Accessibility links

logo-print

საქართველოში ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე აღნიშნეს


24 მარტს მთელ მსოფლიოში ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დაავადების შედეგად,

ყოველწლიურად 3 მილიონამდე ადამიანი, მათ შორის, 100 ათასი ბავშვი იღუპება. უფრო მეტიც, წლიდან წლამდე ტუბერკულოზით დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 1 პროცენტი ინფიცირდება. საინტერესოა, რა მდგომარეობაა, ამ მხრივ, საქართველოში, ვინ და როგორი წარმატებით ებრძვის აქ ტუბერკულოზს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამის დირექტორი პოლ ნანი დაავადების გავრეცელების ახალ მასშტაბებზე საუბრობს:

[პოლ ნანის ხმა] "ჩვენ ახლახან დავასრულეთ გამოკვლევა, რომელიც ცხადყოფს, რომ ტუბერკულოზი ყოფილ საბჭოთა კავშირში ჯანმრთელობის მთავარ პრობლემას წარმოადგენს. და არამარტო რუსეთის ფედერაციაში. ასევეა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ცენტრალურ აზიაში და, აგრეთვე, ინდოეთისა და ჩინეთის ზოგიერთ ნაწილში."

გამომდინარე ბოლო ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობიდან, გასაკვირი არ არის, რომ ტუბერკულოზის პრობლემას თავი ვერც საქართველომ დააღწია. პროფესორი გიორგი ხეჩინაშვილი, ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორი, ჩემი თხოვნით, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას აფასებს:

[გიორგი ხეჩინაშვილის ხმა] "სახელმწიფომ, უფრო სწორად კი, სახელმწიფო პროგრამამ და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა შეძლეს, გარკვეულწილად, ეპიდემიის შეჩერება, მაგრამ ეს არის პლატო, ანუ ჩვენ ქვევით ჯერ ვერ მივდივართ. სახელმწიფოში, თავისუფლების აღკვეთის ადგილების ჩათვლით, წელიწადში 5896 შემთხვევა რეგისტრირდება."

ხეჩინაშვილის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში ტუბერკულოზით საქართველოში 301 ადამიანი გარდაიცვალა. ექიმების თქმით, განსაკუთრებით სახიფათოა დაავადების უკურნებელი ფორმა, ანუ ეგრეთ წოდებული მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი.

[გიორგი ხეჩინაშვილის ხმა] "აქ სცოდავს ორი მახარე: პაციენტი, რომელიც დაუდევარია და არ იღებს წამლებს ბოლომდე, და ექიმი, რომელიც არ იცავს იმ სტანდარტულ რეჟიმებს, რომელიც მსოფლიოს მიერ არის მოწოდებული."(სტილი დაცულია)

სპეციალისტების განცხადებით, დაავადების გავრცელების მხრივ, განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო წითელი ჯვარი სპეციალურ პროგრამას ახორციელებს, ურთულესი ვითარებაა შექმნილი. ერთი თვის წინ მე საშუალება მომეცა იმ ადამიანს გავსაუბრებოდი, ვისი შვილიც სასჯელს რუსთავის კოლონიაში იხდის.

[ქალბატონის ხმა] "ავადმყოფია ჩემი შვილი და იმიტომ ვითხოვდი, რომ ანახეთ-მეთქი ექიმის კაბინეტი. ...ნახეთ ერთი, კარგით, ჩემი შვილის პირობებს თუ ვერ გააუმჯობესებენ, მომსახურე პერსონალის პირობები მაინც გააუმჯობესონ, ექიმის კაბინეტი რომ გავდეს მაინც კაბინეტს. ნახეთ ერთი რა პირობებში უწევს ექიმს სამსახური." (სტილი დაცულია)

ასეთსავე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის როგორც პაციენტები, ასევე მედიკოსები. ცენტრის დირექტორს არჩილ სალაყაიას მოუსმინეთ:

[არჩილ სალაყაიას ხმა] "2002 წლის აპრილის მიწისძვრის შედეგად, ცენტრის მთავარი კორპუსი დაზიანდა ისე, რომ სპეციალისტებმა ის ჩათვალეს გამოუსადეგრად ექსპლუატაციისათვის, ამიტომ იძულებული გავხდით მაშინ სტაციონარული განყოფილებები განგვეთავსებინა ძველ შენობაში - 60-იან წლებში აშენებული შენობაა, რომელიც..."(სტილი დაცულია)

შედაგად, საავადმყოფოში, რომელიც 110 საწოლზეა გაანგარიშებული, დღეისათვის 180 ადამიანს უტარდება მკურნალობის კურსი. ხოლო იმის გამო, რომ ბიუჯეტმა შარშან ტუბერკულოზის პროგრამა მხოლოდ 60 პროცენტით დააფინანსა, პაციენტების მსგავსად, ექიმების მდგომარეობაც მკვეთრად გაუარესდა. არადა, მათი ხელფასი, 150 ლარი, ისედაც მწირია. თუმცა იმედად და ხსნად ამჯერადაც საერთაშორისო ორგანიზაციები და მეგობარი ქვეყნები გვევლინებიან, რომლებიც, 1993 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ტუბერკულოზთან ბრძოლაში მარტოს არ ტოვებენ.
XS
SM
MD
LG