმ უზარმაზარი მასალისა, რომელიც ფილმის ავტორებმა კატმანდუში ყოფნის დროს, სულ ხუთ დღეში გადაიღეს. ამავე დროს, აღიარებს, რომ ფილმში შევიდა კადრები, რომელიც მას თავად ალპინისტებმა გადასცეს. მერე კი გვიხსნის, რატომ დაარქვეს ფილმს "თუჯიჩეი ჯომოლუნგმა":

[ნინო ჯაფიაშვილის ხმა] "შერპების ენაზე "თუჯიჩეი" ნიშნავს "მადლობელი ვარ"... თენსინგ ნორგენმა, რომელიც ევერესტის პირველი დამპყრობელი იყო, დაწერა წიგნი "თუჯიჩეი"... ეს იყო იდეა სათაურის... "მსოფლიოს მეორე ბოლოში მოვხვდით... ყველაფერი გადავიღეთ, რისი გადაღებაც შეიძლებოდა. დილის 4 საათზე ვდგებოდით და შუაღამემდე ვიღებდით."

"მსოფლიოს მეორე ბოლო" ქართველებისთვის ფილმის ოპერატორმა თემურ გოგოლაძემ გადაიღო. სწორედ მას გადასცეს "ნიამორის" საზეიმო დახურვაზე პრიზი საუკეთესო ოპერატორისთვის. პროფესიით იგი მხატვარია, თუმცა "რუსთავი 2"- ში ტელეკომპანიის დაარსების დღიდან მუშაობს. თემურსაც გული სწყდება, რომ "ნიამორის" მთავარი პრიზით აღნიშნულ ფილმში გადაღებული მასალის, როგორც თავად ამბობს, "ხუთი პროცენტი შევიდა". უკვირს კიდეც, რომ სწორედ ამ ფილმმა გაიმარჯვა ფესტივალზე, თუმცა იმასაც დასძენს, რომ მთავარი პრიზი მისთვის დიდი სტიმულია დაასრულოს მუშაობა დიდ ფილმზე, რომელსაც არამარტო ქართველი მაყურებელი ნახავს:

[თემურ გოგოლაძის ხმა] "ნეპალი მარტო საქართველოსთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის არის უცხო, ეს არის ქვეყანა, რომელსაც ვერასდროს ნახავ ტელევიზორში, ანუ ევროპა, ამერიკა ყოველდღე თვალწინ გიდგას, ნეპალი - არა. იშლება ის ფასეულობა, რომელიც შენ წარმოგიდგენია... თურმე გაცილებით შემოქმედებითია, მით უმეტეს, ოპერატორისთვის. ისეთი ქვეყანა იყო, შეგეძლო ერთ წერტილში მდგარიყავი, გებრუნა გარშემო და დეტალები გადაგეღო... ჩათვლიდა ყველა, რომ შენ ბევრი გადაიღე, სინამდვილეში ყველაფერი ერთი წერტილიდან იქნებოდა გადაღებული."

სხვათა შორის, კინოს ისტორიის ყველაზე კრიზისულ ეტაპებზე, დიდი კინემატოგრაფისტები ხსნას სწორედ აღმოსავლეთში ხედავდნენ. ინდოეთი და ნეპალი - ჟან რენუარის, რობერტო როსელინის და კიდევ სხვათა "მუზად" იქცა მაშინ, როცა ევროპულ კინოს ძალიან გაუჭირდა.

დღეს ქართულ კინოსაც ძალიან უჭირს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კრიზისის მიზეზი "იდენტიფიკაციის პრობლემაა"... კომუნისტური მარწუხებისგან განთავისუფლებულ ქართველ კინორეჟისორებს, მათ შორის, იმასაც, ვინც სწორედ კომუნისტურ ეპოქაში გადაიღო თავისი საუკეთესო ფილმები, "მუზები" არ სწყალობთ. საკუთარ თავზე კონცენტრირებულ ქართულ კინოს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, რა მოხდა ქვეყანაში უკანასკნელი 15 წლის მანძილზე და რა ხდება დღეს. თემურ გოგოლაძე დარწმუნებულია - ისტორიისა და დროის კანონზომიერების გასაგებად იქ უნდა წახვიდე, სადაც ისტორიაც და დროც გაშეშებულია:

[თემურ გოგოლაძის ხმა] "მეგობარი მყავს, რომელიც გერმანიაში გაემგზავრა საცხოვრებლად. მწერს ხოლმე, იტალიაში ვიყავი, რა მაგარია, ფოტოებს მიგზავნის ხოლმე, იქ რომ ჩავედი, სამ დღეში გავუგზავნე "იმეილი" - რა გინდა მანდ, ჩამოდი აქ... იმ ხალხისთვის არ არსებობს დრო...იმათთვის სულერთია, რომელ საუკუნეში ხარ... რაღაც ფასეულობა, რომელიც დღეს არსებობს დედამიწაზე, მათთვის არის მოდა. მხოლოდ მოდა."(სტილი დაცულია)

კინოს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ, სახვითი თვალსაზრისით, "თუჯიჩეი ჯომოლუნგმა" ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფილმია თანამედროვე ქართულ კინოში, რომ ეს არ არის "ტურისტული ფილმი" ფერადოვანი კადრებით, არ არის "მისალოცი ბარათების" სერია... რომ ეს ნამდვილი კინოა, სადაც მთავარი კამერისა და არქიტექტურის, კამერისა და ადამიანის დამოკიდებულებაა. ჩვენი საუბრის ბოლოს თემურს ვკითხეთ, როგორი იყო რეაქცია იმ ადამიანებისა, რომელთაც ქართველი ოპერატორის კამერა იღებდა:

[თემურ გოგოლაძის ხმა]"მიეჩვივნენ - ზოგი არ აქცევდა ყურადღებას. რაც მთავარია, კამერით როცა იღებ, ყველა თავის საქმეს აკეთებს. არც ერთი სცენა არ "დამიდგამს" იქ... ადამიანებში არ არსებობს "მიცნობ, არ გიცნობ, უცხო ხარ"... არ გეკთხება არაფერს."
"ვდგავარ კამერით... მოვიდა ორი ბიჭი და მიყურებს, კამერა გავშალე, ჩავრთე და მიყურებენ. მე მათთვის უცხოპლანეტელი ვიყავი."

მათთვის ქართველი ოპერატორი - უცხოპლანეტელი იყო. მაგრამ "ნიამორის" მთავარი პრიზების ლაურეატების ნინო ჯაფიაშვილისა და თემურ გოგოლაძის თქმით, აღმოსავლეთი მათთვის უცხო პლანეტა აღარაა. ყველაფერი ახლოსაა... ამიტომ ხალხი არ შეიძლება იყოს "ობოლი".
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG