Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს ვალდებულებათა შესრულების ვადები კვლავ განუსაზღვრელი რჩება


საქართველოს ხელისუფლების "თაფლობის თვე" მოსახლეობასთან,

სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასრულდება. საკითხავია, როდის დასრულდება ახალი ხელისუფლების "თაფლობის თვე" საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან? მოსალოდნელია, რომ ის უფრო მომთმენი აღმოჩნდება, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები. ასეთი ვარაუდის საფუძველს საქართველოს ხელისუფლებისადმი ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის - ევროსაბჭოსა და მისი ხელმძღვანელის მიდგომა იძლევა.

ერთი კვირის წინ ჩემთან საუბარში ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა:

[შვიმერის ხმა]
"მე არ ვიტყოდი "გადავადებას". ჩვენ, კერძოდ კი - საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ცოტა მეტი დრო მივეცით, რომ შეასრულონ ევროსაბჭოს წევრობით გათვალისწინებული ვალდებულებები".

დღეს ყველა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხით არის შეპყრობილი. საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღებაც ამ საკითხზე და დღეს შექმნილ ვითარებაში - თბილისი-ბათუმის ურთიერთობაზეა კონცენტრირებული. თავისთავად ამ პრობლემის არსებობას ოთხი წლის წინ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ერთ-ერთი ვალდებულების შეუსრულებლობაც უწყობს ხელს. ის, რომ პრეზიდენტსა და ავტონომიის მეთაურს შორის "მიღწეული" შეთანხმება მეორე დღესვე ირღვევა და ყველაფერი თავიდან შესათანხმებელი ხდება, გამოწვეულია იმით, რომ პრობლემა უფრო საფუძვლიან მოგვარებას მოითხოვს, ვიდრე ორ პიროვნებას შორის ძალაუფლების ჭიდილია. ევროსაბჭოს წინაშე აღებული ერთ-ერთი ვალდებულება კი ასე ჟღერს: " საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მიერ მოელის გაწევრიანებიდან ორი წლის განმავლობაში ავტონომიური ტერიტორიების სტატუსის განმსაზღვრელი და მათთვის ფართო ავტონომიის უზრუნველმყოფი სამართლებრივი ბაზის შექმნას, რომლის ზუსტ პირობებზეც მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს შესაბამისი ტერიტორიების წარმომადგენლებს შორის". დღეს შექმნილი დაძაბულობის ფონზე ევროსაბჭო სწორედ ამ ვალდებულების შესრულებაზე მიუთითებს საქართველოს ხელისუფლებას. ვალტერ შვიმერმა, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ჩვენს რადიოს განუცხადა, რომ არავინ ელის საკითხის იურიდიულად მოგვარებას არჩევნებამდე, მაგრამ იმედს იტოვებს, რომ ეს მომავალში აუცილებლად მოხდება:

[ვალტერ შვიმერის ხმა]
"ავტონომიური ერთეულებისთვის საკონსტიტუციო ჩარჩოს განსაზღვრა, მაგალითად, დაგვიანდა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა წევრი ქვეყნის დასჯა და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. ჩვენ გვინდა მას დავეხმაროთ. ჩვენ ვიცით რომელი ვალდებულებები არ შესრულდა დადგენილ ვადაში და დიდი სიამოვნებით დავეხმარებით საქართველოს ყველა მათგანის შესრულებაში".

როგორ უყურებს საკითხს საქართველოს ხელისუფლება? ისევე, როგორც ბოლო ხანს არჩევნებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მიერ შემოთავაზებული მთავარი რეკომენდაციის - 7 პროცენტიანი ბარიერის დაწევის საკითხს, ავტონომიური ერთეულების სტატუსის განსაზღვრაზეც მას თავისებური მიდგომა აქვს. კერძოდ ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]
"პარალელები არ არსებობს. აჭარა არ შეიძლება აფხაზეთთან გავატოლოთ".

ეს რაც შეეხება განზოგადების პრინციპთან დამოკიდებულებას - ანუ საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს ყველა ავტონომიას ერთი იურიდიული განსაზღვრება მისცეს. საკითხის მოგვარების პრინციპზე კი სააკაშვილი აცხადებს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]
"ავტონომიური სტატუსი და უფლებები ბევრი მიმართულებით პირიქით უნდა გაფართოვდეს. მე ასე მიმაჩნია. ეს არ არის ისეთი თემა. ეს არის უფრო წესრიგის აღდგენის და კანონიერების აღდგენის თემა და ამას ჩვენ თანმიმდევრულად განვახორციელებთ".

მეორე ვალდებულება, რომელსაც ჩემთან საუბარში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი შეეხო, ე.წ. "თურქი მესხების" რეპატრიაცია გახლდათ. შვიმერი აუცილებლად მიიჩნევს იმის გათვალისწინებას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან ბევრი იძულებით გადაადგილებული პირია, თუმცა, არც იმას უარყოფს, რომ დეპორტირებულთა მდგომარეობაც, განსაკუთრებით კი რუსეთის სამხრეთში ძალიან მძიმეა:

[ვალტერ შვიმერის ხმა]
"ალბათ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის გადასაჭრელად. ეს საკითხი საქართველოში ყოფნისასაც წამოვჭერი. მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეს საკითხი არ გადაიჭრება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობა შეუდგება ამ საკითხის მოგვარებას".

როგორც ჩანს, ვალდებულებების შესრულებაზე ზეწოლა ევროსაბჭოს მხრიდან დროებით, მაგრამ მაინც შესუსტდა. რაც შეეხება ვადების განსაზღვრას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იანვრის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ის საქართველოს ხელისუფლებისგან ელის ვალდებულებათა შესრულების ახალ განრიგს.
XS
SM
MD
LG