Accessibility links

logo-print

"სტალინური ამპირის" 70 წელი


70 წლის წინ ქართველმა არქიტექტორებმა

საქართველოს არქიტექტორთა კავშირი დააფუძნეს. ფორმალურად ეს იყო შემოქმედებითი ორგანიზაცია, რომელსაც არქიტექტორთა ინტერესები უნდა დაეცვა. მაგრამ მისი შექმნის იდეა თავად არქიტექტორებს არ ეკუთვნით; "იდეა" - უფრო სწორად, ბრძანება - კრემლიდან მოვიდა. სტალინის ხელისუფლება არქიტექტურაზე კონტროლს აწესებდა. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში "ოქროს საუკუნე" დღეს ეგრეთ წოდებულ "სტალინურ ამპირზე" ვისაუბრებთ. შევეცდები ვუპასუხო კითხვას - რატომ დასჭირდა კრემლს არქიტექტურაზე კონტროლი.

არქიტექტურა არც ლიტერატურაა, არც კინო და არც თეატრი. ერთი შეხედვით, "მუნჯ მუსიკად" წოდებული ხელოვნების ეს დარგი, პროპაგანდის საშუალება ვერ გახდება. არქიტექტურა - თავშესაფრის აშენებას გულისხმობს. არქიტექტურის მიზანია სახურავი გვქონდეს, ქუჩაში არ ვიცხოვროთ.

ალბათ, ამიტომაცაა, რომ 30-იანი წლების დასაწყისში, როცა კრემლმა, ხელოვნებაზე სრული კონტროლის დაწესების მიზნით, ერთიანი შემოქმედებითი კავშირების შექმნა გადაწყვიტა, საბჭოთა კულტურის იდეოლოგებს თითქმის დაავიწყდათ არქიტექტურა. გააერთიანეს მწერლები, კინემატოგრაფისტები, კომპოზიტორები, არქიტექტორთა დამოუკიდებელი ორგანიზაციები კი კვლავაც მოქმედებდნენ. საქართველოში, მაგალითად, აქტიურად მოღვაწეობდნენ არქიტექტურული გაერთიანების, "საპარის", მესვეურები. იმხანად, როცა ქვეყანაში სოციალისტური რეალიზმის მეთოდოლოგია მუშავდებოდა, "საპარა" კონსტრუქტივიზმის იდეებს ქადაგებდა. ჯერ კიდევ 20-იან წლებში, როცა, მაგალითად, თბილისში ეგრეთ წოდებული "სპეციალისტთა სახლი" აშენდა, კონსტრუქტივიზმმა მოაკლო არქიტექტურას და, პირველ რიგში, მოდერნს სილამაზე. სვეტები, რომელსაც არაფერი ეყრდნობა, ზედმეტად მიიჩნიეს. სილამაზე ფუნქციონალიზმმა შეცვალა. "ფორმა - ფუნქციას უნდა შეესაბამებოდეს" - ამტკიცებდნენ რევოლუციონერი არქიტექტორები. კონსტრუქტივიზმი - სამეცნიერო პროგრესის იმედით შეიქმნა, მაგრამ 30-იან წლებში სტალინის ხელისუფლებას, აშკარად, შეეშინდა პროგრესის და, შესაბამისად, კონსტრუქტივიზმსაც გამოუცხადა ბრძოლა.

1933 წლის 14 ოქტომბერს "პრავდაში" გამოქვეყნდა ცეკას დადგენილება "არქიტექტურული განათლების" შესახებ, რომელშიც ცეკას პოლიტბიურო საბჭოთა კავშირის "არქიტექტურის აკადემიის" შექმნას და "სოციალისტური ქალაქების" დაპროექტებას მოითხოვს. დასახელებულია რამდენიმე ქალაქი: მოსკოვი, ლენინგრადი, ხარკოვი, თბილისი და სვერდლოვსკი. 1934 წლის ოქტომბერში კი პოლიტბიური აქვეყნებს ბრძანებულებას საბჭოთა კავშირის არქიტექტორთა ყრილობის ჩატარების შესახებ. ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ ყრილობა ჩატარდება 1935 წელს. რესპუბლიკებს უბრძანეს არქიტექტორების გაერთიანება და შემოქმედებითი ჯგუფების გაუქმება. სტალინური "რეფორმა" დაიწყო იქ, სადაც კონსტრუქტივიზის გავლენა ნაკლებად იგრძნობოდა... დაიწყო საქართველოთი. 1934 წლის 15 თებერვალს თბილისში საქართველოს არქიტექტორთა კავშირი შექმნეს. აირჩიეს არქიტექტორთა საკავშირო ყრილობის დელეგატები. არქიტექტორთა კავშირის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, ცნობილი საბჭოთა ხუროთმოძღვარი ანდრეი ბუროვი წერდა:

[ანდრეი ბუროვის ციტატა] "პარტია მოითხოვს ჩვენგან, სასწრაფოდ მივაღწიოთ საყოველთაო ჰარმონიას. ეს ამოცანა, პირველ რიგში, არქიტექტორებმა უნდა გადავჭრათ."

