Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დატვირთვა აქვს ოპოზიციური ძალებისთვის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებს


საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური ძალების წინასაარჩევნო კამპანია ისეთივე მოკრძალებულია, როგორიც აქამდე იყო.

2 ნოემბრის არჩევნებით მიღებული ფინანსური დანაკარგების გამო, ოპოზიციური ძალები ამომრჩეველთან ურთიერთობის შედარებით იაფ გზებს ეძებენ. მაგალითად: 25 მარტს თბილისის ქუჩებში მოძრაობდა რამდენიმე მანქანა, რომლებშიც ჩამონტაჟებული მეგაფონებიდან ისმოდა მოწოდება "ხმა მიეცით "ერთობას"!" 25 მარტსვე სხვა ოპოზიციური ძალები ამომრჩევლებს სხვა გზებით მოუწოდებდნენ მათთვის მხარდასაჭერად. როგორია ამ ძალების წინასაარჩევნო კამპანია უშუალოდ 28 მარტის არჩევნების წინა დღეებში?

"ერთობა" მთავარ სათქმელს ჯუმბერ პატიაშვილის პირით იტყვის შაბათს, არჩევნების წინა დღეს, როცა ის საქართველოს მოსახლეობას მიმართავს. მანამდე კი, ვიდრე ლიდერი პატიაშვილი ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯუფებთან შეხვედრებით არის დაკავებული, თბილისის ქუჩებში რამდენიმე მანქანა მოძრაობს. ამ მანქანებიდან ისმის ის, რაც 25 მარტს რუსთაველის გამზირზეც ისმოდა:

[ მეგაფონის ხმა] "თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ქვეყნის მომავალი, თუ თქვენთვის ღირებულია გამოცდილების, სამართლიანობისა და ზნეობის პრინციპები, მოგიწოდებთ: მობრძანდით არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ ჯუმბერ პატიაშვილს და მის გუნდს."

["ერთობის" ერთ-ერთი აქტივისტის ხმა] " დღეს მთლიანი მიმოსვლა გვქონდა ყველა რაიონში 10 მანქანით, ხვალ იგივე განმეორდება."(სტილი დაცულია)


არჩევნების წინ სხვაგვარ ორიგინალურ ქმედებებს მიმართავენ სხვა ოპოზიციური ძალები. ლეიბორისტებმა საკუთარი წარმომადგენელი დათო გაჩეჩილაძე ენგურს იქითა საქართველოში, ოჩამჩირეში, ქართული ხატით მიავლინეს.

[დათო გაჩეჩილაძის ხმა] "ვილოცეთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთან ერთად და იმედი მაქვს ამას მომავალში უფრო სისტემატური ხასიათი მიეცემა."




არჩევნების წინ სალოცავად გასვლა დაგეგმა "ახალი მემარჯვენეების" და "მრეწველების" საარჩევნო ერთობამაც. ხუთშაბათ საღამოს ამ ბლოკის ლიდერები თბილისში მშენებარე სამების ტაძარში უნდა შეკრებილიყვნენ და იქიდან გეზი ყაზბეგის რაიონში მდებარე სამების ეკლესიისკენ აეღოთ.

[დავით საგანელიძის ხმა] " მართალია, იქ თოვლია, მაგრამ 2 საათ-ნახევარში ავალთ. ეს იქნება გამოხატულება ჩვენი დამოკიდებულებისა დედა ეკლესიის მიმართ, ჩვენი დამოკიდებულებისა მორწმუნე ადამიანების მიმართ და, საერთოდ, საქართველოს მიმართ."

გვითხრა "ახალი მემარჯვენეების" გენერალურმა მდივანმა დავით საგანელიძემ. მისი თქმით, ყაზბეგში ასვლით ახლები და მრეწველები დაასრულებენ საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო სიარულს. არჩევნების წინ თბილისელებს არ შესთავაზებენ არავითარ კონცერტს ან პოლიტიკური დატვირთვის მქონე კლიპს, ისე როგორც აქამდე ხდებოდა. ახლების და მრეწველების მთავარი საარჩევნო დევიზია - "ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს, დემოკრატიას და საკუთრებას". სარეკლამო ბარათებზე, რომლებსაც ისინი ამომრჩევლებს ურიგებენ, სამების ტაძარია გამოსახული. საარჩევნო სიის მესამე ნომრებმა სიმბოლოდ სწორედ სამების ტაძარი აირჩიეს, სოციალისტების სიმბოლოდ კი ისევ ვარდი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმბოლოში შეეცილნენ. არჩევნების წინ ქართველი სოციალისტები სამეგრელოში ჩავლენ, შემდეგ კი თბილისელების ფართო აუდიტორიას შეხვდებიან და პოლიტიკური დატვირთვის პიკეტებს დედაქალაქის მეტროსადგურებთან მოაწყობენ. როგორც ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, ამ არჩევნების წინ საქართველოს ტელევიზიების ეთერში სოციალისტების სარეკლამო რგოლი მარტო სამჯერ დატრიალდა:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] "ჩვენ ვერ შევძელით ელექტრონული მედიით საარჩევნო კამპანიის წარმოება, ამიტომ იძულებულნი ვართ საარჩევნო კამპანია ამომრჩეველთან უშუალო შეხვედრებით დავასრულოთ. "


პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, სოციალისტები მოქალაქეთა ცოდნისა და კვალიფიკაციის მიხედვით დასაქმებისთვის, პენსიების გაორმაგებისა და ლტოლვილებისთვის ყოველდღიურად ერთი ლარის დარიგებისთვის იბრძოლებენ; ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ტრადიციონალისტები და ეროვნულ-დემოკრატები კი ქართული ძალების გაერთიანებაზე იზრუნებენ. არჩევნების წინ მათი ლიდერებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ.

[ირაკლი მელაშვილის ხმა] " ზოგი დასავლეთ საქართველოშია, ზოგი -აღმოსავლეთ საქართველოში, ზოგიც - სამხრეთ საქართველოში."

ეს იყო ირაკლი მელაშვილი. მისი თქმით, ედპ-ტრადიციონალისტები თბილისელებთან მასშტაბურ შეხვედრას 26 მარტს მოაწყობენ. რაც შეეხება ასლან აბაშიძის აღორძინებას, მისი საარჩევნო კამპანია აჭარაში თუ კმარელების ცემით მიმდინარეობს, თბილისში, როგორც "აღორძინების" წარმომადგენელი გოგა დარასელი ამბობს, ამომრჩევლებთან კი არა, ჟურნალისტებთან შეხვედრით ამოიწურება:

[გოგა დარასელის ხმა] " ჟურნალისტებთან დიალოგის კუთხით ვმუშაობთ, ასეთი აკადემიური სტილით ვმუშაობთ. სხვა, რაც შეეხება მოსახლეობასთან გასვლას, კორპუს-კორპუს სიარულს, ასეთი რამ არ არის. " (სტილი დაცულია)

"ძლიერი რეგიონი, ძლიერი ქალაქი და ძლიერი ქვეყანა" - ასეთია ასლან აბაშიძის "აღორძინების" საარჩევნო დევიზი. საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის დათქმული ვადა იწურება. კვირას არჩევნებია - არჩევნები, რომლის შედეგედაც, დიდი შანსია, ერთპარტიული პარლამენტი ამოქმედდეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG