Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი მაღალჩინოსანი პრეზიდენტ ბუშს აკრიტიკებს


ანდრო ეული, პრაღა თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა კონტრტერორიზმის საკითხებში რიჩარდ კლარკმა განაცხადა,

რომ 2001წლის 11 სექტემბრის ტრაგედიამდე, ტერორიზმთან ბრძოლა პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციისთვის არ წარმოადგენდა პირველადი მნიშვნელობის პრობლემას. ანდრო ეულს მოუსმინეთ

ახლახან გამოქვეყნებულ თავის წიგნში კლარკი წერს, რომ 11 სექტემბრის ტრაგედიამდე, პრეზიდენტ ბუშისა და მისი ადმინისტრაციის მთელი ყურადღება არა ალ-ყაიდის, არამედ ერაყისკენ იყო მიპყრობილი.

ოთხშაბათს რიჩარდ კლარკმა ჩვენება მისცა ვაშინგტონში კონგრესის დმოუკიდებელ ათკაციან კომისიას, რომელმაც უნდა გამოარკვიოს, შეიძლებოდა თუ არა თავიდან აცილება 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებული ტერორისტული აქტებისა, რამაც სამი ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შეეხო რა საკითხს, თუ ვის უნდა დაეკისროს ხსენებული ტრაგედიისთვის პასუხისმგებლობა, რიჩარდ კლარკმა განაცხადა [რიჩარდ კლარკის ხმა]: "იმიტომ ვაკრიტიკებ ასე ხმამაღლა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ ერაყში განხორციელებული ინტერვენციით, რაზეც კომისიას არ უთხოვია ჩემგან კომენტარი, ხოლო ჩემს წიგნში ამის შესახებ ვრცლადა მაქვს მოთხრობილი, ერაყში განხორციელებული ინტერვენციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერაყთან მიმდინარე ომს ძირი გამოუთხარა".

პრეზიდენტ ბუშის მთავარი მეტოქე ნოემბრის მოახლოებულ არჩევნებში, დემოკრატი სენატორი ჯონ კერი აცხადებს, რომ ბუშის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ერაყთან ომის დაწყებას უკეთესობისკენ სულაც არ შეუცვლია ხიფათით აღსავსე მსოფლიო.

კონგრესის დამოუკიდებელი კომისიის წინაშე გამოსვლისას რიჩარდ კლარკმა საკუთარი თავიც დაადანაშაულა იმაში, რომ ვერ მოხერხდა 11 სექტემბრის ტრაგედიის თავიდან აცილება. დარბაზში სხვებთან ერთად 11 სექტემბრის ტრაგედიის მსხვერპლთა ნათესავებიც იყვნენ, რომლებიც მქუხარე ოვაციებით შეხვდნენ კლარკის გამოსვლას. ამ უკანასკნელმა ბოდიში მოიხადა თავისი და მთავრობის სახელით იმისთვის, რომ ვერ მოხერხდა ტერორისტული თავდასხმის უვნებელყოფა [რიჩარდ კლარკის ხმა]: "მივმართავ დარბაზში მყოფთ, იმათაც, ვინც ტელევიზორს უზის. თქვენმა მთავრობამ იმედი გაგიცრუათ. იმათ, ვისაც თქვენი დაცვა ევალებოდა, გიმტყუნათ, მათ შორის მეც. ჩვენ ყოვენაირად შევეცადეთ, მაგრამ ამას აღარა აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან ვერ გავაკეთეთ ის, რაც გვევალებოდა. ამიტომაც გაგებასა და პატიებას ვითხოვდი თქვენგან, როცა ყველა ფაქტი გამომზეურდება."

ჩვენების მიცემისას ოთხშაბათს, რიჩარდ კლარკმა განაცხადა, რომ 11 სექტემბრის ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე, 4 სექტემბერს, წერილობით მიმართა თეთრი სახლის მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისს და მოუწოდა მეტი ყურადღება დაუთმოს კონტრტერორიზმს, და თან სთხოვდა: "ერთი წუთით წარმოიდგინეთ, როგორ ხასიათზე დადგებით თქვენ და სხვებიც, თუკი თავდასხმას ასობით ამერიკელის სიცოცხლე შეეწირებაო", - ციტატის დასასრული.

კონდოლიზა რაისმა უარი თქვა - საჯაროდ მისცეს ჩვენება კონგრესის დამოუკიდებელ კომისიას, რომელიც 11 სექტემბრის ტრაგედიის გარემოებებს იძიებს. რაისის ნაცვლად, ჩვენება კომისიას, ოთხშაბათს, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რიჩარდ არმიტაჟმა მისცა.

როგორც რიჩარდ კლარკი აღნიშნავს თავის წიგნში, ჯერ კიდევ 12 სექტემბერს, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის მთელი ყურადღება იმისკენ იყო მიმართული, რომ ერაყთანა და სადამ ჰუსეინთან დაეკავშირებინა, როგორმე, 11 სექტემბრის ტრაგედია, ხოლო ალ-ყაიდა, უკანა პლანზე იყო გადაწეული.

კლარკის ეს მტკიცება თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, მათ შორის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა უარყო.

დონალდ რამსფელდმა, აგრეთვე მისმა წინამორბედმა ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს უილიამ ქოენმა, ჩვენებების მიცემისას ოთხშაბათს არასარწმუნოდ მიიჩნიეს იმის მტკიცება, რომ ოსამა ბინ ლადენის მოკვლით თავიდან იქნებოდა აცილებული 11 სექტემბრის ტრაგედია.
XS
SM
MD
LG