Accessibility links

logo-print

"ფინანსური ამნისტია" თუ ბრძოლა პოლიტიკურად მიუღებელი ბიზნესმენების წინააღმდეგ


22 მარტს ერთი კვირის წინ შექმნილი ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის წარმომადგენლები, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანხლებით,

კომპანია "უშბას" ოფისსა და ქარხანაში ერთდროულად შევიდნენ. ეს ოპერაცია, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, სასამართლოს სანქციის გარეშე განხორციელდა. დოკუმენტაციის ამოღების გარდა, ფინანსურმა პოლიციამ "უშბას" ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანაც დალუქა და საბანკო ანგარიშების დაყადაღებითაც დაიმუქრა. რატომ გადადგა ფინანსთა სამინისტრომ ეს ნაბიჯი მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს ფინანსური ამნისტია აქვს გამოცხადებული?

ალკოჰოლური სასმელების კომპანია "უშბაში" 150-მდე ადამიანია დასაქმებული. მათი დიდი ნაწილი 23 მარტს ქარხნის შესასვლელთან შეიკრიბა იმისდა მიუხედავად, რომ 22 მარტს ქარხანა ფინანსურმა პოლიციამ დალუქა. მე ფინანსური პოლიციის უფროსს დავით კეზერაშვილს ვკითხე, თუ როდემდე იქნება დალუქული 150-მდე მოქალქის სამუშაო ადგილი.

[დავით კეზერაშვილის ხმა] "რამდენი ხანიც საჭირო იქნება იმისათვის, რომ ან აღვძრათ ან არ აღვძრათ საქმე. ნუ, ბუნებრივია, დალუქული ქარხანა არ მუშაობს."

მიუხედავად ამისა, გაჩერებულ ქარხანასთან შეკრებილმა თანამშრომლებმა მაინც გამონახეს სამუშაო და პირველ დღეს კონტრაქტორისგან მიღებული მინის ტარის გადმოტვირთვით დაკავდნენ. მე ამ დროს რამდენიმე მათგანს გავესაუბრე.

[მანანა გომელაურის ხმა] "ეს ერთადერთი წყაროა ჩემი ოჯახის არსებობის, მე არ მყავს მეუღლე, მყავს 4 შვილი და მე ვარ ჩემი შვილების მარჩენალი, მეტი არაფერი არა მაქვს მე. მე ერთადერთი ვარ, რომელსაც ოჯახში შეაქვს საარსებო პატარა წყარო."
ეს იყო უშბას თანამშრომელი მანანა გომელაური. მის მსგავსად, ქარხნის მუშაობაზეა დამოკიდებული ანატოლი ფიფიას კეთილდღეობაც.

[ანატოლი ფიფიას ხმა] "მილიონრები კი არ ვართ და ისა... როდესაც სუფთად მუშაობ, აქ არაფერი დიდი შემოსავლები არ რჩება, კაპიკები რჩება და ჩვენთვის იმ კაპიკებს, პირდაპირი მნიშვნელობით, შეიძლება ეწოდოს პურის ფული."

ამ პურის ფულის გარეშე უშბას თანამშრომელთა დატოვება ფინანსთა სამინისტრომ უშბას დამფუძნებლის, დეპუტატ გოჩა ფიფიას მიერ "გადასახადების განსაკუთრებით დიდი ოდენობისგან" თავის არიდების მომიზეზებით გადაწყვიტა. ფინანსური პოლიციის უფროს დავით კეზერაშვილის განმარტებით, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება 200 ათას ლარზე მეტი თანხა. ეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მეწარმეებს მოუწოდა 1 აპრილამდე დამალული გადასახადების დეკლარირება მოეხდინათ. და იმის პირობაც დადო, რომ ასეთ ბიზნესმენებს გადასახადების გადახდის შეღავათიან პირობებს დაუწესებდნენ.
პრეზიდენტის მიერ მეწარმეებისთვის მიცემული სიტყვა კი ფინანსური პოლიციის უფროსს დავით კეზერაშვილს ასე ესმის:

[დავით კეზერაშვილის ხმა] "პრეზიდენტის გამონათქვამი არ გულისხმობდა იმას, რომ ყველა მაკონტროლებელმა უნდა შეაჩეროს თავისი ფუნქციონირება პირველ აპრილამდე."

თუმცა გაუგებარი რჩება, თუ რა პრინციპით არჩევს ეს მაკონტროლებელი ორგანო გადასახადების დამალვის გამო რომელი საწარმო დალუქოს და რომელი არა. "უშბას" დამფუძნებელს გოჩა ფიფიას კი მიაჩნია, რომ მის ბიზნესს პოლიტიკური შეხედულებების გამო ებრძვიან:

[გოჩა ფიფიას ხმა] "ეს არის შურისძიება და დამოუკიდებელ ბიზნესზე შეტევა, შეტევა ბიზნესმენზე, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა დამოკიდებულია დამოუკიდებელ ეკონომიკაზე.
-
ბატონო გოჩა, მხოლოდ ბიზნესზეა შეტევა თუ თქვენ ხელისუფლებისთვის პოლიტიკურადაც მიუღებელი ხართ?
-
რა თქმა უნდა, მიუღებელი ვარ."
XS
SM
MD
LG