Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესა თბილისსა და ბათუმს შორის წარმოქმნილ კრიზისზე


გიორგი კაკაბაძე, თბილისი წინა კვირაში თბილისსა და ბათუმს შორის წარმოქმნილმა კრიზისმა რუსეთის პრესის ფართო გამოხმაურება პოვა. ახალი კრიზისული ვითარების შექმნასთან დაკავშირებით გამოთქმულ ვარაუდებთან ერთად,

წერილებში ეკონომიკურ პრობლემატიკასაც ეთმობა ყურადღება.

19 მარტის გაზეთ "კომერსანტის" თქმით, "მართალია, მოლაპარაკებები ბათუმში მაჟორულ ნოტაზე დასრულდა, მაგრამ განსაკუთრებული თვითკმაყოფილების საფუძველს არ უნდა იძლეოდეს. მოსალოდნელია, რომ ღია თუ ფარული დაპირისპირება თბილისსა და ბათუმს შორის ქართული პოლიტიკის მთავარ ინტრიგად იქცევა უახლოეს მომავალში."
გაზეთის აზრით, "მიხეილ სააკაშვილისა და ასლან აბაშიძის პარტიაში ყაიმი პრინციპულად შეუძლებელია, - თამაში მხოლოდ მოგებაზე მიდის."
"კომერსანტი" წერს:

"თუ მიხეილ სააკაშვილი შეძლებს აჭარის [ასე ვთქვათ] "აგებას", რაც მისმა წინამორბედებმა ვერაფრით მოახერხეს, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადრე თუ გვიან ის დანარჩენ საქართველოსაც დაიქვემდებარებს".
"გამარჯვება ასლან აბაშიძესაც სჭირდება...აჭარის ლიდერი ქვეყნის ახალ ხელმძღვანელობას ინსტინქტურად ისევ და ისევ აღიქვამს, როგორც პოლიტიკურ მედროვეებსა და თავხედ თვითმარქვიებს."
"თუმცა ამ დაპირისპირებაში არამხოლოდ ორი სრულიდ განსხვავებული პოლიტიკოსის ბედი წყდება. სასწორზე - აჭარის ბედია. დღევანდლამდე ეს ყოფილი საბჭოთა კურორტი, მისი უცვლელი ბელადის ძალისხმევით, რჩებოდა ეგრეთ წოდებულ "საბჭოთა ნაკრძალად" პოსტსაბჭოთა სივრცეში. და, აი, დღეს ეს ნაკრძალი შეიძლება გაქრეს, როგორც ქრებიან რელიქტური ეთნოსები, რომლებსაც ახალი ერები ახალი ბელადების თაოსნობით შთანთქავენ."

22 მარტის გაზეთ "ვედომოსტის" თქმით, "ხელისუფლებაში ყოფნის თვენახევრის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული ეფექტიანობა გამოავლინა."
გაზეთი წერს:

"კორუფციასთან ბრძოლის კამპანიამ მმართველი კლასის განახლება გამოიწვია - ძველი რეჟიმის სხვა ოდიოზურ წარმომადგენლებთან ერთად ციხეში ედუარდ შევარდნაძის სიძეც კი აღმოჩნდა. ბიზნესს კი, რომელიც ახალი წესების მიხედვით ცხოვრებაზე თანახმაა, რეაბილიტაციის შესაძლებლობა მიეცა დამალული გადასახადების დაფარვის სახით. აბაშიძის მოთვინიერება არის გიგანტური ნაბიჯი პრეზიდენტის კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირების შესრულების, ქვეყნის მთლიანობის აღდგენის გზაზე."

განსხვავებულად აფასებს ახალი ხელისუფლების ეკონომიკურ ღონისძიებებს 19 მარტის "როდნაია გაზეტა".
გაზეთი წერს:

"თბილისის დღევანდელ პოლიტიკურ სამყაროში განცვიფრებას იწვევს გადამეტებული თავდაჯერებულობა, რომ ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად პროფესიონალიზმი ეკონომიკის სფეროში საჭირო არ არის. საკმარისია ახალგაზრდა პრეზიდენტის დემოკრატიზმი და ენერგია და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას აპარატული მუშაობის გამოცდილება. ამ დროს კი, პრეზიდენტის მოღვაწეობაზე კონტროლის ინსტრუმენტების უქონლობის პირობებში, ნებისმიერი დემოკრატია ავლენს ტენდენციას ავტორიტარიზმისკენ.
"დიახ, ჩვენ არ გვქვს ეკონომიკური პროგრამა, მაგრამ ის არც არის საჭირო - საკმარისია კორუფციის დამარცხება და ხალხისთვის თავისუფლების მიცემა. მაშინ ეკონომიკა თავისით აღორძინდება."
ასეთია ყველა იმ ადამიანის საერთო აზრი, რომელიც დღეს საზოგადოებრივ აზრს და სამთავრობო კურსსაც განსაზღვრავს."
XS
SM
MD
LG