Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მეთვალყურეთა მისიას სურს დაადგინოს, რატომ არ გაითვალისწინა საქართველოს ხელისუფლებამ მისი რეკომენდაციები


28 მარტის საპარლამენტო არჩევნებს, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, ქართველი და უცხოელი მეთვალყურეების დიდი რაოდენობა დაესწრება. ხუთშაბათს საღამოს თბილისს ესტუმრა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მეთვალყურეთა მისია, რომლის ხელმძღვანელმა მატიაშ იორშიმ თბილისის აეროპორტში ბრიფინგი გამართა.

თავიდან, როგორც გამოცდილ დიპლომატს შეშვენის, მატიაშ იორშმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ კვლავ მიეცა საქართველოში ჩასვლის საშუალება. დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში მისი ყველა ბოლოდროინდელი სტუმრობა არჩევნებს უკავშირდება. თუმცა, იქვე იორშიმ, ნახევრად ხუმრობით, იმედი გამოთქვა, რომ ეს სტუმრობა ბოლო ვიზიტი იქნება, რომელიც მეთვალყურეობასთან არის დაკავშირებული.

[მატიაშ იორშის ხმა] "ევროპის საბჭოს აზრით, საქართველოს დღეს სჭირდება სტაბილურობა, სჭირდება ძლიერი მმართველები, რომელთაც ქმედითი მხარდაჭერა ექნებათ პარლამენტის მხრიდან. და საქართველოს, ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყნის მსგავსად, ასევე დასჭირდება ძლიერი, ერთიანი ოპოზიცია პარლამენტში."

მატიაშ იორშის თქმით, ევროპის საბჭოს დელეგაცია საქართველოს გაფართოებული მისიით ესტუმრა. მისი მიზანია, გაარკვიოს, როგორ განვითარდა მოვლენები დელეგაციის ბოლო ვიზიტის შემდეგ. დელეგაციის წევრები შეხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და, რა თქმა უნდა, ყურადღებით მიადევნებენ თვალს კენჭისყრის პროცესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

[მატიაშ იორშის ხმა] "განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი ჯგუფის გაგზავნას ვაპირებთ აჭარაში, რადგან გვინდა, რომ არჩევნები აჭარაშიც მშვიდად და დემოკრატიულად ჩატარდეს. კენჭისყრის შემდეგ კი - შესაძლოა, ორშაბათსვე - ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან, ეუთოსთან და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისთან ერთად, ისევ მოვაწყობთ პრესკონფერენციას და თქვენ, საქართველოს საზოგადოებასა და საერთაშორისო საზოგადოებას, გაცნობებთ ჩვენს დასკვნებსა და რეკომენდაციებს, თუ ისინი გვექნა."

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ კენჭისყრაში ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას; რომ საქართველო შეძლებს, განავითაროს დაწყებული დემოკრატიული პროცესი და მთელი ძალისხმევა მის წინაშე მდგარი პოლიტიკური პრობლემების მოგვარებისკენ მიმართოს.

ერთ-ერთი ჟურნალისტმა თავის შეკითხვაში შვიდპროცენტიანი ბარიერის შემცირების საკითხი წამოჭრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მხარემ არ გაითვალისწინა ევროსაბჭოს რეკომენდაცია და ბარიერი ხუთ პროცენტამდე არ დასწია. მატიაშ იორშის პასუხი ასეთი იყო:

[მატიაშ იორშის ხმა] "ჩემი აზრით, შესაძლებელი იყო ბარიერის შემცირება შვიდიდან ოთხ ან ხუთ პროცენტამდე, რაც ევროპაში საშუალო მაჩვენებელია. ჩვენ ეს რეკომენდაცია გავეცით, რადგან სრულიად დარწმუნებული ვიყავით, რომ მისი შესრულება ხელს შეუწყობდა უფრო გაწონასწორებული პარლამენტის ჩამოყალიბებას. ეს რეკომენდაცია არ შესრულდა და ჩვენ გვინდა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარში გავარკვიოთ, რატომ. ცხადია, გვინდა ვიცოდეთ მიზეზი, მაგრამ შეშფოთებული ჩვენ კი არ უნდა ვიყოთ, არამედ, ჩემი აზრით, საქართველო უნდა იყოს, რადგან საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, პარლამენტში ძლიერი ოპოზიცია ჰყავდეს. ეს კი კარგი იარაღი იქნებოდა იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში ადგილები მოიპოვონ."

ბოლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მეთვალყურეთა მისის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ნაყოფიერი დიალოგი მომავლშიც გაგრძელდება. მატიას იორში ჟურნალისტებს ასე დაემშვიდობა:

[მატიაშ იორშის ხმა] (ქართულად) "დიდი მადლობა. ნახვამდის".
XS
SM
MD
LG