Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან აბაშიძის ოპოზიცია შეშფოთებულია არჩევნების წინ აჭარაში ვითარების დაძაბვის შესაძლებლობით


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 24 მარტს ამოიწურა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა. შეგახსენებთ:

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 10 დღის ვადაში ასლან აბაშიძეს უნდა გაეუქმებინა ავტონომიის ფარგლებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, ამოეღო ბოლო დღეების მანძილზე მოსახლეობისთვის უკანონოდ დარიგებული იარაღი და შეექმნა ოპოზიციური პარტიებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად აუცილებელი პირობები. როგორ შეასრულა აჭარის ხელმძღვანელმა პრეზიდენტის დავალება?

აჭარაში საგანგებო მდგომარეობა ჯერაც არ გაუქმებულა. როგორც ჩანს, ამჯერადაც ასლან აბაშიძე საგანგებო მდგომარეობას არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გააუქმებს - როგორც გახსოვთ, სწორედ ასე მოიქცა იგი 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. არ დასტურდება არც მოსახლეობისგან იარაღის ამოღების ღონისძიებების დაწყება. ამის მიუხედავად, სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა აცხადებს, რომ ბათუმში ვითარება შედარებით დაწყნარებულია:
[ გიორგი ხაინდრავას ხმა] " ბათუმში განწყობილება არის გაცილებით უკეთესი...ქუჩაში შეიარაღებული ხალხი და მძიმე ტექნიკა აღარ არის, მაგრამ, ვიმეორებ, გარკვეული შეშფოთება რეგიონებში, სოფლებში შეიარაღებულ ჯგუფებთან დაკავშირებით ნამდვილად არის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება."
განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა ორგანიზაცია "ჩვენი აჭარის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამაზ დიასამიძემ, რომლის თქმითაც, ბათუმის ქუჩებში კვლავ შეინიშნება მძიმე საბრძოლო ტექნიკის სიმრავლე:
[თამაზ დიასამიძის ხმა]
თამაზ დიასამიძის განმარტებით, ამის მიუხედავად, ბოლო დღეების მანძილზე აჭარის მთელ ტერიტორიაზე ასლან აბაშიძის პოლიტიკისადმი ოპოზიციურად განწყობილ ორგანიზაციებს მაინც ეძლევათ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალება. ერთადერთი, თამაზ დიასამიძე შიშობს, რომ ვითარების ხელოვნურად დაძაბვა აუცილებლად გამოიწვევს აჭარაში არჩევნების ჩაშლას:
[თამაზ დიასამიძის ხმა] "ჩაშლა უნდა იმას, ვინც არჩევნებს აგებს. არჩევნებს აბაშიძე აგებს, ამიტომ, მე ვფიქრობ, რამდენიმე დღე არ არის სასურველი, რომ გარკვეული ულტიმატუმები და მკვეთრი მოთხოვნები განახლდეს და დაიძაბოს ვითარება. მაშინ ეს ამომრჩევლის აქტიურობაზე დიდ გავლენას მოახდენს და, შესაძლებელია, არჩევნებიც ჩაიშალოს, თუკი ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ რაღაც გარკვეულ დემოკრატიულ რეჟიმს."
ჯერჯერობით უცნობია ასლან აბაშიძის რეაქცია მიხეილ სააკაშვილის 24 მარტის განცხადებებზე: სამეგრელოში წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისას მან განაცხადა, რომ ბოლო დღეებში ასლან აბაშიძე აჭარაში შეიარაღებული პირების შეყვანას გეგმავს, რაც მას ძვირად დაუჯდება.
თამაზ დიასამიძე ამ ცნობას ვერ ადასტურებს, თუმცა შენიშნავს, რომ აჭარაში ისედაც მრავლად არიან შეიარაღებული პირები, ვინც უსიტყვოდ ემორჩილება ასლან აბაშიძის ნებისმიერ ბრძანებულებას.
XS
SM
MD
LG