Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი დარღვევებით მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია?


28 მარტის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციისა და ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უგულებელყოფის შესახებ

ჯერჯერობით ნაკლებად თუ ვინმე საუბრობს, რადგან ახალი ხელისუფლების კრიტიკა არაპოპულარულად მიაჩნიათ. ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თითქმის ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში დაშვებულ კანონდარღვევებზე ალაპარაკდა. გესაუბრებით მის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე.

ახალი ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის მაღალმა ხარისხმა გარკვეულწილად ის გარემო შექმნა, როდესაც ახალი ხელისუფლების კრიტიკა არაპოპულარულადაა მიჩნეული. ამასთან, საზოგადოების ძირითადი ყურადღება აჭარაში შექმნილი ვითარებისკენაა მიპყრბილი. ამიტომაც დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში დაშვებული უამრავი კანონდარღვევა სულაც შეუმჩნეველი რჩება. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქართველოს რეგიონების შემოვლის შემდეგ კმაყოფილება ვერ დაფარა წინასაარჩევნო მზადების მაღალი დონით:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "მე კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხისმგებლობით ეკიდება 28 მარტის არჩევნებს, სიები გამოკრულია და იქ, სადაც გვაქვს გარკვეული ხარვეზები და პრობლემები, საუბნო კომისიები ასწორებენ..."

ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, სიებს ვასწორებთო, თუმცა სწორედ სიების გასწორებისა და, საერთოდ, შედგენის წესის კანონიერება სერიოზულ ეჭვებს ბადებს საარჩევნო კანონმდებლობის ექსპერტთა შორის. გარდა ამისა, არის კანონდარღვევები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" აღნუსხავს და ვრცელ მოხსენებას ამზადებს საერთაშორისო ორგანიზაციებში წარსადგენად. ამ ორგანიზაციის ლიდერის ნანა კაკაბაძის განცხადებით, ერთ-ერთი დარღვევა დაკავშირებულია საარჩევნო კოდექსის 74-ე მუხლის მეათე პუნქტთან, რომელიც კრძალავს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიციის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას.

[ნანა კაკაბაძის ხმა] "მაგალითად, 10-ში მივწერეთ ჩვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას: გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია მიმდინარე წლის 10 მარტს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ, რომელიც, ჩვენი აზრით, წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის დარღვევას. "

რაზეც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნანა კაკაბაძის ორგანიზაციას ასეთი ოფიციალურო პასუხი გასცა:

[ნანა კაკაბაძის ხმა] "რაც შეეხება თქვენს წერილში მითითებულ საკადრო გადაადგილებას, რომელიც განახორციელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩვენთვის უცნობია მისი დეტალები, ხოლო კანონის განმარტების უფლება ცსკ-ს არ გააჩნია."

ეს იყო ერთი მაგალითი წინასაარჩევნო კამპანიისას აღმოჩენილი დარღვევებიდან. სხვა მაგალითების მოსაყვანად ერთი რეპორტაჟის დრო საკმარისი არ არის, თუმცა მათი მრავალფეროვნება უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს აფიქრებინებს, რომ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნები არაობიექტურ გარემოში ჩატარდება.
XS
SM
MD
LG