Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ოპოზიციური პარტიები 28 მარტის არჩევნების გაყალბების მოლოდინში არიან


28 მარტის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციური პარტიების ლიდერები აკეთებდნენ განცხადებებს არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებასთან დაკავშირებით.

ისინი ფლობენ ინფორმაციას, რომლის თანახმად, სხვადასხვა ადგილობრივი ხელმძღვანელები არჩევნების გაყალბების გზით სახელისუფლებო ძალის 80-90 პროცენტიან გამარჯვებას შეეცდებიან. ამის გამო ოპოზიციურ ფლანგში გაჩნდა არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ კოორდინირებული მოქმედების მოთხოვნა, რისთვისაც გარკვეული კონსულტაციები უკვე გავლილია. რით შეიძლება დაუპირისპირდნენ ოპოზიციური ძალები არჩევნების გაყალბების მცდელობას, თუ ამის საშიშროება მართლაც არსებობს?

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ირწმუნება, რომ ხელისუფლებამ ლეიბორისტების პარლამენტში შეუშვებლობის ბრძანება გასცა, რომ ადგილობრივ ხელმძღვანელებს 28 მარტის არჩევნებზე ლეიბორისტების გაჭყლეტა დაევალათ. ლეიბორისტებში პარტიული განგაშია გამოცხადებული. ნათელაშვილი დარწუნებულია, რომ, არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, მისი პარტია 60 პროცენტის მიღებას შეძლებს. ლეიბორისტების გაჭყლეტის გეგმას, თუ ასეთი რამ მართლაც არსებობს, ის შემდეგნაირად უპირისპირდება:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა პარტიულ ორგანიზაციებში, 24 საათიანი მორიგეობით. ჩვენ დავიწყებთ მასობრივ საპროტესტო აქციებს და ვარდებს გავუკეთებთ ქოჩორში ამათ. "

ეს იყო "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი. ის მომხრეა, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ოპოზიციური ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ კოორდინირებულ მოქმედებაზე შეთანხმდნენ.
"ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელს ფიქრია ჩიხრაძეს ეს კოორდინირებული მოქმედება საარჩევნო კომისიებში ოპოზიციის წარმომადგენლების შეთანხმებული მუშაობით წარმოუდგენია. მისი აზრით, არჩევნების გაყალბების ფაქტებზე ამა თუ იმ ოპოზიციური ძალის რეაქცია უნდა იყოს უკიდურესად მკვეთრი, მიუხედავად იმისა, ესა თუ ის ფაქტი მას აზარალებს თუ სხვა ოპოზიციურ ძალას. "ახალი მემარჯვენეებიც" ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სახელისუფლებო ძალის გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში 80 -90 პროცენტით არის დაგეგმილი.

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] " თუ ასეთი ტოტალური მითითებები არსებობს და საქმე არ გვაქვს ადგილობრივ ინიციატივებთან, ეს კატასტროფაზე მიუთითებს. თუ ლოკალური ინიციატივებია, ამას ოპოზიცია ერთიანი ძალისხმევით უნდა გაუმკლავდეს."

"ახალი მამრჯვენეების" და "მრეწველების" საარჩევნო ბლოკის ლიდერები 23 მარტს წინასაარჩევნო შეხვედრებს კახეთში მართავდნენ. ამ დროს ამომრჩევლებთან შესახვედრად სამცხე-ჯავახეთში იყო ჩასული " ედპ- ტრადიციონალისტების" ლიდერი აკაკი ასათიანი. ჩვენ მას ტელეფონით მაშინ ვესაუბრეთ, როცა სამცხე-ჯავახეთიდან გორისკენ მოემართებოდა. სახელისუფლებო ძალის მიერ არჩევნების გაყალბების საშიშროება აკაკი ასათიანმაც აღნიშნა და იქვე გამოთქვა იმედი, რომ რამდენიმე ოპოზიციური ძალა აუცილებლად მიაღწევს შეთანხმებას არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისათვის.


[აკაკი ასათიანის ხმა] "ლეიბორისტებთან, ახლებთან, ერთობასთან ამის თაობაზე გვექნება ერთობლივი გადაწყვეტილება. გამგებლებს, გუბერნატორებს 80-90 პროცენტს უკვეთს ხელისუფლება, რომელიც დარწმუნებულია 100 პროცენტიან გამარჯვებაში. "

არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. ამომრჩევლებთან შეხვედრებით დაკავებულმა ოპოზიციურმა ლიდერებმა როგორმე უნდა მოიცალონ გადაწყვეტილების მიღებისთვის. რეგიონებში წინასაარჩევნო მოგზაურობამ მათ ახალი ხელისუფლებით გარკვეული იმედგაცრუება დაანახვა. თუმცა რამდენად ეს მართებული შთაბეჭდილებაა, ამას მაინც 28 მარტის არჩევნების შედეგები გვიჩვენებს.
XS
SM
MD
LG