Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენსიონერები 4 ლარით, ხოლო მაღალჩინოსნები ასჯერ მეტით "გამდიდრდებიან"


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი პრეზიდენტი სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნების წინ თავის დაპირების ნაწილობრივ რეალიზაციას იწყებს. აპრილიდან პენსიები 4 ლარით გაიზრდება.

რაც შეეხება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებს, მათი ხელფასების მომატების საკითხი მალე გადაწყდება, ხოლო მაღალი რანგის ჩინოვნიკებს „რეფორმების ფონდის", ანუ უცხოური დახმარებების, ხარჯზე ანაზღაურება მნიშვნელოვნად ეზრდებათ.

გასული კვირის ბოლოს ,,ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების" საარჩევნო სიის წევრების მიერ დეპუტატის იმუნიტეტის შეზღუდვის თაობაზე განცხადების ხელმოწერის ცერემონიალზე პრეზიდენტმა კიდევ ერთი საარჩევნო ჟესტი გააკეთა და პენსიები გაზარდა.
უკვე მომავალი თვიდან პენსიონერები 4 ლარით მეტს მიიღებენ. ანუ ამიერიდან მინიმალური პენსიის ოდენობა რეგიონებში 18, ხოლო თბილისში 21 ლარი იქნება. ბუნებრივია, 4 ლარით შემწეობის გაზრდა ნამდვილად დიდი შვება ვერ აღმოჩნდება ამ ყველაზე დაუცველი სოციალური ჯგუფისათვის, თუმცა ხელისუფლების კეთილი ნება მაინც სასიამოვნო ფაქტად შეიძლება შეფასდეს.

სააკაშვილმა იმავე შეხვედრაზე დაადასტურა, რომ ასევე იწყება ხელფასების მომატება სახელმწიფო აპარატის მუშაკებისთვის, ხოლო შემდეგი ეტაპი იქნება საბიუჯეტო სფეროს მუშაკთა ხელფასების მომატება და შემოსავლების გაზრდა.

თუ პენსიონერები 4 ლარით „გამდიდრდნენ", მაღალი რანგის ჩინოვნიკებმა დამატებით ასმაგად იხეირეს, ანუ საქართველოში „100 ლარიანი" მინისტრის ეპოქა, როგორც ჩანს, წარსულს ბარდება. ფაქტობრივად, მზადაა ჩინოვნიკების ის სია, რომლებიც „განვითარებისა და რეფორმების ფონდიდან" მიიღებენ ანაზღაურებას. ეს ანაზღაურება კი იმავე მინიმალურ პენსიას დაახლოებით 100-ჯერ აღემატება.

თავად ფონდი მთლიანად უცხოური დახმარებებით შეივსება და დაახლოებით 5000 ჩინოვნიკის ხელფასს „გასწვდება". მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ფონდის ხარჯზე თვეში 1500 აშშ დოლარით „გამდიდრდებიან". მინისტრებს ფონდის „ყულაბიდან" 1200 დოლარი ერგოთ.

პრიორიტეტული იქნება ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა ანაზღაურებაც. მაგალითად, შსს-ს მინისტრს პირადი შემადგენლობის 600 თანამშრომელზე, დამატებით, 200 დოლარის გამოყოფა შეეძლება, გამომძიბლები 300, ხოლო საგზაო ინსპექტორები 150 დოლარით „დასაჩუქრდებიან". ანალოგიური სქემა გავრცელდება თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროებზეც. სულ „განვითარებისა და რეფორმების" ფონდმა 5000 ჩინოვნიკი უნდა „დააპუროს". ეს ინიციატივა სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმების კონტექსტში განიხილება და ბიუროკრატიულ აპარატში კორუფციის აღმოფხვრას და პროფესიონალური კადრებისათვის სოციალური გარანტიების შექმნას ისახავს მიზნად. თუმცა საქართველოში 5 ათასზე გაცილებით მეტი ჩინოვნიკია და ფონდის „მზრუნველობის" გარეშე დარჩენილ მოხელეებს და გაბერილ აპარატს, როგორც ჩანს, მასობრივი შემცირება მოუწევს.

საინტერესოა, რომ მიმდინარე წელს „განვითარებისა და რეფორმების ფონდის" ბიუჯეტი მთლიანად უცხოური გრანტებით შეივსება. 2005 წელს უცხოელები ბიუჯეტის 65 პროცენტს გაიღებენ, 2006 წელს 34 პროცენტიან „წილში შემოვლენ", ხოლო 2007 წლიდან სახელმწიფომ უკვე მხოლოდ თავად უნდა იზრუნოს საკუთარი ბიუროკრატიის შრომის მაღალ ანაზღაურებაზე.
XS
SM
MD
LG