მაგრამ საკავშირო ყრილობის მოწვევა ისევ ვერ ხერხდებოდა. ეს იყო უნიკალური შემთხვევა სტალინის ეპოქის კულტურაში, როცა დაგეგმილი ღონისძიება რამდენჯერმე გადაიდო და მხოლოდ 1937 წელს შედგა... და გადაიდო არა იმიტომ, რომ არქიტექტორები ეწინააღმდეგებოდნენ კრემლის დადგენილებას... უბრალოდ, რეჟიმმმა ვერაფრით გადაწყვიტა, რა უნდა მოეთხოვა მას არქიტექტორებისგან.

თუმცა არქიტექტურას გადაწყვეტილება ან რაიმე დადგენილება არ სჭირდება. ხუროთმოძღვრება, ისევე როგორც მოდა, არაცნობიერს ასახავს... და როცა ქვეყანაში ტირანია მეფობს, არქიტექტურა - "ქვაში გამოძერწილ" ტირანიას ემსგავსება.

სტალინის სტილი - "გარე ძალების" მიერ ადამიანის დამორჩილება იყო. ეს იყო "დახურული სამყაროს" გამოხატულება, ერთგვარი "ოქროს ხანის" ილუზია. ტოტალური ჰარმონიის შექმნის სურვილი ბადებს მისტერიის განცდას. ხალხი მისტერიაში მსახიობის როლში გვევლინება. აქ, როგორც ამას მისტერია მოითხოვს, არ არსებობს რამპა. ყველა ჩართულია ილუზორული სიმეტრიის სამყაროში. ამავე დროს, სტალინური ამპირი უაღრესად აგრესიულია გარე სამყაროს, ბუნების მიმართ. მისი სქელი კედლების გარღვევა უბრალო მოკვდავს არ შეუძლია. ასე შეიქმნა თავისი კოშკებით სტალინური გოთიკა, რომელიც გამოხატავს ექსტაზს, მაგრამ ეს უფრო "შიშის ექსტაზია".

რუსი ფილოსოფოსი იგორ გოლომშტოკი პირველი იყო, რომელმაც 80-იან წლებში ტოტალიტარული არქიტექტურის პრინციპები შეისწავლა. თავის წიგნში "ტოტალიტარული ხელოვნება" იგი წერს:

[იგორ გოლომშტოკის ციტატა] "ტოტალიტარული რეჟიმები თავდაპირველად ქმნიან კულტურაზე ზემოქმედების მექანიზმებს, კულტურის სტრუქტურას და იდეოლოგიურ პრინციპებს, შემდეგ კი ოფიციალურ სახელმწიფო სტილს. ამიტომ ტოტალიტარულ ეპოქაში შექმნილი მხატვრული ნაწარმოებების მიმართ არ უნდა მივმართოთ შეფასებებს "კარგი" და "ცუდი", "ნიჭიერი" და "უნიჭო".

30-იან წლებში არქიტექტორთა გაერთიანების იდეა თითქოს თავისთავად მომწიფდა. კრემლმა ყველაფერი გააკეთა, რათა შენარჩუნებული ყოფილიყო თავად ავტორების ანონიმურობა. პროექტებს თითქმის არა ჰყავს ერთი ავტორი, ყოველთვის ხაზგასმულია, რომ სახლი "კოლექტივმა" ააშენა. თუ გერმანიაში და, მით უმეტეს, იტალიაში, არქიტექტორს ჰქონდა უფლება შეესრულებინა კერძო დაკვეთები, საბჭოთა კავშირში ასეთი სახის მუშაობა აკრძალული იყო. ამიტომ ვერავინ იტყვის, როგორი იქნებოდა ქართული-საბჭოთა არქიტექტურა, არქიტექტორებს თავად რომ გაეკეთებინათ "სტილის არჩევანი" და ერთიან შემოქმედებით კავშირში არ გაერთიანებულიყვნენ. ფაქტია, რომ არქიტექტურა, როგორც შოუ, არქიტექტურა, როგორც ციტატა, - 30-იანი წლების საბჭოთა კულტურის შემადგენელი ნაწილი ხდება.

და არამარტო საბჭოთა კულტურისა... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტოტალიტარული რეჟიმები ესთეტებმა შექმნეს: ჰიტლერი, სტალინი, მუსოლინი ჭკუას კარგავდნენ ხელოვნებაზე. გერმანიაში მცხოვრები ფილოსოფოსი ბორის გროისი თავის წიგნში "სტალინის სტილი" ერთ-ერთი პირველი აღნიშნავს, რომ "ტოტალიტარული ხელოვნების" ნიშნები 30-იან წლებში შეერთებული შტატების სახვით ხელოვნებასაც კი დაეტყო და მაგალითად მოჰყავს ტომას ბენტონის, გრენტ ვუდის, იზაბელ ბიშოპის ნაწარმოებები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "სტალინური ამპირი" მხოლოდ და მხოლოდ კრემლის დაკვეთით არ შექმნილა. ბორის გროისის აზრით:

[ბორის გროისის ციტატა] "ნუ გვეშინია, ვაღიაროთ, რომ სტალინური კულტურა იმ პერიოდის მსოფლიო სტილის ორგანული ნაწილია - ესაა ნეოკლასიციზმის, ისტორიული ციტატების ეპოქა."

დღეს, როცა არქიტექტორთა კავშირის შექმნის შემდეგ 70 წელი გავიდა, საქართველოში დროდადრო გაისმის მოწოდება, დაინგრეს სტალინური კლასიციზმის ნიმუშები, რომელიც ქვეყნის, შეიძლება ითქვას, ტრაგიკული ისტორიის ნაწილია. ამ მხრივ, საქართველო არაა გამონაკლისი. ასეთი დისკუსიები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იმართება. ცნობილი გერმანელი კულტუროლოგის დიტერ აქსელ ჰოფმანის აზრით:

[დიტერ აქსელ ჰოფმანის ციტატა] "ადამიანების უმრავლესობას არ უყვარს, როცა ცვლიან ქალაქის არქიტექტურულ სახეს. "ყველაფერი ისე უნდა დარჩეს, როგორც იყო, რადგან ჩემს ბავშვობაშიც ასე იყო..." საკუთარი წარსულისა და მოგონებების განზოგადება არ შეიძლება არგუმენტი იყოს არქიტექტორისათვის. ადამიანებმა თავისი თანაქალაქელების წარსულსა და მოგონებებზეც უნდა იფიქრონ. მოგონებები კი ყველას განსხვავებული გვაქვს."

კიდევ ერთი გერმანელი კულტუროლოგი პეტერ შნაიდერი მოუწოდებს არქიტექტორებს, არ მოექცნენ იდეოლოგიური კონიუნქტურის გავლენის ქვეშ და, ნგრევის ნაცვლად, შენებას და შენარჩუნებას მიანიჭონ უპირატესობა:

[პეტერ შნაიდერის ციტატა] "ბერლინის კედელი დაანგრიეს და, შესაბამისად, გაქრა პატარა ძეგლი, რომელიც უსახობის სიმბოლოდ ითვლებოდა. თუმცა უამრავი ადამიანი აღნიშნავს, რომ ბერლინის კედელი ქალაქის ყველაზე ანარქიული ობიექტი იყო. ხალხი სპეციალურად ჩამოდიოდა ბერლინში კედლის სანახავად. ის, რაც ისტორიას, ხსოვნას ასახავს, ძეგლის სტატუსს უნდა ინარჩუნებდეს."
არქიტექტორთა პირველი ყრილობის მოწვევიდან 70 წელი გავიდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ "ამპირის" ნიშნები კვლავ იღვიძებს ქართულ არქიტექტურაში - ელიას მთაზე ასაშენებელი ტაძრის კონკურსში გაიმარჯვა არა მოდერნიზმმა, არამედ ტრადიციული ტაძრის ასლის პროექტმა - უბრალოდ, უფრო მასშტაბურმა, უფრო პომპეზურმა. საქართველოს დედაქალაქი სავსეა მათხოვრებით, მაგრამ ამავე ქალაქში დგამენ გრანდიოზულ ქანდაკებებს, აშენებენ ახალ და ახალ ტაძრებს. "ახალი საქართველოს" კულტურულ-არქიტექტურული პოლიტიკა კვლავაც ტოტალიტარული ხასიათისაა. ამას ადასტურებს ფსევდონაციონალური სტილი და ეკლექტიკის სიჭარბე, ტიპიური ტოტალიტარული რეჟიმების არქიტექტურისათვის.
XS
SM
MD
LG