Accessibility links

logo-print

დამოუკიდებელი კომისია 11 სექტემბრის ტრაგედიის გარემოებებს იძიებს


ანდრო ეული, პრაღა თეთრი სახლის ამჟამინდელ და ყოფილ ადმინისტრაციათა მაღალჩინოსნები ჩვენებებს აძლევენ ამერიკის კონგრესის დამოუკიდებელ კომისიას,

რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების გარემოებებს იძიებს. წინასწარ საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც სამშაბათს გამოაქვეყნა ხსენებულმა ათწევრიანმა კომისიამ ნათქვამია, რომ როგორც ბილ ქლინტონის, ასევე ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ არ მიიღეს სათანადო ზომები ოსამა ბინ ლადენისა და ალ-ყაიდის წინააღმდეგ, რაც 2001 წლის 11 სექტემბრამდე უნდა მომხდარიყო.

"ამ ადმინისტრაციამ ბოლომდე გააცნობიერა ის საფრთხე, რასაც ტერორიზმი უქმნის შეერთებულ შტატებს, მის მოკავშირეებსა და მათს ინტერესებს მთელს მსოფლიოში. ჩვენ მყისვე შევუდექით ამ მიმართულებით საქმიანობას. პრეზიდენტმა გარკვევით განაცხადა, რომ პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს ტერორიზმთან ბრძოლას" - განაცხადა კონგრესის ათწევრიანი კომისიის წინაშე გამოსვლისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა.

სამშაბათს, კომისიას ჩვენებები მისცეს ასევე შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა, აგრეთვე ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მედლინ ოლბრაიტმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა უილიამ კოენმა, რომლებიც ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში მსახურობდნენ.

საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც სამშაბათს გამოაქვეყნა კონგრესის ათწევრიანმა კომისიამ კრიტიკაა გამოთქმული თეთრი სახლის ამჟამინდელი, აგრეთვე მისი წინამორბედი, ადმინისტრაციის მისამართით იმის გამო, რომ როგორც ერთმა, ასევე მეორემ, ნაცვლად იმისა, ძალა გამოეყენებინა ალ-ყაიდის წინააღმდეგ, დიპლომატიურ სტრატეგიას მიანიჭა უპირატესობა. მოხსენებაში მოყვანილია რამდენიმე შემთხვევა, როცა კლინტონის თეთრმა სახლმა ბინ ლადენის შეპყრობის, ან მოკვლის შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

ყოფილი სენტაორი ნებრასკის შტატიდან ბობ კერი, რომელიც დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს კონგრესის ათწევრიან კომისიაში, იმედგაცრუებას გამოთქვამს იმის გამო, რომკლინტონმა და ბუშმა დროულად არ მიიღეს ქმედითი ზომები ალ-ყაიდის წინააღმდეგ, რაც შეუძლებელს გახდიდა უკვე 11 სექტემბრის ტერაქტს, და ეს მაშინ, როცა 90-წლების ბოლოს ალ-ყაიდას რამდენიმე თავდასხმა ჰქონდა უკვე განხორციელენული შეერთებული შტატების ობიექტებზე საზღვარგარეთ [ბობ კერის ხმა]: "ტერორისტებმა ჩვენი მფრინავები დახოცეს საუდის არაბეთში. ამ ადამიანებმა ჩვენს ობიექტებზე განახორციელეს თავდასხმა აღმოსავლეთ აფრიკაში. ისინი ჩვენს მზღვაურებს დაესხნენ თავს იემენში. ვერ გამიგია, დღემდე ვერ გამიგია, რატომ არ იქნა ამ შემთხვევაში გამოყენებული სამხედრო ძალა" - თქვა ბობ კერიმ.

პრეზიდენტ ბუშის მთავარი ოპონენტი ნოემბრის მოახლოებულ არჩევებში, დემოკრატი სენატორი ჯონ კერი აცხადებს, რომ ჯორჯ ბუშის პოლიტიკამ ფაქტობრივად დაასუსტა შეერთებული შტატების პოტენციალი - ებრძოლოს ტერორიზმს. რიჩარდ კლარკმა, რომელიც ჯერ ბილ კლინტონის, ხოლო შემდეგ ჯორჯ ბუშის მრჩეველი იყო კონტრტერორიზმის საკითხებში, განაცხადა, რომ 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, პრეზიდენტ ბუშის მთელი ყურადღება არა ალ-ყაიდის, არამედ უფრო ერაყის პრობლემისკენ იყო მიპყრობილი.

სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე თეთრ სახლში პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედებდა 11 სექტემბრის თავდასხმის უვნებელსაყოფად, წინასწარ რომ მოეღო სადაზვერვო სამსახურისაგან ინფორმაცია ამის შესახებ [ჯორჯ ბუშის ხმა]: "ჩემს ადმინისტრაციას რომ მიეღო რიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორისტები ნიუ-იორკზე აპირებდნენ 11 სექტემბერს თავდასხმას, ჩვენ სათანადო ზომებს მივიღებდით" , - დასძინა ჯორჯ ბუშმა.

საანგარიშო მოხსენებაში მოყვანილია 90-იანი წლების მიწურულს მომხდარი ოთხი ცალკეული შემთხვევა, როცა ბილ კლინტონის ადმინისტრაციას მიეცა ბინ ლადენის მოკვლის ძალზედ კარგი შესაძლებლობა, მაგრამ ხელიდან გაუშვა იგი.
XS
SM
MD
LG