Accessibility links

logo-print

საქართველოს პირველი ლედის უახლოესი გეგმები


საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის უპრეცედენტო წარმატებაში, საერთო აღიარებით, დიდი წვლილი მისმა მეუღლემაც შეიტანა.

ჰოლანდიელი წარმომავლობის სანდრა რულოვსი, რომელიც სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული, კვლავაც ძალზე დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. ორშაბათს საქართველოს პირველი ლედი პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ინტერნეტის საშუალებით ესაუბრებოდა სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ქალებს, რის შემდეგაც თავისი სამომავლო გეგმები სანდრა რულოვსმა რადიო "თავისუფლებასაც" გაუზიარა.

ინტერნეტით მოსახლეობასთან საუბრის ტრადიციას საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა დაუდო სათავე საპრეზიდენტო არჩევნების წინ. თუმცა, პოლიტიკოსი მეუღლისგან განსხვავებით, სანდრა რულოვსისადმი ინტერნეტით დასმული შეკითხვები, ძირითადად, ქალთა პრობლემებს შეეხებოდა და ნაკლები სიმწვავითაც ხასიათდებოდა, რადგან ენერგეტიკული კრიზისის გამო ინტერნეტით სარგებლობა მთელ საქართველოში შეფერხებულია. თუმცა სანდრა რულოვსი არ მალავს, რომ იგი უამრავ გაჭირვებულ ადამიანს ხვდება და ცდილობს მათი სატკივარი საქართველოს პრეზიდენტის ყურამდე მიიტანოს. ცოტა ხნის წინ ის იმყოფებოდა საგარეჯოში, სადაც ნაღმზე აფეთქებული ადამიანები მოინახულა. მაშინ წარმოიშვა იდეა, რომ ანტინაღმურ მოძრაობას საქართველოში სწორედ სანდრა რულოვსმა უხელმძღვანელოს.

[სანდრა რულოვსის ხმა] "როდესაც საგარეჯოში ნაღმზე აფეთქებული ადამიანები მოვინახულე, გადავწყვიტე შევხვედროდი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის, "ჰალო ტრესტის" წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ იმ მიმართულებით, რომ გაიწმინდოს ასეთი ტერიტორიები. ახლა მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ნაღმებისგან საგარეჯოს ტერიტორიაც გაიწმინდოს."

უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მეუღლე დაცვის თანხლებით გადაადგილდება, თუმცა სანდრა რულოვსი ცდილობს, ამან ხელი არ შეუშალოს მოსახელობასთან შეხვედრისას. როგორც 3 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, 28 მარტის საპარლამენტო არჩვენებამდე დარჩენილ დღეებში საქართველოს პირველი ლედი ისევ აპირებს შეხვდეს ამომრჩევლებს და დაარიგოს სააგიტაციო ლიტერატურა მეტროს სადგურებში.

[სანდრა რულოვსის ხმა] "აუცილებლად შევხვდები ამ კვირაში ამომრჩევლებს ყოველდღე, ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია."

თუმცა სანდრა რულოვსი არ მალავს, რომ მისი პოლიტიკური აქტიურობა მხოლოდ ეპიზოდურ ხასიათს ატარებს და ძირითად დროს საქველმოქმედო საქმიანობას უთმობს. საქართველოს პირველმა ლედიმ რადიო "თავისუფლებას" გაანდო თავისი გეგმა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებასაც მისი თაოსნობით დაარსებული ქალთა საზოგადოება უახლოეს მომავალში აპირებს.

[სანდრა რულოვსის ხმა] "ეხლა შაბათ-კვირას უნდა გავხსნათ ჩვენი ორგანიზაციის ფილიალი და არჩევნების შემდეგ, უკვე 29-ში, ვიწყებთ იქ საკვებო აქციებს 250 მრავალშვილიანზე და მარტოხელაზე. 29-ში ვაკეთებთ, რათა წინასაარჩევნო არ ეგონოს ადამიანებს. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ დავეხმაროთ ადამიანებს." [სტილი დაცულია]

რაც შეეხება აჭარის ირგვლივ შექმნილ ვითარებას, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ იგი შეშფოთებით ადევნებდა თვალს იქ მიმდინარე მოვლენებს. თუმცა საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე დარწმუნებულია, რომ ყველაფერი დალაგდება და 28 მარტის არჩევნებზე აჭარის მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.
XS
SM
MD
LG