Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გააღიზიანა სააკაშვილის განცხადებამ უკრაინის დიპლომატიური უწყება?


24 მარტს, ზუგდიდში ყოფნის დროს, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ, თითქოს ასლან აბაშიძე უკრაინიდან დაქირავებული მებრძოლების ჩამოყვანას ცდილობდა,

უკრაინულ-ქართულ უღრუბლო დიპლომატიურ ურთიერთობაში დისონანსი შეიტანა. სტრატეგიული პარტნიორების აღშფოთებისა და გაკვირვების მოსმენა მოუხდა უკრაინაში საქართველოს ელჩს გრიგოლ ქათამაძეს, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისათვის დაიბარეს.

უკრაინა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 13 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო. იმ ხნიდან მოყოლებული, საერთო შეფასებით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა აღმავალი ხაზით ვითარდება: კიევი განუხრელად უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყველაზე მძიმე წუთებში და მაშინ, როცა რუსეთის ავიაცია ბომბავდა სოხუმს, დაახლოებით 20 უკრაინელი მოხალისე იბრძოდა საქართველოს ერთიანობის დასაცავად. სააგენტო "კავკაზ-პრესის" ინფორმაციით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეახსენეს უკრაინაში საქართველოს ელჩს გრიგოლ ქათამაძეს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ზუგდიდში გაკეთებული ერთი განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს. თავად პრეზიდენტ სააკაშვილის 24 მარტის განცხადების შინაარსი კი ასეთი გახლდათ: მას აქვს ინფორმაცია, რომ აჭარის ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, ჩეჩნეთიდან და უკრაინიდან ჩამოეყვანა დაქირავებული მებრძოლები, რაც საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებით, კატასტროფული შედეგით დასრულდება. როგორც ირკვევა, საქართველოს პრეზიდენტის ამ გამონათქვამებით გაკვირვებულმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ელჩენკომ ოთხშაბათ საღამოსვე ახსნა-განმარტებისთვის უხმო საქართველოს სრულუფლებიან ელჩს უკრაინაში გრიგოლ ქათამაძეს, რომელსაც, ამ შეხვედრის დეტალების დასაზუსტებლად, ჩვენ უკრაინაში დავუკავშირდით.

[გრიგოლ ქათამაძის ხმა] "

პრეზიდენტ სააკაშვილის ამ განცხადებას გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში. პროდასავლური პარტია "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ ამ კონტექსტში უკრაინის ხსენება, რუსეთთან დამთბარი ურთიერთობის ფონზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსში გარკვეული აქცენტების შეცვლაზე უნდა მიანიშნებდეს.

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] "

თუმცა საგარეო პოლიტიკაში აქცენტების რევიზიას კატეგორიულად გამორიცხავს ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხში გიორგი ხელაშვილი. ხელაშვილის აზრით, კიევის მხრიდან ასეთი გაღიზიანება გამოწვეულია იმით, რომ უკრაინის ოფიციალურ წრეებში არსებობს გარკვეული შიში საქართველოს პრეზიდენტის რევოლუციური წარსულისა და სააკაშვილისა და უკრაინის ოპოზიციის მჭიდრო ურთიერთობის გამო.

[გიორგი ხელაშვილის ხმა]

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ხუთშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. ქართული მხარე აცხადებს, რომ აჟიოტაჟი პრეზიდენტის სიტყვების არასწორმა ინტერპრეტირებამ გამოიწვია და რომ გაუგებრობა საქართველოსა და უკრაინას შორსი ამით ამოწურულია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG