Accessibility links

logo-print

საარჩევნო სამზადისი საქართველოს კონფლიქტური რეგიონების მცხოვრებთათვის


28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის 2841 საარჩევნო უბანი იმუშავებს. ამ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ამომრჩეველს საარჩევნო უბანში მისვლა შეეძლება ყველგან, აფხაზეთის გარდა.

აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ კოდორის ხეობას, რომლის მოსახლეობის ნაწილიც ხეობიდან გამოსულია და, ტრანსპორტირების მხრივ შექმნილი პრობლემების გამო, უჭირს ხეობაში დაბრუნება; არადა, არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ იქ, ადგილზე, შეუძლია. გალის რაიონის ქართველობას სასურველი პოლიტიკური ძალისთვის ხმის მიცემა, ტრადიციულად, ენგურს აქეთ, ზუგდიდის რაიონში, მოუწევს. ლიახვის ხეობის მოსახლეობას კი 28 მარტის არჩევნებში მონაწილეობა ადგილზე, ქართულ სოფლებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, შეუძლიათ. როგორია საარჩევნო სამზადისი საქართველოს კონფლიქტური რეგიონების მცხოვრებთათვის, რა პირობები შეუქმნეს მათ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის?

დავიწყოთ კოდორის ხეობით, რომლის მოსახლეობაც მუდმივი საშიშროების პირობებში ცხოვრობს, რომელიც აფხაზეთის ის ერთადერთი ნაწილია, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცლდება და სადაც დაახლოებით 1500 ამომრჩეველს ითვლიან. საავტომობილო გზა, რომელიც ამ ხეობის მოსახლეობას დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს, ისევ ჩაკეტილია. იქაურებისთვის ტრანსპორტირების ერთადერთ საშუალებად ამ პერიოდშიც ვერტმფრენი რჩება. 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი კოდორისკენ და პირუკუ მხოლოდ 5 საჰაერო რეისი შესრულდა. ხეობის მოსახლეობის ნაწილი იქიდან გამოსულია და 28 მარტის არჩევნებისთვის უკან დასაბრუნებლად ვერტმფრენით მომსახურებას ითხოვს - ამასთან დაკავშირებით ქუთაისში კოდორელების საპროტესტო აქციაც კი მოეწყო. ვერტმფრენით მომსახურება საჭიროა ხეობაში საარჩევნო ბიულეტენების ჩასატანადაც.

[ნორა კვიციანის ხმა] "ბიულეტენები უნდა შეეტანათ გუშინ ერთი ვერტმფრენით, მაგრამ არ ავიღეთ. რატომ უნდა შეგვეტანა, როცა არც ერთი პარტიის წარმომადგენელმა არ იკადრა ჩვენთან შეხვედრა. მაგათ ხომ უნდა ემუშავათ ვერტმფრენზეც, საწვავზეც და ხალხის პრობლემებზეც. "

ეს იყო ნორა კვიციანი. ის გახლავთ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის და, იმავდროულად, სოფელ ჩხალათას საარჩევნო უბნის თავმჯდომარე. მან და სხვა კოდორელებმა პარასკევს თბილისში შეიტყვეს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კოდორის ხეობაში საჰაერო რეისების ამოქმედებისთვის საჭირო თანხა გამოყო. ამის შემდეგ ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული. თუ ამინდი იქნება, საარჩევნო ბიულეტენებს კოდორის ხეობაში 27 მარტს ჩაიტანენ და, შესაბამისად, ხეობიდან გამოსულ პირებსაც მიეცემათ იქ დაბრუნების საშუალება. ამ შემთხვევაში კოდორში არჩევნებს ჩაშლის საფრთხე არ დაემუქრება. დანარჩენი აფხაზეთიდან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება აქვთ გალელებს, ოღონდ ამისთვის ისინი ზუგდიდის რაიონში უნდა გადმოვიდნენ. როგორც გალის რაიონის პოლიციის უფროსი ჯემალ გოგოხია ამბობს:

[ჯემალ გოგოხიას ხმა] " გათვალისწინებულია ყველაფერი. ვინც გადმოვა, შეფერხება არ ექნება. ენგურის გასწვრივ არის განლაგებული მათთვის უბნები. თავისუფლად გადმოვლენ და მისცემენ ხმას.

გალის რაიონის ქართული მოსახლეობა საკმაოდ აქტიური იყო 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ასევე აქტიურები იყვნენ ლიახვის ხეობის ქართული სოფლების ამომრჩევლებიც. მათთან ერთად საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში 500-მდე ოსმაც მიიღო მონაწილეობა. ყველას ერთად ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში 28 მარტს 20 საარჩევნო უბანი მოემსახურება.

[მამუკა ნოზაძის ხმა] "ყველა მომზადებულია. გუშინ წამოვიღე ბიულეტენები და ხვალ გადავცემ. ჭიაბერაშვილიც იყო ჩამოსული. ისეთი ზონაა, რომ აქ არჩევნებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ყველაფერი კარგად და ლამაზად არის მომზადებული."

გვითხრა ლიახვის 85 -ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ მამუკა ნოზაძემ. მართლაც რამდენად კარგად არის მომზადებული 28 მარტის არჩევნები, სულ მალე გახდება ნათელი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა მატიაშ იორშმა თბილისში აღნიშნა, რომ, არჩევნების ადმინისტრირების კუთხით, სერიოზული პროგრესია.
XS
SM
MD
LG