Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო პრობლემები აჭარაში


დავით პაიჭაძე, თბილისი აჭარაში საპარლამენტო არჩევნების საკითხს სიმწვავე არ აკლდება. ეჭვს არ იწვევს, რომ ავტონომიურ რესპუბლიკაში არჩევნები ჩატარდება. ასევე უეჭველია,

რომ წინასაარჩევნო პერიოდი უამრავი დარღვევით აღინიშნა. დარღვევებსა და წუნს ელიან არჩევნების დღესაც. გადამწყვეტი აღმოჩნდება ეს დარღვევები არჩევნების შედეგთა შეფასებისას თუ საარჩევნო პროცედურები აჭარაში 28 მარტს გაუძლებს უარყოფით გავლენებს და არჩევნები რეგიონში შემდგარად ჩაითვლება? ესაა ძირითადი პრობლემა აჭარაში არჩევნებთან მიმართებით. მე შევეცადე გამერკვია არჩევნების ხელის შემშლელი გარემოებანი.

პოლიტიკითა და არჩევნებით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა იციან, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა აჭარის საარჩევნო კომისიას, გაგრძელებულიყო აჭარაში ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვადა. რეგისტრაცია ავტონომიურ რესპუბლიკაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, 22 მარტს შეწყდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ აჭარაში საოლქო კომისიებს საკმარისი დრო ჰქონდათ რეგისტრაციის მოსასწრებად. ფონდ "სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორი აჭარაში, მირანდა ჩარკვიანი, ამბობს, რომ რეგისტრაციის შეწყვეტისას ავტონომიური რესპუბლიკის რაიონებში ამომრჩეველთა ასეთი რაოდენობა იყო აღნუსხული:

[ჩარკვიანის ხმა] "ბათუმში დარეგისტრირებულია 34 ათას 913 ამომრჩეველი, ქობულეთში - 33 ათასი, ქედაში - 5 ათას ხუთასი, შუახევში - 4 ათას სამას სამოცდაერთი, ხულოში - 3 ათას ექვსას ოთხმოცი. ხელვაჩაურში დოკუმენტურად დადასტურდა, რომ რეგისტრაცია დიდი დარღვევებით მიმდინარეობდა. ამის გამო ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გათავისუფლდა თანამდებობიდან და რეგისტრაციის შედეგები გაუქმდა."

მირანდა ჩარკვიანის სიტყვებიდან ჩანს, რომ აჭარაში თითქმის იმდენივე ამომრჩევლის რეგისტრირება მოასწრეს, რამდენმაც მონაწილეობა მიიღო ამა წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ დარეგისტრირდა სწორედ ის, დაახლოებით, 80 ათასი ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მიხეილ სააკაშვილს მისცა. მირანდა ჩარკვიანის თქმით, აჭარაში ათიოდე დღის წინ ვითარების გამწვავებამ საარჩევნო პროცესის სრული პარალიზება გამოიწვია.

მირანდა ჩარკვიანი გვატყობინებს, რომ არჩევნებისათვის მზადება აჭარაში სხვა მრავალი დარღვევითაც აღინიშნა: მაგალითად, ქობულეთის რაიონის საარჩევნო უბნებში კანონდარღვევით იღებდნენ გადაწყვეტილებებს. მთელ რესპუბლიკაში სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლებს ხელმძღვანელები აიძულებდნენ გაევლოთ რეგისტრაცია და მათგან დასტურად მოითხოვდნენ სარეგისტრაციო ბარათის ჩვენებას. წინასაარჩევნო რეგისტრაციას პროპაგანდას უწევდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რაც ასევე კანონის დარღვევაა.

მირანდა ჩარკვიანს ვთხოვე, განესაზღვრა, იქონიებს თუ არა არსებული დარღვევები გადამწყვეტ გავლენას არჩევნების არა იმდენად გამართვაზე, რამდენადაც მათ ჩატარებულად ცნობაზე. სამართლიანი არჩევნების კოორდინატორის აზრით, უამრავი დარღვევა უკვე დაფიქსირდა,

[ჩარკვიანის ხმა] "მაგრამ თუ დღეიდან და კენჭისყრის დღეს კანონი, საარჩევნო კოდექსი იქნება სრულად დაცული, მაშინ, ვფიქრობ, აქამდე არსებული დარღვევები არ მოახდენს სერიოზულ გავლენას და არჩევნებს გაყალბებულად არ ცნობენ."
XS
SM
MD
LG