Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეათე სტუდია


532-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 532-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს საქმიანობის შესახებ; მოგითხრობთ კინორეჟისორ გია დანელიას თბილისში სტუმრობაზე; შემოგთავაზებთ მასალას ბიომეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" შესახებ; ვისაუბრებთ თანამედროვე სპორტის წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემაზე - დოპინგზე; გადაცემის ბოლოს პრაღის კომუნიზმის მუზეუმს ვეწვევით.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

ბრიტანეთის საბჭო საქართველოში

ბიძინა რამიშვილი:
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია "ბრიტანეთის საბჭო" მსოფლიოს 110 ქვეყანაში მოქმედებს. საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს ოფისი 1992 წელს გაიხსნა. ამ ხნის მანძილზე საბჭომ მოქმედების არე გაიფართოვა. საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს საქმიანობის ზოგიერთ მიმართულებას დავით პაიჭაძე გაგაცნობთ.

დავით პაიჭაძე:
ბრიტანეთის საბჭოს საქმიანობის მთავარი მიმართულება იმთავითვე ინგლისური ენის სწავლება და პოპულარიზაცია გახლდათ. ეს არის საბჭოს ძირითადი მიზანი ყველა ქვეყანაში, სადაც ის საქმიანობს. ენის სწავლების გარდა ბრიტანეთის საბჭო საქართველოში გაცვლით პროგრამებსაც ახორციელებს. ახალგაზრდებს დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში ბოლო 6 წლის მანძილზე აგზავნიან. სწავლის მოსურნეთა ასაკი, როგორც წესი, 35 წლამდეა და მათ კონკურსის საფუძველზე არჩევენ. საბჭოს საინფორმაციო სამსახურისა და განათლების პროექტების ხელმძღვანელი, ნატა მაჩალაძე ჩამოთვლის რადმენიმე დარგს, რის შესასწავლადაც საქართველოს მოქალაქეები ბრიტანეთში მიემგზავრებიან.

[მაჩალაძის ხმა] "ეს შეიძლება იყოს მედია, ბიზნესი, სამართალმცოდნეობა, სხვადასხვა მენეჯმენტი, მაგალითად განათლების, იგივე მედია-მენეჯმენტი, ქალაქდაგეგმარება. ზოგჯერ თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს (ეს არ არის ყოველწლიური) საერთაშორისო ურთიერთობებისა და თავდაცვის კურსის გავლას არასამხედრო პირებისათვის. არის ხოლმე სტიპენდია ტელეკომუნიკაციების სფეროში - ტელეფონები, ინტერნეტი, ოპტიკურ-ბოჭკოების შესწავლა".

ამ პროგრამით, "ჩივენინგით" სასწავლებლად წასული პირები სწავლის გასრულებისთანავე არ არიან ვალდებულნი, დაბრუნდნენ სამშობლოში. დაბრუნების შემდეგ, როგორც წესი, სამსახურის პრობლემა არ აქვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაოთი ყველა კმაყოფილია.

[მაჩალაძის ხმა] "შეუძლია ცოტა ხანი ბრიტანეთშიც იმუშაოს და მიიღოს რაღაც გამოცდილება. ამას არ ეწინააღმდეგებიან - მიიღო გამოცდილება და ისე დაბრუნდეს თავის ქვეყანაში".

ბრიტანეთის საბჭო საქართველოში თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო და სასწავლო ორგანიზაციასთან. საბჭოს განვითარების პროექტების მენეჯერი კოტე ვარძელაშვილი ასეთი წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთ ბოლო ნიმუშად ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ერთობლივ პროექტს ასახელებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 50-მდე სტუდენტმა გაიარა ადმაინის უფლებათა სამართლის ინტენსიური კურსი.

ბრიტანეთის საბჭო თბილისში თანამშრომლობს სამართლებრივი განათლების ასოციაციასთან. ამ თანამშრომლობის შედეგი გახდა რეკომენდაციათა წყება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისათვის. კოტე ვარძელაშვილი ამბობს, რომ რეკომენდაციათა მნიშვნელოვანი ნაწილი თანდათან იქცევა კანონის ნორმად, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა უკეთ დაცვას საქართველოში.

საერთოდ, სამართლებრივი რეფორმის მიმართ ბრიტანეთის საბჭოს ინტერესი განსაკუთრებულია. კოტე ვარძელაშვილის თქმით, საბჭო ამ მიმართულებით აქტიურობას განაგრძობს.

[ვარძელაშვილის ხმა] "ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ვიწყებთ, არის პროკურატურის რეფორმის ხელშეწყობა. ეს იქნება სტრუქტურული რეფორმა, პროკურატურის კომპიუტერიზაცია, საერთოდ, ტექნიკური აღჭურვილობის მაქსიმალური გაუმჯობესება, რათქმა უნდა ტრენინგები პროკურორებისთვის... თქვენთვის ცნობილია, რომ მიდის ლაპარაკი გარიგებითი სამართლის შესახებ გამოძიების მსვლელობისას. პროექტი ითვალისწინებს, როგორ შეიძლება ასეთი მექანიზმების გამოყენება კორუფციასთან ან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისას და ა.შ.".

გარდა ამისა, პროკურორებს ტრენინგს ჩაუტარებენ ადამაინის უფლებებში და კიდევ იმ სფეროებში, რომელთაც თვითონ პროკურატურა მოითხოვს.

ბრიტანეთის საბჭოს პრიორიტეტს, განვითარების პროექტების მენეჯერის თქმით, წარმოადგენს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობაც. პირველი პროექტი ამ განხრით საბჭომ 2 ნოემბრის არჩევნების წინ განახორციელა - მან ხელი შეუწყო ეგზით პოლის ჩატარებასა და ხმების პარალელურ დათვლას. იგივე გააკეთა 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

[ვარძელაშვილის ხმა] "ახლა, 28 მარტს ეგზით პოლი მესამედ ჩატარდება ჩვენი და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით. ჩვენ ჩამოვიყვანეთ ექსპერტი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც მუშაობდა "ბი-ბი-სი"-სთან სწორედ ეგზით პოლების მონიტორინგზე. ეს პიროვნება ჩაუტარებს მონიტორინგს იმავე პროცესს საპარლამენტო არჩევნებზე და უზრუნველყოფს სწორი მეთოდოლიგიის გამოყენებას ანუ, თუ საფუძველი ექნება, დაადასტურებს, რომ ეგზით პოლის დროს გამოყენებული მეთოდოლიგია შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს".

ამ განხრით ბრიტანეთის საბჭოს კეთილსინდისიერ საქმიანობაში საქართველოს მოქალაქეები, იმედია, საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც დარწმუნდებიან.

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


გია დანელიას სტუმრობა თბილისში

ბიძინა რამიშვილი:
ამ კვირაში თბილისს გია დანელია სტუმრობდა. ფილმების " მიმინო", "არ დაიდარდო", " პასპორტი", " შემოდგომის მარათონის" და სხვა არაჩვეულებრივი ფილლების ავტორი, როგორც იცით, თბილისში დაიბადა და ახალგაზრდობის წლებიც თბილისში გაატარა. ამჯერად საქართველოს დედაქალაქში კერძო ვიზიტით ორი დღით ჩამოსული რეჟისორი დროის უდიდეს ნაწილს მეგობრებთან ატარებდა, თუმცა თამარ ჩიქოვანმა მასთან შეხვედრა ცოტა ხნით მაინც მოახერხა.

[გია დანელიას ხმა] "ჩემთვის ყველაზე მშობლიური ადგილი ამ ქვეყანაზე თბილისია. ეს მათთან ურთიერთობის ბედნიერებაა, ვინც დარჩა და მათი მონატრება, ვინც აღარ არის. ასეთნი, სამწუხაროდ, ბევრნი არიან, რადგან ასაკოვანი ვარ და ჩემმა მეგობრებმა დატოვეს არა მხოლოდ თბილისი, წუთისოფელიც."
თამარ ჩიქოვანი:
ეს გია დანელია გახლდათ. ადამიანი, რომელსაც თბილისში უამრავი მეგობარი და ახლობელი ჰყავს. კიდევ უფრო მეტი კი - თაყვანისმცემელი. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ბოლო წლების მანძილზე ახალი თაობის გემოვნება ძალიან შეიცვალა, ახალგაზრდები ისეთივე სიამოვნებით უყურებენ ფილმებს "მიმინოს", "პასპორტს", არ დაიდარდოს" " ქინ-ძაძას" , როგორც მამების და ბაბუების თაობა. მეტიც - ამ ფილმებიდან რეპლიკებმა ცხოვრებაში გადმონაცვლა და თავისებურ ფრთიან ფრაზებადაც კი იქცა.
ჩემს ნაცნობ-მეგობრებში ჩატარებული მცირე გამოკითხვით, ყველაზე პოპულატური ფრაზები გია დანელიას ფილმებიდან მაინც მიმიმოზე მოდის. ფრაზა ჩემპიონი კი ეს აღმოჩნდა:
[ნაწყვეტი კინოფილმიდან "მიმინო"]
თავად რეჟისორი კითხვაზე, როგორ მიაგნეს მან და სცენატისტმა რეზო გაბრიაძემ ამ ფრაზას, რომელიც წლების მანძილზე პოპულატობას არ კარგავს, მპასუხობს, რომ ყველაფერი სრულიად შემთხვევით მოხდა:
[ გიორგი დანელიას ხმა]"იცით, როცა ვწერდით მიმინოს ეტქსტს, ჯერ ქართულ ენაზე ვცდიდით, შემდეგ ქართულიდან რუსულად ვთარგმნიდით. მეტყველებისას ქართული "მელოდია" რომ შენარჩუნებულიყო. ასე რომ, სიტყვა სიტყვით ვთარგმნეთ "ლარისა ივანოვნა მინდოდა". ვერაფრით წარმოვიდგენდით, ასეთი წარმატება თუ ექნებოდა...ალბათ, იმიტომ, რომ ყველას დღემდე უნდა ლარისა ივანოვნა."
შეუდარებელი მიმინოს, იგივე ვალიკოს, ჰოლანდიურ ქათმებს რომ ტვირთავდა, იგივე ვახტანგ ანუ ბუბა კიკაბიძის თქმით, ფრაზა ლარისა ივანოვნას შესახებ პოპულატულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, რაც მას სრულიად ბუნებრივად ეჩვენება, რადგან თუ მამაკაცს სიარული და სუნთქვა შეუძლია, ლარისა ივანეს ასულიც უნდა უნდოდეს თურმე. ეს ხუმრობით. რაც შეეხება გია დანელიასთან მრავალწლოვან მეგობრობას - კითხვაზე, რამდენად განსხვავდება გია დანელია ცხოვრებაში გია დანელიასგან გადასაღებ მოედანზე, ბუბა კიკაბიძე ამბობს:
[ბუბა კიკაბიძის ხმა] "ცხოვრებაში უფრო მძიმეა, ვიდრე გადასაღებ მოედანზე. შესანიშნავი რეჟისორია...ოთარ იოსელიანი ჩემი ახლობელია - ოთარი რომ ფილმს აკეთებს, ეს არის ოთარის კინო. თვითონ გეუბნება, როგორ უნდა ითამაშო და არაფერს შეგიცვლის. გიას აქვს თვისება - იმპროვიზაციის საშუალებას აძლევს მსახიობებს, მაგრამ გიამ იცის მსახიობების არჩევა. ამიტომ, თუ მასთან მსახიობი არის - ბოლომდე ენდობა. ოთხ სურათზე ვარ გიასთან ნამუშევარი - წესია ასეთი კინემატოგრაფიაში, რომ გადაღებაზე რომ მიდიხარ, იმ დღის როლი ზეპირად უნდა იცოდე. მე გიასთან ტექსტი წინასწარ არასოდეს მისწავლია, რადგან ვიცოდი - რამე თუ არ მომწონდა, გადავწერდით. დილა იწყებოდა იმით, რომ ტექსტს ავთანხმებდით და მერე ვიწყებდით გადაღებას."
სხვათაშორის, ამ ერთი წლის წინ გია დანელიამ წიგნი დაწერა, რომელიც საქართველოში, სამწუხაროდ, ეჭვი მაქვს, ბევრს არ წაუკითხავს, რადგან აქ არ გაყიდულა. ამ სამიოდე წლის წინ ახალი ფილმიც გადაიღო, რომელშიც ისევ და ისევ ბუბა კიკაბიძე თანაშობს და რომელიც ქართველ მაყურებელს არ უნახავს, რადგან ფილმის ჩვენებისთვის ქართულ მხარეს ფული უნდა გადაეხადა. ასეთი ფუფუნების უფლება კი, ქართულ კინოგაქირავებას არა აქვს. მოკლედ, დრო შეიცვალა, თუმცა, უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ - ღმერთმა უწყის. ბუბა კიკაბიძე ერთში კი დარწმუნებულია - დღეს გია დანელია რომ დამწყები რეჟისორი იყოს, იმ ფილმებს არ გადაიღებდა, ასე რომ გვიყვარს:
[ბუბა კიმაბიძის ხმა] " ალბათ, ვერა, იმიტომ, რომ დღეს სხვა მენტალიტეტია. ახალგაზრდებიც და ხანშიშესულებიც იმიტომ სცემენ პატივს მის ხელოვნებას, რომ ეს ხელოვნება იმ დროში ემსახურებოდა სიკეთეს და დღეს სიკეთე უკვე წითელ წიგნშია შეტანილი...დღეს, ვთქვათ, "არ დაიდარდოს" გადაღება ძალიან ძნელია. "მიმინოსიც", ალბათ...გუშინ ვლაპარაკობდით მე და გია. ვკითხე, რამეს ხომ არ აპირებ გადაიღო-თქო. აღარ გადავიღებ, შეიძლება ერთი მულტიპლიკაცია გავაკეთოო. ის, რაც მე მიყვარს, ვეღარ გადავიღებო და იმას, რაც აინტერესებთ - მე არ მაინტერესებსო...."

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.

ბიომეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" ბოლოდროინდელი მუშაობა

ბიძინა რამიშვილი:
შარშან შემოდგომაზე ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანამ" ორი გამოფენა-ბაზრობა მოაწყო თბილისში. აქ წარმოდგენილი იყო ასოციაციაში გაერთიანებულ ფერმერთა პროდუქცია.
წლეულს, თებერვლის მიწურულს კი "ელკანამ" პირველად გაიტანა ქართული პროდუქცია საზღვარგარეთ: გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში გაიმართა ბიოლოგიური პროდუქციის ტრადიციული და მსოფლიოში უდიდესი გამოფენა "ბიოფახი", რომელშიც ამ სფეროში მომუშავე წამყვანი კომპანიები, ფირმები და ასოციაციები მონაწილეობენ.
ასოციაცია "ელკანას" ბოლოდროინდელ მუშაობაზე გიორგი კაკაბაძე გიამბობთ.

გიორგი კაკაბაძე:
თბილისში გამართულმა გამოფენა-ბაზრობებმა წარმატებით ჩაიარა. ფერმერებმა მთლიანად გაყიდეს ჩამოტანილი პროდუქცია, მათ შორის, ხილი ბოსტნეული, ყველი, ხორცი, ღვინო, თაფლი და სხვა. სულ წარმოდგენილი იყო 15 დასახელების საკვები პროდუქტი. ასოციაცია "ელკანას"
პროგრამისტ-მენეჯერი თამაზ დუნდუა აღნიშნავს:

[დუნდუას ხმა] "ბაზრობა ორი დღის განმავლობაში ტარდებოდა და პირველ დღეს ისე კარგად გაიყიდა პროდუქცია, რომ მეორე დღისთვის ფერმერები იძულებულნი გახდნენ, შინ დაბრუნებულიყვნენ და დამატებით ჩამოეტნათ პროდუქცია".

რაც შეეხება პროდუქტების ფასებს. მაგალითად, ერთი კგ ხორცი 5-6 ლარი ღირდა, 1 ლიტრი ღვინო 2-დან 7-ლარამდე, 1 კგ თაფლი 7-დან 12-ლარამდე.
უნდა ითქვას, რომ "ელკანაში" გაერთიანებული 300-მდე ფერმერი ჯერჯერობით მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებს.

ბიოპროდუქციის გამოშვებაში ჩაბმული მთელი რიგი ქვეყნები საკვებ პროდუქტებთან ერთად ბაზარს აწვდიან სარეცხ საშუალებებს, კოსმეტიკას, ტანსაცმელს და სხვა. ბუნებრივია, რომ ეს მრავალფეროვნება კარგად გამოჩნდა ნიურნბერგში, სადაც განვითარებულ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობდნენ აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნები. ასოციაცია "ელკანას" პროდუქციის გატანით, საქართველო პირველად წარდგა "ბიოფახის" მსოფლიო გამოფენა-გაყიდვაზე. სპეციალისტებისა და დამთვალიერებლების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სამივე სახის ქართულმა ღვინომ, - ესენია "საფერავი", "რქაწითელი" და "ჩინური", - და თაფლის ნაირსახეობებმა. გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო მაღალმთიანი ზონების სუნელები, თხილი, ჩირი და წიწაკა. უკვე გაჩნდა მოთხოვნა თაფლზე, თამაზ დუნდუას თქმით,

[დუნდუას ხმა] "თუკი შევძლებთ მოვაგროვოთ თაფლის ის რაოდენობა, რაც შეგვიკვეთეს - 5-დან 10 ტონამდე, -წელსვე შეიძლება მივაწოდოთ ის
ერთ-ერთ გერმანულ ორგანიზაციას, რომელიც განსაკუთრებით დაინტერესდა წაბლისა და ცაცხვის თაფლით".

რაც შეეხება ღვინოსა და ზოგიერთ სხვა პროდუქტს:

[დუნდუას ხმა] "თუ ქართული ღვინოები ხარისხიანი იქნება, მათ ნამდვილად გამოუჩნდება მომხმარებელი ევროპის ბაზარზე. რაც შეეხება სუნელებს, მათი ბაზარი დღითიდღე იზრდება. თუმცა, ბაზრის გაჯერებულობის მიუხედავად, ევროპაში,მაგალითად. საერთოდ არ იცობენ უცხო სუნელს. ეს არის ისპროდუქცია, რომელიც ევროპისთვის ახალი იქნება".

ასევე, დიდი ინტერესი გამოვლინდა თხილეულის მიმართ. აქვე სათქმელია, რომ ამ პროდუქტს, ძირითადად, ნედლეულის სახით, უკვე იყენებენ ევროპაში,.

ასოციაცია "ელკანას" მიერ წარმოდგენილი ნაწარმი სავსებით აკმაყოფილებს კონკურენტუნარიანობის მოთხოვნებს. მაგრამ, ჩემი თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ სერტიფიცირების სისტემის არქონა საქართველოსა და მთელ რეგიონშიც, ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს თუნდაც რამდენიმე დასახელების პროდუქტის საზღვაგარეთ გატანისთვის.

ეჭვგარეშეა, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას, განვითარებასა და რეალიზაციას ხელს შეუწყობს კანონპროექტი "ბიოლოგიური სოფლის მეურნეობისა და სერტიფიცირების შესახებ", რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

ამჟამად "ელკანაში" მეტად ინტენსიურად მუშაობენ რამდენიმე მცირე გადასამუშავებელი საწარმოს შექმნაზე. ამასთან ერთად, ასოციაცია ცდილობს, რომ გაზარდოს ბიოპრუდუქციის მწარმოებელ ფერმერთა რიცხვი. მუშაობენ იმაზე, რომ დროულად მოხდეს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება სეტიფიცირების სქემის მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს ამა თუ იმ პროდუქციის უცხოეთის ბაზარზე გატანას და ამასთან ერთად აყალიბებენ შიდა სერტიფიცირების სისტემას.

ხომ არ არის მოსალოდნელი "ელკანას" პროდუქციის გამრაველფეროვნება? თამაზ დუნდუას თქმით, გარე ბაზრისთვის ეს საკითხი ჯერ არ დგას - დასაწყსისთვის ისიც იქნება საკმარისი, თუ ორიოდე პროდუქტს გაიტანენ საზღვარგარეთ.

[დუნდუას ხმა] "ხოლო შიდა ბაზრისთვის ვითარება იმდენადაა მომწიფებული, რომ ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ პროდუქციის გამრავალფეროვნებაზე და იმაზეც, რომ გავხსნათ ბიომაღაზია".

როგორც ჩანს, ეს სიახლე განპირობებულია იმით, რომ თუ ადრე ფერმერები მხოლოდ საკუთარი ოჯახების გამოკვებაზე ფიქრობდნენ, დღესდღეობით უკვე მოგებაზე არიან ორიენტირებულები.

გიორგი კაკაბაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.

დოპინგი - თანამედროვე სპორტის ყველაზე სახიფათო მტერი

ბიძინა რამიშვილი:
2780 წლის წინათ საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში პირველად გაიმართა სპორტული ასპარეზობა, რომელიც დღევანდელი ოლიმპიური თამაშების - თანამედროვე სპორტული სამყაროს უმნიშვნელოვანესი მოვლენის - წინამორბედად იქცა. ანტიკური ტრადიციის შესაბამისად, ხუთშაბათს ოლიმპიაში, მზის სხივით, საზეიმოდ აანთეს ოლიმპიური ჩირაღდანი, რომელიც, ვიდრე წლევანდელი ოლიმპიადის დედაქალაქში, ათენში ჩავიდოდეს, დედამიწის ხუთივე კონტინენტს მოივლის. მაგრამ დღეს არც ოლიმპიური ჩირაღდნის მარშრუტზე საუბარს ვაპირებთ, და არც მომავალ ოლიმპიურ ბატალიებზე მსჯელობას. თუმცა პრობლემა, რომლის შესახებაც დავით კაკაბაძე გესაუბრებათ, უშუალოდ უკავშირდება ოლიმპიურ თამაშებს, და, საერთოდ, სპორტს.

დავით კაკაბაძე:
საუბარია დოპინგზე, ანუ სამედიცინო პრეპარატებზე, რომელთა მიზანი ათლეტის შედეგის გაუმჯობესებაა. ცნობილია, რომ დოპინგს - ცხადია, მას მაშინ ასე არ ერქვა - სხვადასხვა სახის გამამხნევებელი ხსნარების სახით ჯერ კიდევ ანტიკური ოლიმპიადების მონაწილეები მიმართავდნენ. მე-19 საუკუნეში ზოგიერთი სპორტსმენი ამავე მიზნით იყენებდა სტრიქნინს, კოფეინს, კოკაინს და, ასე გასინჯეთ, ალკოჰოლსაც კი.

მაგრამ ეს მაინც ცალკეული შემთხვევებია. დოპინგის ფართო გავრცელება მეოცე საუკუნის 50-იან წლებზე მოდის, როცა ფარმაკოლოგიაში გამოჩნდა სინთეტიკური ჰორმონები, რომელთაც სხვაგვარად ანაბოლურ სტეროიდებს უწოდებენ. იმ დროიდან მოყოლებული სტეროიდების გამოყენების მასშტაბი განუხრელად იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ 70-იანი წლებიდან სულ უფრო ფართო გავრცელება ჰპოვა ეგრეთ წოდებულმა "დოპინგ-კონტროლებმა".

დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებული პირველი სკანდალური შემთხვევა 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე აღირიცხა, როცა ჩემპიონის ოქროს მედალი ჩამოართვეს კანადელ სპრინტერს ბენ ჯონსონს.

ათი წლის შემდეგ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია აკრძალული პრეპარატებით სავსე ყუთის აღმოჩენამ ველომრბოლელთა უდიდესი საერთაშორისო შეჯიბრების, "ტურ დე ფრანსის" დროს. სწორედ ამ ინციდენტს მოჰყვა მსოფლიოს ანტისადოპინგო უწყების, ინგლისური აბრევიატურით WADA-ს ჩამოყალიბება, რომელსაც მონრეალში უდევს ბინა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით მოქმედი ამ უწყების პრეზიდენტია რიჩარდ პაუნდი, რომლის თქმით, დოპინგი თანამედროვე სპორტის ყველაზე სახიფათო მტერია. რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში პაუნდი დასძენს, რომ ახალი, ე.წ. "ფარული სტეროიდების" სულ უფრო ფართო გამოყენება საფრთხეს უქმნის არა მარტო სპორტსმენების ჯანმრთელობას, არამედ თვით სპორტის არსსა და ბუნებას.

[რიჩარდ პაუნდის ხმა] "ის, რაც ბოლო წლებში ხდება, ასობით და ათასობით წლის წინანდელი ამბებისგან იმით განსხვავდება, რომ დღეს მეცნიერების მიღწევები ხმარდება ისეთი პრეპარატების შექმნას, რომელთაც არავითარი სამკურნალო დანიშნულება არ გააჩნია. მათი ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ შედეგის გაუმჯობესებაა, რაც ეწინააღმდეგება როგორც სპორტის წესებს, ისე მის სულისკვეთებას. ბოლო ხანს სპორტის სამყარო ცდილობს, პრობლემა მოაგვაროს და არ დაუშვას ამ მეტად სახიფათო საშუალებების გამოყენება."

შარშან, ივნისში, აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტომ ანონიმური ამანათით მიიღო "ფარული სტეროიდის" - ტეტრაჰიდრაგესტრინონის ნიმუში; და მხოლოდ ამ პრეპარატის ლაბორატორიული ანალიზის შემდეგ გახდა შესაძლებელი, შეემუშავებინათ საკონტროლო ტესტი ახალი თაობის სტეროიდებისთვის. გასულ თვეში სწორედ ამ ტესტის საფუძველზე მიეცა ორწლიანი დისკვალიფიკაცია 100 მეტრზე რბენაში ევროპის ჩემპიონს, ბრიტანელ დუეინ ჩემბერსს.

მძლეოსნობა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, იმ სახეობათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც დოპინგის გამოყენების შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია. თუმცა, ასეთ სახეობებს შორის არის, აგრეთვე, ძალოსნობა, სათხილამურო რბოლა, ცურვა და სხვა. მაგრამ არ გეგონოთ, დოპინგს სპორტული თამაშების მიმდევრები არ მიმართავდნენ. ფეხბურთელთა შორის ბოლო ხანს გახშირებული სასიკვდილო შემთხვევები სპეციალისტებს აფიქრებინებს, რომ "სპორტის მეფედ" აღიარებულ სახეობაში, უბრალოდ, არასაკმარისად მკაცრად ტარდება სადოპინგო კონტროლები. მართალია, კამერუნის ნაკრების წევრის, მარკ-ვივიენ ფოესა და უნგრელი მიკლოშ ფეჰერის სიკვდილიც, და 1999-სა და 2000 წელს გარდაცვლილი ორი რუმინელი ფეხბურთელის დაღუპვაც გულის შეტევამ გამოიწვია, მაგრამ ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს სპორტსმენები სტეროიდების გამოყენებას ემსხვერპლნენ.

როგორც კიოლნის სადოპინგო კონტროლის ლაბორატორიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჰანს გაიერმა აგვიხსნა, ანაბოლური სტეროიდების გამოყენება უამრავ თანმხლებ მოვლენას იწვევს.

[ჰანს გაიერის ხმა] "ავიღოთ თუნდაც ვირილიზაციის ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალ სპორტსმენებს უბოხდებათ ხმა, ეზრდებათ წვერი; ან ზრდის პროცესის შეფერხება ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის, ესეც უაღრესად მძიმე თანმხლები მოვლენაა. სხვა მძიმე თანმხლები მოვლენები ფსიქიკური ხასიათის შეიძლება იყოს: სტეროიდების მიღებას აგრესიულობის ზრდა მოჰყვება. კიდევ ერთი თანმხლები მოვლენა გახლავთ გულის კუნთის ზრდა იმ კაპილარული სისტემის გაუზრდელად, რომელიც გულის კუნთს ჟანგბადით ამარაგებს. ეს ხშირად გულის შეტევას ან არტერიოსკლეროზს იწვევს."

ათენის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 140 დღე რჩება. საერთაშორისო სპორტის მესვეურები იმედოვნებენ, რომ წლევანდელი ოლიმპიადა დოპინგთან დაკავშირებული ახალი სკანდალების გარეშე ჩაივლის.


კომუნიზმის მუზეუმი პრაღაში 2004-03-26 "მეათე სტუდია"

წამყვანი:
გადაცემის ბოლოს პრაღის ერთ მუზეუმში გეპატიჟებით. მუზეუმი ბევრნაირი არსებობს - არქეოლოგიის, ბოტანიკის, ხელოვნების, ქალაქის, ტექნიკური, ცნობილი პიროვნებების სახლ-მუზეუმები... ყველას ვინ ჩამოთვლის... ჩვენ კი გიამბობთ მუზეუმზე, რომელიც ერთ ცნობილ ისტორიულ პერიოდს ეძღვნება - მარიამ ჭიაურელი "კომუნიზმის მუზეუმში" მივიდა.

მარიამი:
კომუნიზმის მუზეუმი პრაღაში საკმაოდ ძნელი მისაგნებია: ცენტრში კი მდებარეობს, მაგრამ მის გარშემო იმდენი მაღაზია, კაფე, თუ რესტორანია თავმოყრილი, რომ შესასვლელს ადვილად ვერ იპოვი. ბედის ირონიით, საორიენტაციოდ მაკდონალდსის რესტორანი და კაზინო გეხმარება - სწორედ იმ სისტემის ატრიბუტები, რომელთანც კომუნისტურ რეჟიმს დაუნდობელი ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული...

მთავარი ექსპოზიცია კომუნიზმის მუზეუმში სამ ნაწილად არის დაყოფილი: ოცნება, რეალობა და კოშმარი. მაგრამ მანამდე მომცრო დერეფანი უნდა გაიარო და იქ მუზეუმის ერთ-ერთ დამაარსებელთან და მფელობელთან, იანა კაპელეროვასთან ერთად ვდგავარ: [კაპელეროვას ხმა] "ეს არის დასაწყისი - ექსპოზიცია იწყება ჩეხეთის რესპუბლიკის დაარსებით, რათა დამთვალიერებლებმა, რომლებმაც ბევრი არაფერი იციან ჩეხეთის რესპუბლიკაზე, შეიტყონ, როგორ და რატომ შემოვიდა კომუნიზმი ჩეხეთში". ჩემს შეკითხვას, მაინც, რატომ და როგორ მოხდა ეს იანა კეპლეროვამ არ უპასუხა: "მგონია, აჯობებს, დაინტერესებულები მოვიდნენ, და ექსპოზიცია თვითონ ნახონო".

ამ რჩევით ჩვენი მსმენელების უმეტესობას, ალბათ, გაუჭირდება, ისარგებლოს, მაგრამ კომუნისტური რეჟიმის წინაისტორიაზე საუბარი, მართლაც, ძალიან შორს წაგვიყვანდა. ამიტომ შემოვიფარგლები ინფორმაციით, რომ ეს რეჟიმი ჩეხებისა და სლოვაკების დამოუკიდებელ სახელმწიფოში 1948 წელს დამყარდა და მას სათავეში ჩაუდგა კლემენტ გოტვალდი - თავგამოდებული სტალინისტი.

მუზეუმში გოტვალდის არაერთ გამოსახულებს იხილავთ, სტალინის გამოსახულებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიზმის მუზეუმი პრაღაში კომუნიზმის მხოლოდ ჩეხურ გამოვლინებას ეთმობა, სტალინს გვერდს, რასაკვირველია ვერ აუვლიდნენ, როგორც "ყველა ერის მამას". იგივე ითქმის ლენინზეც:"მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი", რასაკვირველია, ჩეხი პროლეტარების ბელადიც იყო...

ამიტომ მუზეუმის განყოფილებაში, რომელსაც ოცნება ეწოდება, კარგად ნაცნობი სახეები დავინახე - პირველ რიგში ლენინის გამოსახულება: უზარმაზარი სკულპტურა. მას გვერდს "უმშვენებენ" მარქსი და სტალინი.

[კაპელეროვას ხმა] "ეს არის ოცნებების განყოფილება - თავისი ტექნიკური მიღწევებით, კოსმოსური ფრენის თემით, სკოლით... აი, მხატვრის ატელიეც". ჩემს შეკითხვაზე, ვის და როდის გაუჩნდა კომუნიზმის მუზეუმის შექმნის იდეა, იანა კაპელეროვამ გაიხსენა ვინმე გლენ ემორი -კანადელი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, პრაღაში ცხოვრობს და ერთხელ, ამხანაგებთან ერთად ლუდის სმისას მოსვლია ეს აზრი... მაგრამ მისი იდეის განხორციელება სხვებმა ითავეს: ჩემმა თანამოსაუბრემ, ანუ იანა კაპელეროვამ და ამერიკელმა გლენ სპაიკერმა, რომელიც ამ დღეებში პრაღაში არ არის.

მუზეუმი 2001 წლის 26 დეკემბერს გაიხსნა და უცხოელების ხელი არა მარტო მის დაარსებაში ურევია - დამთვალიერებლების უმეტესობაც უცხოელია. [კაპელეროვას ხმა] "საკმაოდ ბევრი ჩეხი ახალგაზრდა მოდის, რაც ძალიან მიხარია. მათთვის სპეციალური პროგრამები გვაქვს შემუშავებული. მაგრამ ძირითადად უცხოელები მოდიან. ვფიქრობ, ჩეხებს ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ ის, რაც კომუნიზმის დროს ხდებოდა - დავუშვათ, 50 წლის კაცს ამის შეხსენება არ სჭირდება, ეყო რაც გამოიარა. ასე, რომ უმეტესწილად უცხოელები მოდიან... რაც შეეხება რეაქციას - უმეტესწილად, ძალიან პოზიტიურია. ჩვენი მუზეუმის უებსაიტზე საგანგებო განყოფილება დავუთმეთ შთაბეჭდილებების წიგნს, აქ კი მუზეუმში უკვე მეოთხე თუ მეხუთე ასეთი წიგნი გვაქვს და რეაქცია - მე ვიტყოდი, 95 პროცენტი - ძალიან პოზიტიურია."
ვიდრე კომუნისტური ოცნებიდან კომუნისტურ რეალობაზე გადავიდოდეთ, მუზეუმის უებსაიტზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილს წაგიკითხავთ. მისი ავტორია ვინმე უილ სარისი: "მაგარი მუზეუმია. არ ვიცოდი, რომ ჩეხებმა ამდენი გადაიტანეს. კარგ საქმე აკეთებთ და ასევე გააგრძელეთ".

ახლა კი რეალობის დროა. [კაპელეროვას ხმა] "რეალობა ამ მაღაზიით იწყება. როგორც ხედავთ, დახლები დაცარიელებულია, სულ რამდენიმე დასახელების პროდუქტები აწყვია. ამ მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს კი მაღაზია "ტუზექსი" გახლავთ, გაცილებით უკეთესი და მრავალფეროვანი პროდუქტებით, რომელთა შესაძენად საგანგებო ტალონები უნდა გეშოვა. უცხოელ დამთვალიერებლებისათვის ყოვლად წარმოუდგენელია, რომ ორნაირი მაღაზია არსებობდა!"

ორნაირიც და სამნაირიც - თუნდაც თბილისში: ჩვეულებრივი მაღაზიები, ე.წ. "სერტიფიკატების მაღაზიები" და "ციცინათელა".

მაგრამ პრაღას დავუბრუნდეთ, რომლის კომუნისტურ მუზეუმში რეალობიდან კოშმარამდე ერთი ნაბიჯია: კოშმარია შლაგბაუმი, მესაზღვრეები, უშიშროების სამსახურის მუშაკები; კოშმარია ყველაზე უსიამოვნო ადგილი მუზეუმში - ნაცრისფერკედლებიანი ოთახი დიდი საწერი მაგიდით, რომელზეც ძერჟინსკის ბიუსტი დგას (ასეთ ოთახებში უწყობდნენ დაკითხვას რეჟიმის მოწინააღმდეგეებს); კოშმარია კადრები, რომელთაც მუზეუმის კინოდარბაზში აჩვენებენ - 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში მოძმე სოციალისტური ქვეყნების ჯარების შეჭრა, პრაღის გაზაფხულის ჩახშობა, გამოსვლები, რომლებიც 1969 წლის იანვარში იან პალახის ლეგენდარულ პროტესტს - თავის დაწვას მოჰყვა, მშვიდობიანი დემონსტრანტების, ქალების, მოზარდების უმოწყალო ცემა...

კინოდარბაზიდან სიამოვნებით გამოვედი და დამთვალიერებლებს გამოველაპარაკე - მათ შორის იყო ხანდაზმული წყვილი, როგორც გაირკვა, ინგლისიდან. რას ფიქრობენ ისინი მუზეუმზე? [იხ. აუდიოვერსია]

ჩემი შემდეგი თანამოსაუბრეც ინგლისელი აღმოჩნდა...
[იხ. აუდიოვერსია]

ცოტა მეტი მეც შევიტყვე -არ მეგონა, რომ კომუნიზმის მუზეუმი ასეთ მძიმე შთაბეჭდილებას მოახდენდა...

ასე, რომ შენობიდან სიამოვნებით გამოვედი და კომუნიზმი იქ მოვიტოვე, სადაც მისი ადგილია - მუზეუმში!

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG