Accessibility links

logo-print

''ქართული სპორტის საუკუნე - დაუვიწყარი სახელები'' - ანდრო ჟორდანია


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი დღევანდელი სპორტული პროგრამა ეძღვნება ქართული ფეხბურთის

დიდ მოამაგეს, სახელოვან მწვრთნელს ანდრო ჟორდანიას.

ანდრო ჟორდანია დაიბადა ტარტუში 1904 წლის 29 დეკემბერს. სხვადასხვა წლებში თამაშობდა თბილისისა და კიევის "დინამოში", ივანოვოს "ოსნოვაში", ამიერკავკასიისა და საკავშირო ნაკრებში, წვრთნიდა თბილისის "დინამოსა" და "სპარტაკს", ივანოვოს "ოსნოვასა" და ქუთაისის "ტორპედოს". მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამომ" ოთხჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მედლები, სამჯერ კი საკავშირო თასის ფინალში ითამაშა. სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი. გარდაიცვალა თბილისში 1974 წლის 25 აპრილს.

ანდრო ჟორდანიას ქართული ფეხბურთის პატრიარქად მოიხსენიებენ, იმ საქმის ერთგულ მსახურად, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა. ძველი თაობის ფეხბურთელთა ერთსულოვანი აზრია: რომ არა ანდრო ჟორდანია, ჩვენი ფეხბურთის ისტორიას ამდენი ცნობილი ოსტატის სახელი ვერ შემორჩებოდა. ჟორდანია იყო ის კაცი, ვისაც შეეძლო თითისტოლა, თითქოს არაფრით გამორჩეულ ბიჭში მომავალი ვარსკვლავი ამოეცნო. ალღო იშვიათად ღალატობდა. ქუჩა-ქუჩა, სოფელ -სოფელ დადიოდა და ვისაც თვალს დაადგამდა, თავის გუნდში უხმობდა და დიდი ფეხბურთის გზაზე აყენებდა. ასეთები კი ბევრნი იყვნენ. მხოლოდ რამდენიმეს შეგახსენებთ: გივი ჩოხელი, მიხეილ მესხი, მურთაზ ხურცილავა, სერგო კოტრიკაძე, შოთა იამანიძე, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, ვლადიმერ ბარქაია, ზაურ კალოევი...თითქმის მთელი თბილისის "დინამო" გამოვიდა, გუნდი, რომელმაც 1964 წელს პირველად მოიგო საკავშირო ჩემპიონატი. ანდრო ჟორდანიას აღზრდილთაგან სხვადასხვა წლებში 15 ფეხბურთელი თამაშობდა საბჭოთა ნაკრებში, ცხრას მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება, ორმა კი ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. იმდროინდელი თბილისის "დინამოს" მეკარეს სერგო კოტრიკაძეს კარგად ახსოვს მომავალ მწვრთნელთან პირველი შეხვედრა, რაც გარდამტეხი აღმოჩნდა მის სპორტულ კარიერაში:

[სერგო კოტრიკაძის ხმა] "ანდრო ერთხელ დაესწრო ჩემს თამაშს, თამაშის მერე ჩემთან მოვიდა და მითხრა, ხვალ შენ დიღომში საწვრთნელ ბაზაზე ჩამოხვალო. წარმოიდგინეთ, ერთ თამაშში მნახა და უკვე "დინამოში" მიმიწვია. არა მარტო მე, ასე იყო მთელი თაობები. მე მახსოვს, როცა მიშა მესხი თბილისის "დინამოში" მოიყვანეს, მას ბუცი არ ჰქონდა და ანდრომ თავისი ბუცი მისცა. ანდრო დიდი იუმორის პატრონი იყო. ერთხელ მოსკოვის "დინამოს" ვეთამაშებოდით და დილით ვუთხარი, ბატონო ანდრო, წუხელ ყელი მტკიოდა და შეიძლება ვერ შევძლო თამაში-მეთქი. მითხრა, შენ ოპერაში ხომ არ მიდიხარ სამღერლად, ფეხბურთის სათამაშოდ უნდა გახვიდეო."

ანდრო ჟორდანია თავადაც კარგი ფეხბურთელი ყოფილა, 1920-იანი წლებიდან თბილისის სხვადასხვა გუნდში გამოდიოდა, 1925 წელს კი ახალშექმნილ "დინამოში’ მიიწვიეს და პირველ კაპიტნადაც აირჩიეს. იმდროინდელი მოგონებები და მრავალწლიანი სამწვრთნელო გამოცდილება ფართოდ არის წარმოდგენილი 1976 წელს გამოცემულ წიგნში "ფიქრები ქართულ ფეხბურთზე". აი, ერთი ნაწყვეტი ჟორდანიას მოგონებებიდან: "ჩემს ბავშვობაში ბევრი მოედანი გვქონდა, ბურთები და ბუცები კი ძალიან ცოტა. ვთამაშობდით ძალიან ბევრს, სანამ არ მოგვწყინდებოდა, ვიდრე ისე დაღამდებოდა, რომ ბურთს კი არა, ერთმანეთს ძლივს ვხედავდით. თითოეული მატჩი სერიოზული და საბრძოლო იყო. მერე რა ბიჭები თამაშობდნენ, მართლაც ოქროს ბიჭები. თვალს ვერ მოაცილებდი. მათი უმრავლესობა უკვალოდ გაქრა, იმიტომ რომ არ იყო მაშინ გუნდები. მხოლოდ 1925 წელს შეიქმნა პირველი სპორტული საზოგადოება "დინამო", რომელსაც ჰყავდა თავისი გუნდი. მახსოვს, პირველად ბუცები რომ შეგვიკერეს, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა."
თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაშიც და მერეც, როცა მწვრთნელად დაიწყო მუშაობა, ანდრო ჟორდანიამ არაერთი გუნდი და ქალაქი გამოიცვალა. თბილისში საბოლოოდ მხოლოდ მაშინ დამკვიდრდა, როცა საბჭოთა ხელისუფლების აქტივისტებმა მის დევნაზე ხელი აიღეს, თუმცა, როგორც ჟორდანიების გვარის წარმომადგენელს, მაინც ეჭვის თვალით უყურებდნენ. როგორც ამბობენ, ბატონი ანდრო მეტად პრინციპული კაცი იყო და ამის გამოც არაერთხელ გადაჰყრია უსიამოვნებას. მოგეხსენებათ, იმდროინდელი ეგრეთ წოდებული პარტიული მუშაკები ყველაფერში ცხვირს ყოფდნენ და, ცხადია, ფეხბურთი გამონაკლისი ვერ იქნებოდა. პატივმოყვარე დილეტანტთა ამბიციებს წინ აღუდგა ანდრო ჟორდანია და ამის გამო არაერთი მაღალჩინოსანი მოიმდურა. სერგო კოტრიკაძე იხსენებს:

[სერგო კოტრიკაძის ხმა] "ხანდახან კარნახი ზემოდან მოდიოდა, რასაც ანდრო არ ეთანხმებოდა. სხვებს, ცეკა იყო თუ ტეკა იყო, სხვა ამბიციები ჰქონდათ და ანდრო მათ ეწინააღმდეგებოდა."

საქმეზე გადაგებულ პროფესიონალებს, სამწუხაროდ, ჩვენში არასოდეს სწყალობდნენ. ამის მიუხედავად, ეს ხალხი მაინც ახერხებდა საქმის კეთებას და ათასობით უბრალო გულშემატკივართა გულის მოგებას. ანდრო ჟორდანიას მაგალითიც ამას ადასტურებს. მას სამთავრობო სტრუქტურებში მტერი გაცილებით მეტი ჰყავდა, ვინემ მოყვარე, სამაგიეროდ, ფეხბურთის მოყვარულთა შორის და თავად ფეხბურთელებში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ერთ-ერთი მათგანია მურთაზ ხურცილავა, ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელი, ვისი სპორტული კარიერაც სწორედ ანდრო ჟორდანიას ხელდასხმით დაიწყო.

[მურთაზ ხურცილავას ხმა] "ანდროს წესად ჰქონდა, სეზონის ბოლოს ნიჭიერ ახალგაზრდებს აგროვებდა და სოხუმში ან გაგრაში ორკვირიან შეკრებას ატარებდა. ერთხელ, 1961 წელს, სოხუმში მეც დამიძახეს და პირველად მაშინ შევხვდი ანდრო ჟორდანიას...ბატონ ანდროს ჩემზე ეუბნებოდნენ თურმე, კაცო, ეს მოჭიდავე სად მოძებნეო, რად გინდა, რომ ჩამოიყვანეო. ჰოდა, ბატონ ანდროს უთქვამს, "დიავოლ", თუ ფეხბურთს ვინმე ითამაშებს, ის ითამაშებსო".

ბოლოს კვლავ ზემოთ ნახსენებ წიგნს მივუბრუნდეთ. ფეხბურთის მნიშვნელობის თაობაზე ანდრო ჟორდანია წერდა: "რაკი ფეხბურთი მილიონობით ბავშვს იტაცებს, იგი არის აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალება. ფეხბურთის უპირატესობა ის არის, რომ ბავშვებს აჩვევს მეგობრობას, ამასთან, აღვივებს მათში გრძნობას პატრიოტიზმისა ჯერ საკუთარი ეზოსი და უბნის, მერე ქალაქისა და ქვეყნისადმი. ფეხბურთი აკაჟებს და აჯანსაღებს სხეულსა და სულს. ფეხბურთს სიხარული მოაქვს მილიონებისთვის. ამიტომაც ვამბობ, რომ ღონიერი ფეხბურთი ერის ღონეა."
XS
SM
MD
LG