Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ბიზნესი საქართველოში ინვისტირებისათვის მზად არის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების მოზიდვის თაობაზე ყველაზე ადრე რუსი ბიზნესმენები გამოეხმაურნენ. ორიოდე დღის წინ მათ დააფუძნეს ასოციაცია

"რუსეთ-საქართველოს საქმიანი თანამშრომლობა", რომელიც საინვესტიციო პროექტებზე იმუშავებს. დღეს მინდა გესაუბროთ რუსეთ-საქართველოს ბიზნესურთიერთობებზე.

მიხეილ სააკაშვილის მოსკოვური ვიზიტისა და მის მიერ უკვე თბილისში გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რომელიც საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეეხებოდა, საქართველოს საელჩომ რუსეთში მოქმედება დაიწყო. ამ დღეებში საელჩოში რუს ბიზნესმენებთან და იქაური ქართული საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ამავე შეხვედრაზე გაკეთდა განცხადება ასოციაცია "რუსეთ-საქართველოს საქმიანი თანამშრომლობის" დაფუძნების შესახებ. სხვათა შორის, ამ ასოციაციაში რუსეთის უმსხვილესი კომპანიები, მათ შორის, "რაო ეესი", "იტერა", "მეტროსტროი" და "ვილ-ბიმ-დამია" გაერთიანებული.

ასოციაციის წევრები იმთავითვე ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და საქართველო-რუსეთს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის შესაძლებლობას სწორედ ბიზნესინტერესებში ხედავენ. სიმპტომატურია, რომ ამ შეხვედრის პარალელურად თბილისში სტუმრობს რუსეთის სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, ექს-პრემიერი ევგენი პრიმაკოვი, რომელმაც რამდენიმე შეხვედრა გამართა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. ანუ რუსეთ-საქართველოს შორის ბიზნესდიალოგი, შეიძლება ითქვას, დაიწყო. სიმპტომატურია ისიც, რომ რუსულ ბიზნესში საქმიანობს არაერთი ჩვენი წარმატებული თანამემამულე, რომელსაც, ბიზნესინტერესების გარდა, წმინდა პიროვნული დამოკიდებულებებიც ამოძრავებს.

ახლად დაფუძნებული ასოციაციის წევრები მზად არიან ქვეყანაში ინვესტიციების დასაბანდებლად და უახლოეს მომავალში კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსაც შემოგვთავაზებენ.

საელჩოში გამართულ შეხვედრაზე რუსული "რენესანს-კაპიტალის" წარმომადგენელმა ალექსანდრ შოხინმა განაცხადა, რომ "რუსეთში გაჩნდა იმის იმედი, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება წინამორბედების მიერ წლობით დაგროვილ პრობლემებს გადაჭრის. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა ჩამოყალიბდება, რაც რუსული ბიზნესისათვის კარგ ნიადაგს შექმნის. ჩვენ არ გვაშინებს დროებითი სიძნელეები. საქართველოს დიდი დახმარება სჭირდება რუსულ ბაზარზე გასასვლელად. ჩვენ ამისათვის მზად ვართ."

საინტერესოა, რომ რუსული კაპიტალი, ამ შეხვედრისა და სააკაშვილის მოწოდების გარეშეც, არცთუ მწირად არის საქართველოში წარმოდგენილი. იმავე "იტერას", "რაო-ეესს", "ლუკოილს" და სხვა რამდენიმე მსხვილ კომპანიას რამდენიმე წლის წინათ აქვთ დაწყებული ქართული ბაზრის ათვისება.

საქართველოს მიმართ რუსული ბიზნესის გაცხადებული ინტერესი, ბუნებრივია, არ შეიძლება არ გვახარებდეს, თუმცა საქმიანი წრეებისათვის დიპლომატიურ "დათბობაზე" მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელია. ანუ თანამემამულეების საქართველოსაკენ სრულიად ბუნებრივი ლტოლვა ამ შემთხვევაში არ შეიძლება გადამწყვეტი იყოს და დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორი ბიზნეს და საინვესტიცო გარემო ჩამოყალიბდება ქვეყანაში. უპირატესად, სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავენ კაპიტალის მოძრაობას და ხელისუფლებასაც ამ მიმართულებით მოუწევს აქცენტის გაკეთება.
XS
SM
MD
LG